მოსაზრებები
თემა - არჩევნები
ზურაბ ჯგუბურია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (შემდგომში - დევნილთა) წარმომადგენლობითი ორგანოს (ცენტრალური საბჭოს) არჩევნების, მისი როლისა და ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპების შესახებ
ომის შემდგომი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ არის პირდაპირი პოლიტიკური პროექტი, ქვეყნის საზოგადოების ერთიანი პოლიტიკური ნების გამოხატვის თემა - ის იყო და რჩება როგორც ქვეყნის პოლიტიკური წრეების ფართო კონსენსუსის შედეგი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და აპრობირებული მოვლენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობა უპირატესად სამართებლივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის იმავდროულად არის ამ საკითხზე საერთო - ეროვნული თანხმობის გამოვლინება და მისი პირველადობის ნებისმიერი სახით ტრანსფორმაცია (მოდერნიზაცია) მხოლოდ ქვეყნის უმთავრესმა პოლიტიკურმა ორგანომ, პარლამენტმა, შეიძლება განიხილოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის კონტრასიგნაციისა და ფართო საზოგადოებრივი „ეროვნული თანხმობის“ გამოვლენის შემდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის (საზოგადოების) წარმომადგენელთა სრულმასშტაბიანი და გაფართოებული უფლებებით მონაწილეობის უზრუნველყოფა ნამდვილად ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობის გახსნილობას და გამჭირვალობას, მეტ სტიმულს შესძენს დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობას და ასევე, უფრო მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხს მიანიჭებს ამ ორგანოების ქმედებებს და ხელს შეუწყობს მათი საჯაროობის უზრუნველყოფას. გამომდინარე ზემოთქმულიდან:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო სახელმწიფო საარჩევნო ორგანოების (საქართველოს, ცსკო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უსკო) მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით - სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის გზით, სრულიად შესაძლებლად მიგვაჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობითი ერთიანი, ცენტრალური საბჭოს (რეგიონალური საბჭოების გაერთიანება) არჩევნების ღია და პირდაპირი წესით ჩატარება:
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (11 რეგიონში) დღევანდელი მონაცემებით განსახლებულია 239 830 აფხაზეთიდან დევნილი (2018 წლის მონაცემებით);
- არჩევნები ჩატარდება ერთდროულად ყველა რეგიონში მხოლოდ პროპორციულრეგიონალური საარჩევნო სიებით, ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული საარჩევნო წესების შესაბამისად;
- დევნილი მოსახლეობის (ამომრჩევლების) განსახლების საერთო რაოდენობიდან და არსებული პროპორციებიდან გამომდინარე განისაზღვრება დევნილთა ცენტრალური საბჭოს რაოდენობა 25 (ოცდახუთი) ხმოსნის (წარმომადგენლის) რაოდენობით:
I. 1(ერთი) ხმოსანი საერთო 10000 (ათი ათას)-მდე დევნილზე. მ.შ.:
- ქ.თბილისი - მცხეთა-მთიანეთი___ 10 ხმოსანი
- ქვემო ქართლი - კახეთი___ 1 ხმოსანი
- შიდა ქართლი - სამცხე-ჯავახეთი___ 1 ხმოსანი
- სამეგრელო - ზემო-სვანეთი___ 8 ხმოსანი
- იმერეთი - რაჭა-ლეჩხუმი - ქვ.სვანეთი___ 3 ხმოსანი
- აჭარა - გურია___ 2 ხმოსანი
სულ : 25 ხმოსანი
II. აფხაზეთიდან დევნილთა არჩეული წარმომადგენლები (ხმოსნები) ერთიანდებიან ხმოსანთა ცენტრალურ საბჭოში და ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც კანდიდატურაც არსებული წესით წარედგინება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად.
