ოკუპირებულ ტერიტორიაზე  „ხარისხიანი სწავლების“ პროგრამის შესახებ.
ზურაბ ჯგუბურია


	

 

შესავალი

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ოკუპირებული ტერიტორიის (შემდეგში გალის რაიონი)  ყველა სკოლაში რუსულ ენაზე, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის განკუთვნილი ძვირადღირებული სახელმძღვანელოებით  მიმდინარეობს. ქართული განათლების მქონე ქართველი პედაგოგები იძულებულები არიან ღამით თვითონ ისწავლონ გაკვეთილი რუსულად და მომავალ დღეს აუხსნან მოსწავლეებს, რაც  უარყოფითად აისახება ცოდნის ხარისხზე.  

გალის რაიონის სკოლების საბუნებისმეტყველო  საგნების პედაგოგებს, ისევე როგორც სხვა საგნებისას, იძულებით, საზაფხულო არდადეგების პერიოდში გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში ჩაუტარეს ტრენინგები. არის შემთხვევები, როცა ქართული უმაღლესი განათლების  მქონე პედაგოგმა იძულებით, სამსახურის დაკარგვის შიშით. უმაღლესი განათლების ხელახლა მიღება გადაწყვიტა სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში(АГУ).

მაშინ, როდესაც მთელს საქართველოში ყველა სკოლის ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა არჩეული გრიფირებული  სახელმძღვანელოები, გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში სწავლება მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ძვირადღირებული სახელმძღვანელოებით, რომელთა  შეძენა  მოსწავლეების გაღარიბებულ  მშობლებს სოხუმში ან რუსეთში   უწევთ.  

ქიმიას, ბიოლოგიასა და ფიზიკას უძღვებიან  ის ძველი კადრები, რომლებიც სკოლებში ომამდეც მუშაობდნენ. მასწავლებლები ცდილობენ, შესაძლებლობის ფარგლებში მისცენ ხარისხიანი  ცოდნა მოსწავლეებს, მაგრამ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მათი პროფესიული გადამზადების უწყვეტი ციკლის შემუშავება-დანერგვა, ასევე აღნიშნული დისციპლინების პედაგოგთა კადრების გადახალისება.

    პროგრამის მიზანი:

 ამ პროგრამის ძირითადი ლაითმოტივი  მდგომარეობს შემდეგში:  ოკუპირებული გალის სკოლების ყველა საგნის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებათ პირადი პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების წარმატებას. განსაკუთრებული აქცენტი უნდა  გაკეთდეს საბუნებისმეყველო საგნების პედაგოგების ჩართვაზე შესაბამის ტრენინგებში, რადგან   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არც თუ ისე სახარბიელო სურათი იკვეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მით უფრო  სავალალო ვითარებაა ამ მხრივ გალის მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებით. ხშირია ჩარიცხვის შემდგომ პერიოდში სწავლის სირთულეების ვერ დაძლევის გამო სასწავლებლის დატოვების ფაქტები. ამიტომ,  აშკარად დგას ინტეგრირებული  საგნობრივი ტრენინგების დაგეგმვისა  და მათი ჩატარების აუცილებლობა.

 გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სკოლების  აღჭურვა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მასწავლებლების ჩართვა პროფესიული უნარებისა და საგნობრივ ტრენინგებში, უზრუნველყოფა მეთოდური ლიტერატურითა და თანამედროვე სახელმძღვანელოებით, სკოლების, სოფლების, დასახლებული პუნქტების  ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია ხელს შეუწყობს  საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლების დონის ამაღლებას ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში.

პროგრამის  შემუშავება, ინპლანტაცია და მონიტორინგი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

გალის რაიონის რესურს-ცენტრი

 

პროგრამის მოქმედების ვადები

2021 -2024 წლები