„აპარტეიდული“ არჩევნები თუ პრაგმატულად გათვლილი და ადეკვატურობის ნიშნით გადადგმული ნაბიჯი.
თემურ მჟავია

აღმშენებლობის პროცესში მყოფი სახელმწიფო, როგორც წესი, მრავალ წინააღმდეგობას აწყდება ხოლმე, რომელთა ნაწილი გარედან იგეგმება და მეთოდურად ხორციელდება. ამგვარ შემთხვევებს ობიექტური რეალობის სახელდებით მოიხსენიებენ ლიტერატურაში, მაგრამ არსებობენ ისეთი პრობლემებიც, რომელთა ძირითად მკვებავად ქვეყნის შიდა რესურსი მიიჩნევა და სუბიექტურ ფაქტორთა თანრიგს განეკუთვნება. ამასთან, არაიშვიათია შემთხვევები, როდესაც ორივე ფაქტორი იმდენად არის დაკავშირებული ერთურთს, იმდენადაა ერთმანეთით ნასაზრდოვები, რომ მათში სხვაობის ნიშნების ამოცნობა მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ასეთად მიმაჩნია მე-12 მოწვევის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, შორეული 1991 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და რომლის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაწყებული ვნებათაღელვა დღესაც პოულობს საკუთარ გამოძახილს. თუ კი შევეცდებით და თავს მოვუყრით იმ შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ არჩევნებთან მიმართებით კეთდებოდა ადრე და კეთდება დღესაც, მათი უმრავლესობა ნეგატიურია და მოიხსენიებს როგორც აპარტეიდულს. შესაძლებელია ამგვარ დახასიათებას გააჩნია გარკვეული საფუძველი, ვინაიდან ჩვენს მსჯელობას დაქვემდებარებული საარჩევნო კანონი უზრუნველყოფდა უმცირესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფის უმრავლესობით დამკვიდრებას რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ვფიქრობ ამგვარი განსჯა უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური, ხოლო ამ ურთულეს თემაში არსებით გარკვევას კონტექსტური ხედვა დასჭირდება უსათუოდ.
ვინაიდან განსახილველი საკითხის სამიზნე თემა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემდაგენლობა და მასში ქართველთა ხვედრითი წილია, იმთავითვე ავღნიშნავ, რომ ვიხელმძღვანელებ 1989 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერის ოფიციალური მონაცემებით, რომლის თანახმად აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა შეადგენდა 525061 ადამიანს, რომელთაგან ეთნიკურად ქართველი 239872 იყო, რაც საერთო რიცხოვნობის 45,7%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ქართველთა ხვედრითი წილი ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ქ.სოხუმი - 41,5%, სოხუმის რაიონი - 44,4%, გაგრის ზონა - 28% (აღსანიშნავია, რომ გაგრის ზონაში მოსახლეობის უმრავლესობას 29,7%-ით, სომეხი ეროვნების მოქალაქეები წარმოადგენდნენ); ქ.ტყვარჩელი - 23,4%, გალის რაიონი - 93,8%, გუდაუთის რაიონი - 13,4%, გულრიფშის რაიონი - 52,8%, ოჩამჩირის რაიონი - 46,2%.
მიზანშეწონილად მიმაჩნია მკითხველს შევახსენო, რომ მე-11 მოწვევის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელიც 1985წელს აირჩა, გათვალისწინებული იყო 140 სადეპუტატო ადგილი, სადაც 57 ადგილი ეჭირა აფხაზი ეროვნების წარმომადგენლობას, 53-ქართველებს, ხოლო დანარჩენი 30 სხვა ერების წარმომადგენლობას. პროცენტული შეფარდებით სურათი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: აფხაზები - 41%, ქართველები - 38%; დანარჩენი - 21%. აფხაზთა და ქართველთა შორის სხვაობა 3%-ს შეადგენდა პირველის სასარგებლოდ. მე-12 მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი, სადაც ეთნიკური კვოტური წარმომადგენლობა უკვე კანონით იყო აღიარებული, აფხაზებს განესაზღვრათ, 65-დან 28 ადგილი, ე.ი 43%, ქართველებს 26, ე.ი 40%, ხოლო დანარჩენს 11 ადგილი, შესაბამისად, 17%. ამ შემთხვევაშიც სხვაობამ აფხაზ-ქართველთა პროცენტულ შეფარდებაში იგივე 3% შეადგინა, თუმცა საერთო რაოდენობაში მათი ხვედრითი წილი 2-2%-ით გაზარდა დანარჩენების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ორივე მოწვევის უმაღლეს საბჭოში აფხაზი და ქართველი დეპუტატები ერთნაირი პროცენტული შეფარდებით იყვნენ წარმოდგენილი და ამ თვალსაზრისით სხვაობას, თუნდაც უმნიშვნელოს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ზემოთმითითებული თანაფარდობის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება (მათ შორის ელიტებისა) მკვეთრად განსხვავებული გახლდათ. თუ კი მე-11 მოწვევის უმაღლეს საბჭოში აფხაზი დეპუტატების უპირატესი რაოდენობით ყოფნა ნაკლებად აღელვებდა ქართულ საზოგადოებრიობას, მე-12 მოწვევის უმაღლეს საბჭოს შემთხვევაში შეფასებითი დამოკიდებულება იმდენად მკვეთრად შეიცვალა, რომ აპარტეიდული ეწოდა როგორც საარჩევნო კანონს, სადაც ეთნიკური კვოტური წარმომადგენლობა სამართლებრივად იყო აღიარებული, ასევე ჩატარებულ არჩევნებს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უმაღლეს საბჭოს, რაც იმჟამინდელ ქართულ ეროვნულ ხელისუფლებას უპატიებელ შეცდომად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულად და ქვეყნის ღალატადაც ჩაუთვალეს.