III. აფხაზეთიდან დევნილთა ძირითადი განსახლების და დეოკუპაციის პროცესის პოლიტიკურად მნიშვნელოვან ცენტრებში: ქ.თბილისში (ქ.თბილისი, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიგა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონები), ქ.ქუთაისში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონები) და ქ.ზუგდიდში (სამეგრელო -ზემო სვანეთის, გურიის რეგიონები, აჭარის ა/რ) შეიქმნება დევნილ ხმოსანთა რეგიონალური საბჭოები, რომელთა პერსონალური შემადგენლობა პირდაპირი წესით (რიგითობით) დააკომპლექტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებს არჩევნებზე ხმოსნების მიერ მიღებული შედეგების პირდაპირპროპორციულად.
IV. ცენტრალურ საბჭოს ექნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
V. გათვალისწინებულ იქნას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ლეგიტიმურობა განპირობებულია აფხაზეთში 1991 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, რომლის შემდგომი დადასტურება მოხდა საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის #662, 1995 წლის 14 ივნისის #759 და 1996 წლის 25 დეკემბრის #543 დადგენილებებით.
სრულად
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზი
აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი დიდი ხანია, ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში და როგორც სახელისუფლებო წრეების, ისე ექსპერტებისა და სპეციალისტების აქტიური განხილვის საგანია. საკითხმა კვლავ შეიძინა აქტუალობა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიმართა რუსეთის სათათბიროს რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო პროექტში ჩართვის თხოვნით.
აფხაზმა „დეპუტატებმა“ რუსეთის სახელმწიფო დუმას განცხადებით მიმართეს და რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული რეგიონის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სურს, ისარგებლოს იმ შეთანხმებით, რომელსაც მიაღწიეს რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიმდინარე წლის იანვარში და რომელიც ამ სამ ქვეყანას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს. მოლაპარაკებების შედეგად მარშრუტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის, რაც სომხეთს საშუალებას მისცემს რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს (პირველად 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ). სომხეთის უმოკლესი სარკინიგზო გზა რუსეთის მიმართულებით, საქართველოზე გადის, თუმცა 200 კმ სიგრძის აფხაზეთის მონაკვეთი 1993 წლიდან უმოქმედოა.
რუსულენოვანი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმიდან მოსკოვში სპეციალური მოთხოვნა გაიგზავნა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ასტამურ ლოგუა, აცხადებს, რომ „აფხაზეთი მზად არის „თანაბარი უფლებებით მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნის პროექტში ...“.
სომხეთი დაინტერესებას არ მალავდა რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის დამყარებით. მისი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რუსეთის პრეზიდენტთან ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ ეს საკითხი მალე უნდა გადაწყვეტილიყო დადებითიად. მისი თქმით, პუტინმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ რკინიგზის საკითხის განხილვას აფხაზეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან აპირებდა [იხ. http://reporter.ge/aphkhazethis-rkinigza-sasitsotskhlo-mnishvnelobis-savatchro-kvandzia/].
აფხაზი პოლიტიკოსები რკინიგზის გახსნას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას უკავშირებენ. კერძოდ, მათი მოლოდინით მილიონობით აშშ-ის დოლარის მოგების მიღებასთან ერთად, ეს პროექტი ხელს შეუწყობს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.
საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობდა. ბევრი ექსპერტი დადებითად აფასებდა ამ პროექტს და მისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას პროგნოზირებდა. ასე მაგალითად, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ ამ რკინიგზით სარგებლოს შეეძლებოდა ყველას - რუსეთს, საქართველოს და სომხეთს. „ამით საქართველოს, როგორც სატრანსპორტო არტერიის როლი გაძლიერდება და გაიზრდება მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ტვირთები იმოძრავებს არა მარტო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
ამ საკითხისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრითაც სეპარატისტული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ინტერესებში შედის და ამ საკითხის დეოკუპაციის კონტექსტის გარეშე წამოწევა „დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული“ აქტია [იხ. https://civil.ge/ka/archives/151316].
საკითხისადმი არაერთგავროვანი, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული მიდგომა მეტყველებს მის სირთულეზე, ერთი რამ კი არის ნათელი: ის კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, პირველ რიგში კი პროექტის შესაძლო თანმდევი საფრთხეების დეტალურად შესწავლას.
ზემომითითებული მასალების გარდა, წარმოგიდგენთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებში სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალას:
https://forbes.ge/aphkhazethze-gamavali-rkini/
https://iwpr.net/ka/global-voices/apkhazetis-rkinigza-sasitsotskhlo-mnishvnelobis-savachro-kvandzia
https://pia.ge/en/news/analitaka/ras-ukadis-aphkhazetis-rkinigzis-aghdgena-sakartvelos
https://commersant.ge/ge/post/afxazetis-rkinigzis-probdilema-politikuri-kavkasiuri-carcis-wre
https://report.ge/economics/afkhazeti-kartul-mkharestan-ekonomikuri-kavshiris-damqarebas-tsdilobs/
სრულად
„აპარტეიდული“ არჩევნები თუ პრაგმატულად გათვლილი და ადეკვატურობის ნიშნით გადადგმული ნაბიჯი.
თემურ მჟავია
აღმშენებლობის პროცესში მყოფი სახელმწიფო, როგორც წესი, მრავალ წინააღმდეგობას აწყდება ხოლმე, რომელთა ნაწილი გარედან იგეგმება და მეთოდურად ხორციელდება. ამგვარ შემთხვევებს ობიექტური რეალობის სახელდებით მოიხსენიებენ ლიტერატურაში, მაგრამ არსებობენ ისეთი პრობლემებიც, რომელთა ძირითად მკვებავად ქვეყნის შიდა რესურსი მიიჩნევა და სუბიექტურ ფაქტორთა თანრიგს განეკუთვნება. ამასთან, არაიშვიათია შემთხვევები, როდესაც ორივე ფაქტორი იმდენად არის დაკავშირებული ერთურთს, იმდენადაა ერთმანეთით ნასაზრდოვები, რომ მათში სხვაობის ნიშნების ამოცნობა მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ასეთად მიმაჩნია მე-12 მოწვევის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, შორეული 1991 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და რომლის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაწყებული ვნებათაღელვა დღესაც პოულობს საკუთარ გამოძახილს. თუ კი შევეცდებით და თავს მოვუყრით იმ შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ არჩევნებთან მიმართებით კეთდებოდა ადრე და კეთდება დღესაც, მათი უმრავლესობა ნეგატიურია და მოიხსენიებს როგორც აპარტეიდულს. შესაძლებელია ამგვარ დახასიათებას გააჩნია გარკვეული საფუძველი, ვინაიდან ჩვენს მსჯელობას დაქვემდებარებული საარჩევნო კანონი უზრუნველყოფდა უმცირესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფის უმრავლესობით დამკვიდრებას რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ვფიქრობ ამგვარი განსჯა უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური, ხოლო ამ ურთულეს თემაში არსებით გარკვევას კონტექსტური ხედვა დასჭირდება უსათუოდ.
ვინაიდან განსახილველი საკითხის სამიზნე თემა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემდაგენლობა და მასში ქართველთა ხვედრითი წილია, იმთავითვე ავღნიშნავ, რომ ვიხელმძღვანელებ 1989 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერის ოფიციალური მონაცემებით, რომლის თანახმად აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა შეადგენდა 525061 ადამიანს, რომელთაგან ეთნიკურად ქართველი 239872 იყო, რაც საერთო რიცხოვნობის 45,7%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ქართველთა ხვედრითი წილი ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ქ.სოხუმი - 41,5%, სოხუმის რაიონი - 44,4%, გაგრის ზონა - 28% (აღსანიშნავია, რომ გაგრის ზონაში მოსახლეობის უმრავლესობას 29,7%-ით, სომეხი ეროვნების მოქალაქეები წარმოადგენდნენ); ქ.ტყვარჩელი - 23,4%, გალის რაიონი - 93,8%, გუდაუთის რაიონი - 13,4%, გულრიფშის რაიონი - 52,8%, ოჩამჩირის რაიონი - 46,2%.
მიზანშეწონილად მიმაჩნია მკითხველს შევახსენო, რომ მე-11 მოწვევის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელიც 1985წელს აირჩა, გათვალისწინებული იყო 140 სადეპუტატო ადგილი, სადაც 57 ადგილი ეჭირა აფხაზი ეროვნების წარმომადგენლობას, 53-ქართველებს, ხოლო დანარჩენი 30 სხვა ერების წარმომადგენლობას. პროცენტული შეფარდებით სურათი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: აფხაზები - 41%, ქართველები - 38%; დანარჩენი - 21%. აფხაზთა და ქართველთა შორის სხვაობა 3%-ს შეადგენდა პირველის სასარგებლოდ. მე-12 მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი, სადაც ეთნიკური კვოტური წარმომადგენლობა უკვე კანონით იყო აღიარებული, აფხაზებს განესაზღვრათ, 65-დან 28 ადგილი, ე.ი 43%, ქართველებს 26, ე.ი 40%, ხოლო დანარჩენს 11 ადგილი, შესაბამისად, 17%. ამ შემთხვევაშიც სხვაობამ აფხაზ-ქართველთა პროცენტულ შეფარდებაში იგივე 3% შეადგინა, თუმცა საერთო რაოდენობაში მათი ხვედრითი წილი 2-2%-ით გაზარდა დანარჩენების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ორივე მოწვევის უმაღლეს საბჭოში აფხაზი და ქართველი დეპუტატები ერთნაირი პროცენტული შეფარდებით იყვნენ წარმოდგენილი და ამ თვალსაზრისით სხვაობას, თუნდაც უმნიშვნელოს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ზემოთმითითებული თანაფარდობის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება (მათ შორის ელიტებისა) მკვეთრად განსხვავებული გახლდათ. თუ კი მე-11 მოწვევის უმაღლეს საბჭოში აფხაზი დეპუტატების უპირატესი რაოდენობით ყოფნა ნაკლებად აღელვებდა ქართულ საზოგადოებრიობას, მე-12 მოწვევის უმაღლეს საბჭოს შემთხვევაში შეფასებითი დამოკიდებულება იმდენად მკვეთრად შეიცვალა, რომ აპარტეიდული ეწოდა როგორც საარჩევნო კანონს, სადაც ეთნიკური კვოტური წარმომადგენლობა სამართლებრივად იყო აღიარებული, ასევე ჩატარებულ არჩევნებს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უმაღლეს საბჭოს, რაც იმჟამინდელ ქართულ ეროვნულ ხელისუფლებას უპატიებელ შეცდომად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულად და ქვეყნის ღალატადაც ჩაუთვალეს.
რამდენად უნდა დავეთანხმოთ თუ დავუპირისპირდეთ ამგვარ შეფასებებს? - მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა პროცესებში ღრმად ჩახედვას და ისტორიული ვითარების ვრცელ კონტექსტში განხილვას საჭიროებს უსათუოდ, რაზეც ზემოთ უკვე მივუთითე, თუმცა მოცემული ფორმატიც იძლევა იმის მოკრძალებულ შესაძლებლობას, რომ ზოგადი არგუმენტების მოშველიებით წარმოვადგინო საკუთარი მოსაზრებები, რასაც სავარაუდოდ ნაწილი საზოგადოებისა გაიზიარებს, ნაწილი კი გაემიჯნება.
დავიწყოთ მსჯელობა იმ მოცემულობის აღიარებით, რომ 65-კაციან უმაღლეს საბჭოში ქართველებს ექნებოდათ 26 გარანტირებული ადგილი, რაც სულ ცოტა იმის შესაძლებლობას მაინც იძლეოდა, რომ ქართველ დეპუტატთა მონაწილეობის გარეშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ვერ განახორციელებდა კონსტიტუციურ და სხვა სახის სამართლებრივ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს პერსონალური შემადგენლობის 2/3-ს, ე.ი. 44 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა, აფხაზებს კი მათთვის უმჯობეს შემთხვევაში დანარჩენ 11-თან ერთად მხოლოდ 39 დეპუტატი თუ ეყოლებოდათ და ეს იყო შედეგი კონსესუსით მიღწეული იმ კონსტიტუციური ცვლილებებისა, რომელთაც სამართლებრივი დაცვის ფუნქცია ეკისრებოდათ სამომავლოდ და ის, რომ დაცვის ამ მექანიზმმა ვერ იმუშავა კრემლის უპრეცენდენტო მხარდაჭერით გათავხედებული სეპარატისტების მიზეზით, სრულებითაც არ აკნინებს ამ ცვლილებათა განხორციელების მნიშვნელობას.
ჩვენი მსჯელობის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად წარმართვის მიზნით დავსვათ შეკითხვა შემდეგი ფორმით - რა საარჩევნო შედეგებამდე მივიდოდით იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდებოდა, ე.ი. ისეთი სქემით, სადაც საარჩევნო ოლქები ამომრჩეველთა ერთნაირი რაოდენობით დაკომპლექტდებოდა, ხოლო დეპუტატობის კანდიდატები არ იქნებოდნენ შეზღუდული თავიანთი ეთნიკური წარმომავლობით და საპასპორტო-სამისამართო ჩაწერით? - შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის იძულებული ვარ მივმართო მარტივ მათემატიკურ გათვლებს, რაც შესაძლოა გამოიწვევს მკითხველს გულისწყრომას და რისთვისაც პატიებას ვთხოვ მას წინასწარ.
მაშ ასე: თუ კი აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა 525061 ადამიანია, ხოლო მათ შორის ამომრჩეველი სტანდარტული გათვლით 65-70%, რიცხოვნობით დაახლოებით 350 000, ეს რაოდენობა უნდა გაიყოს ოლქების რაოდენობაზე - 65_ზე და დამრგვალებით მივიღებთ თითოეული ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობას - 5350 ადამიანს. იმისათვის, რათა გაირკვეს ოლქების რაოდენობა ადმინისტრაციულ საარჩევნო ერთეულებში, ქალაქებისა და რაიონების ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გავყოთ ზემოთმითითებულ რიცხვზე და მივიღებთ შემდეგ სურათს: ქ.სოხუმი - მოსახლეობის რაოდენობა 119150 ადამიანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 80500 ადამიანი, საარჩევნო ოლქების რაოდენობა (80500 : 5350) = 14; სოხუმის რაიონი - მოსახლეობის რაოდენობა 39516 ადამიანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 26650 ადამიანი, საარჩევნო ოლქების რაოდენობა (26650 : 5350) = 5 და იგივე პრინციპით ვსაზღვრავთ საარჩევნო ოლქების რაოდენობას დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში და მივიღებთ შემდეგ მოცემულობას: გაგრის ზონა - 10 ოლქი; ქ.ტყვარჩელი - 3 ოლქი; გალის რაიონი - 10 ოლქი; გუდაუთის რაიონი - 7 ოლქი; გულრიფშის რაიონი - 7 ოლქი; ოჩამჩირის რაიონი - 9 ოლქი. ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს სავარაუდოდ არჩეული ქართველი ამომრჩევლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად გაგრის ზონაში სავარაუდოდ უნდა გვეყოლოს 4 დეპუტატი, ქ.სოხუმში - 5; გუდაუთის რაიონში - 1; სოხუმის რაიონში - 2; გულრიფშის რაიონში - 4; ოჩამჩირის რაიონში - 4; ქ.ტყვარჩელში - 0; გალის რაიონში - 8; სულ 28 დეპუტატი, რომელთა არჩევის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ქართველებისათვის მხოლოდ იდეალურ ვითარებაში, რომლისგანაც პოლუსურად ვიყავით დაშორებული იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე ბევრად მეტად იყო დაძაბული პოლიტიკური ვითარება საქართველოში; მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტები; გარეშე ძალები საკუთარი რესურსების სრული გამოყენებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აშკარად დაუპირისპირდნენ დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. საბჭოთა სისტემის რღვევის პროცესმა უშუალოდ განაპირობა კრიზისები საზოგადოებრივ ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ქართული ოპოზიციური ჯგუფები, მოქმედებდნენ რა პარტიულ-კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, ნაკლებად ან სრულიად არ ითვალისწინებდნენ ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას. ეროვნულ ხელისუფლებას არ გააჩნდა სახელმწიფოებრივი მართვის საკმარისი გამოცდილება და მთელ რიგ შემთხვევებში მოქმედებდა გაუმართლებლად ლოიალურად, ზოგიერთში კი გამოკვეთილად ხისტად, რაც უკმაყოფილებას იწვევდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებში, ასევე მის მოწინააღმდეგეებში. დაბალი იყო საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის ხარისხი, შესაბამისად, მას მარტოს უწევდა გამკლავებოდა ობიექტურად არსებულ თუ გარედან თავსმოხვეულ პრობლემებს. ყოველივე ზემოთმითითებულმა და კიდევ მრავალმა სხვა გარემოებამ ბევრწილად განაპირობა ქართული საზოგადოების დეკონსოლიდაციის პროცესის გაღრმავება, რამაც შესაბამისი ასახვა აფხაზეთის ქართულ საზოგადოებაშიც ჰპოვა, მაგრამ იმ დაპირისპირებას, რომელსაც მეტ-ნაკლებად იტანდა თბილისი და სხვა ქართული რეგიონი, მომაკვდინებელი იყო აფხაზეთისათვის. ზოგადქართული ვითარების კალკირებამ, მისმა დამკვიდრებამ ავტონომიურ რესპუბლიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა შექმნა, რითაც წარმატებით სარგებლობდნენ კრემლის მხრიდან მართული და დაფინანსებული ჯგუფები. გააქტიურდნენ ისეთი ანტიქართული ორგანიზაციები, როგორიც იყო რუსული „სლავიანსკი დომ“, სომხური „კრუნკ“, ჩრდილოკავკასიური „ალან“, აფხაზური „აიდგილარა“ და მრავალი სხვა, რომლებიც გაერთიანდნენ ბლოკ „სოუზში“ და ერთბაშად შეუტიეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აღნიშნულმა პროცესებმა რეალურად შეუწყო ხელი ანტიქართული ძალების სრულ კონსოლიდაციას, მტრულად განწყობილი მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რომელი ეროვნება იყო მასში უპირატესად წარმოდგენილი. ამისდა პარალელურად ქართული მხარე გადაიქცა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ელექტორალურ უმცირესობად, რომლისთვისაც არჩევნებში ხელშესახები წარმატების მოპოვება თეორიულადაც წარმოუდგენელი იყო არა თუ უმაღლეს საბჭოში თუნდაც უბრალო უმრავლესობით მოსვლა. სწორედ არსებული რეალობის სრულყოფილად აღქმამ გადააწყვეტინა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას მხარი დაეჭირა საარჩევნო კანონში შემოტანილი ცვლილებისათვის, რომლითაც დაკანონდა ე.წ. კვოტური სისტემა სქემით 28-26-11.
შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო ამ გადაწყვეტილების მართებულობა, თუმცა მას აქტიურად დაუპირისპირდა ქართული ოპოზიციური ძალები აფხაზეთში, რომელთაც ბოიკოტი გამოუცხადეს 1991 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, რითაც მკვეთრად შეამცირეს არჩევნებში მონაწილე ქართული ელექტრორატის რაოდენობა. ამას დაემატა ქართველი ამომრჩევლის, ისევე, როგორც ზოგადად ქართული საზოგადოებრიობის დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა, ქართველ კანდიდატებს შორის კონკურენციის მაღალი ხარისხი. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ პირველ ტურში ე.წ. ქართულ ოლქებში გაყვანილ იქნა მხოლოდ 7 დეპუტატი მაშინ, როდესაც აფხაზურმა მხარემ საკუთარი კვოტის სრულად ათვისება პირველსავე ტურში მოახერხა. აქვე აღვნიშნავ, რომ ქ.სოხუმის ერთ-ერთ ქართულ ოლქში საერთოდ ვერ იქნა არჩეული ჩვენი წარმომადგენელი მაძიებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გამო.
ყველა ზემოთმითითებული გარემოება აშკარად მიანიშნებს, რომ ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილება ადეკვატური იყო არსებული ვითარებისა, რითაც გარკვეული ვადით შეინარჩუნა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა.
ამრიგად, მავანის მიერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით მანიპულირება, რომელიც დღესაც ხორციელდება და იმის მტკიცება, თითქოს მით იყო განპირობებული და წახალისებული ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირება არა მხოლოდ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია, არამედ უშუალოდ ასხამს წყალს ოკუპანტი რუსეთის ინტერესებზე და უხეშად, უაპელაციოდ აყალიბებს ისტორიას.
სრულად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ხარისხიანი სწავლების“ პროგრამის შესახებ.
ზურაბ ჯგუბურია
შესავალი
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ოკუპირებული ტერიტორიის (შემდეგში გალის რაიონი) ყველა სკოლაში რუსულ ენაზე, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის განკუთვნილი ძვირადღირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. ქართული განათლების მქონე ქართველი პედაგოგები იძულებულები არიან ღამით თვითონ ისწავლონ გაკვეთილი რუსულად და მომავალ დღეს აუხსნან მოსწავლეებს, რაც უარყოფითად აისახება ცოდნის ხარისხზე.
გალის რაიონის სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს, ისევე როგორც სხვა საგნებისას, იძულებით, საზაფხულო არდადეგების პერიოდში გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში ჩაუტარეს ტრენინგები. არის შემთხვევები, როცა ქართული უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგმა იძულებით, სამსახურის დაკარგვის შიშით. უმაღლესი განათლების ხელახლა მიღება გადაწყვიტა სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში(АГУ).
მაშინ, როდესაც მთელს საქართველოში ყველა სკოლის ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა არჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოები, გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში სწავლება მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ძვირადღირებული სახელმძღვანელოებით, რომელთა შეძენა მოსწავლეების გაღარიბებულ მშობლებს სოხუმში ან რუსეთში უწევთ.
ქიმიას, ბიოლოგიასა და ფიზიკას უძღვებიან ის ძველი კადრები, რომლებიც სკოლებში ომამდეც მუშაობდნენ. მასწავლებლები ცდილობენ, შესაძლებლობის ფარგლებში მისცენ ხარისხიანი ცოდნა მოსწავლეებს, მაგრამ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მათი პროფესიული გადამზადების უწყვეტი ციკლის შემუშავება-დანერგვა, ასევე აღნიშნული დისციპლინების პედაგოგთა კადრების გადახალისება.
პროგრამის მიზანი:
ამ პროგრამის ძირითადი ლაითმოტივი მდგომარეობს შემდეგში: ოკუპირებული გალის სკოლების ყველა საგნის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებათ პირადი პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების წარმატებას. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საბუნებისმეყველო საგნების პედაგოგების ჩართვაზე შესაბამის ტრენინგებში, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არც თუ ისე სახარბიელო სურათი იკვეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მით უფრო სავალალო ვითარებაა ამ მხრივ გალის მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებით. ხშირია ჩარიცხვის შემდგომ პერიოდში სწავლის სირთულეების ვერ დაძლევის გამო სასწავლებლის დატოვების ფაქტები. ამიტომ, აშკარად დგას ინტეგრირებული საგნობრივი ტრენინგების დაგეგმვისა და მათი ჩატარების აუცილებლობა.
გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სკოლების აღჭურვა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მასწავლებლების ჩართვა პროფესიული უნარებისა და საგნობრივ ტრენინგებში, უზრუნველყოფა მეთოდური ლიტერატურითა და თანამედროვე სახელმძღვანელოებით, სკოლების, სოფლების, დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებას ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში.
პროგრამის შემუშავება, ინპლანტაცია და მონიტორინგი:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
გალის რაიონის რესურს-ცენტრი
პროგრამის მოქმედების ვადები
2021 -2024 წლები
სრულად
„დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო პრეზენტაციის“ პროგრამის შესახებ.
ზურაბ ჯგუბურია
ზემოთაღნიშნული პროგრამა უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, დარგების მიხედვით: ძირითადი შემსრულებლები იქნებიან დარგობრივი სამინისტროები, ხოლო მეთაურ ორგანიზაციად (შემსრულებლად) უნდა განისაზღვროს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც საკანანონმდებლო-წარმომადგენლობითი ანუ პოლიტიკური ორგანო.
ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის თემატიკაზე, სეპარატისტთა მხრიდან მას-მედიის ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებების მეოხებით ვრცელდება აშკარად პროვოკაციული, გაყალბებული და დეზინფორმაციული ხასიათის მასალები აფხაზეთის/საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
აღნიშნულ ქმედებებში ღიად მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები, დიპლომატიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევაში უცხოელი დაქირავებული „ექსპერტები“.
სამწუხაროა, რომ ანალოგიურ შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ეს ეგრეთწოდებული ფეიკ ნიუსები, რომლებიც საზოგადოებაში ცდილობს ფეხის მოკიდებას, შორსმიმავალ პოლიტიკურ შედეგებზეა გათვლილი და ამ ყოველივეს ღია მხარდამჭერებად გვევლინებიან ასევე რუსეთის ფედერაციის სომხური დიასპორის წარმომადგენლები რფ-ს უმაღლესი დიპლომატიური და საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის სფეროებიდან.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ე.წ. კიბერუსაფრთხოებას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება სხვადასხვა გზით უპირისპირდება: ბოლო წლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა, მეცნიერების და პრაქტიკოსი სპეციალისტების პირადი, უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უამრავი დოკუმენტური და პუბლიცისტური მასალები აფხაზეთის/საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიის, განათლების, კულტურის, არქიტექტურის, ხელოვნების და სხვა თემებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა დარღვევის, მისი ორგანული ეკო-სოციალური სისტემის განადგურებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული ძეგლების შეგნებული ხელყოფის ფაქტებზე.
წინადადებები „აფხაზეთის დეოკუპაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ცალკეული, დამოუკიდებელი ელექტრონული პლატორმის - ვებ საიტის „რეალური აფხაზეთი“(პირობითი სახელწოდებით) განვითარებისა და მისი პერმანენტული ფუნქციონირების შესახებ
უკვე მიმდინარეობს ზემოთ ნახსენები მასალების სისტემატიზაცია და მათი მრავალენოვანი, ავთენტური თარგმანების მიწოდება უპირველესად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ფართო მასებისათვის, რუსული და მსოფლიო საზოგადოებისათვის დღეისთვის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი, ინტერნეტსივრცის საშუალებით.
საკითხების უფრო მასშტაბურად და პროფესიულად პრეზენტაციისათვის (პროპაგანდისათვის) უნდა მოხდეს სპეციალური, ელექტრონული პლატფორმის შემდგომი განვითარება, სადაც განთავსებული იქნება არა დეზიონფორმაციული ხასიათის, არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი, უტყუარი ინფორმაცია. აუცილებელია ამ პროგრამის სისტემატიზირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო, კონკრეტულად უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში მიზნობრივი პროგრამის ფორმატში, რაც უფრო დამოუკიდებელს, ქმედუნარიანს და პასუხისმგებელს გახდის მის საქმიანობას.
სრულად