რამდენად უნდა დავეთანხმოთ თუ დავუპირისპირდეთ ამგვარ შეფასებებს? - მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა პროცესებში ღრმად ჩახედვას და ისტორიული ვითარების ვრცელ კონტექსტში განხილვას საჭიროებს უსათუოდ, რაზეც ზემოთ უკვე მივუთითე, თუმცა მოცემული ფორმატიც იძლევა იმის მოკრძალებულ შესაძლებლობას, რომ ზოგადი არგუმენტების მოშველიებით წარმოვადგინო საკუთარი მოსაზრებები, რასაც სავარაუდოდ ნაწილი საზოგადოებისა გაიზიარებს, ნაწილი კი გაემიჯნება.
დავიწყოთ მსჯელობა იმ მოცემულობის აღიარებით, რომ 65-კაციან უმაღლეს საბჭოში ქართველებს ექნებოდათ 26 გარანტირებული ადგილი, რაც სულ ცოტა იმის შესაძლებლობას მაინც იძლეოდა, რომ ქართველ დეპუტატთა მონაწილეობის გარეშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ვერ განახორციელებდა კონსტიტუციურ და სხვა სახის სამართლებრივ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს პერსონალური შემადგენლობის 2/3-ს, ე.ი. 44 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა, აფხაზებს კი მათთვის უმჯობეს შემთხვევაში დანარჩენ 11-თან ერთად მხოლოდ 39 დეპუტატი თუ ეყოლებოდათ და ეს იყო შედეგი კონსესუსით მიღწეული იმ კონსტიტუციური ცვლილებებისა, რომელთაც სამართლებრივი დაცვის ფუნქცია ეკისრებოდათ სამომავლოდ და ის, რომ დაცვის ამ მექანიზმმა ვერ იმუშავა კრემლის უპრეცენდენტო მხარდაჭერით გათავხედებული სეპარატისტების მიზეზით, სრულებითაც არ აკნინებს ამ ცვლილებათა განხორციელების მნიშვნელობას.
ჩვენი მსჯელობის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად წარმართვის მიზნით დავსვათ შეკითხვა შემდეგი ფორმით - რა საარჩევნო შედეგებამდე მივიდოდით იმ შემთხვევაში, თუ კი ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდებოდა, ე.ი. ისეთი სქემით, სადაც საარჩევნო ოლქები ამომრჩეველთა ერთნაირი რაოდენობით დაკომპლექტდებოდა, ხოლო დეპუტატობის კანდიდატები არ იქნებოდნენ შეზღუდული თავიანთი ეთნიკური წარმომავლობით და საპასპორტო-სამისამართო ჩაწერით? - შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის იძულებული ვარ მივმართო მარტივ მათემატიკურ გათვლებს, რაც შესაძლოა გამოიწვევს მკითხველს გულისწყრომას და რისთვისაც პატიებას ვთხოვ მას წინასწარ.
მაშ ასე: თუ კი აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა 525061 ადამიანია, ხოლო მათ შორის ამომრჩეველი სტანდარტული გათვლით 65-70%, რიცხოვნობით დაახლოებით 350 000, ეს რაოდენობა უნდა გაიყოს ოლქების რაოდენობაზე - 65_ზე და დამრგვალებით მივიღებთ თითოეული ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობას - 5350 ადამიანს. იმისათვის, რათა გაირკვეს ოლქების რაოდენობა ადმინისტრაციულ საარჩევნო ერთეულებში, ქალაქებისა და რაიონების ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გავყოთ ზემოთმითითებულ რიცხვზე და მივიღებთ შემდეგ სურათს: ქ.სოხუმი - მოსახლეობის რაოდენობა 119150 ადამიანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 80500 ადამიანი, საარჩევნო ოლქების რაოდენობა (80500 : 5350) = 14; სოხუმის რაიონი - მოსახლეობის რაოდენობა 39516 ადამიანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 26650 ადამიანი, საარჩევნო ოლქების რაოდენობა (26650 : 5350) = 5 და იგივე პრინციპით ვსაზღვრავთ საარჩევნო ოლქების რაოდენობას დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში და მივიღებთ შემდეგ მოცემულობას: გაგრის ზონა - 10 ოლქი; ქ.ტყვარჩელი - 3 ოლქი; გალის რაიონი - 10 ოლქი; გუდაუთის რაიონი - 7 ოლქი; გულრიფშის რაიონი - 7 ოლქი; ოჩამჩირის რაიონი - 9 ოლქი. ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს სავარაუდოდ არჩეული ქართველი ამომრჩევლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად გაგრის ზონაში სავარაუდოდ უნდა გვეყოლოს 4 დეპუტატი, ქ.სოხუმში - 5; გუდაუთის რაიონში - 1; სოხუმის რაიონში - 2; გულრიფშის რაიონში - 4; ოჩამჩირის რაიონში - 4; ქ.ტყვარჩელში - 0; გალის რაიონში - 8; სულ 28 დეპუტატი, რომელთა არჩევის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ქართველებისათვის მხოლოდ იდეალურ ვითარებაში, რომლისგანაც პოლუსურად ვიყავით დაშორებული იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე ბევრად მეტად იყო დაძაბული პოლიტიკური ვითარება საქართველოში; მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტები; გარეშე ძალები საკუთარი რესურსების სრული გამოყენებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აშკარად დაუპირისპირდნენ დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. საბჭოთა სისტემის რღვევის პროცესმა უშუალოდ განაპირობა კრიზისები საზოგადოებრივ ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ქართული ოპოზიციური ჯგუფები, მოქმედებდნენ რა პარტიულ-კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, ნაკლებად ან სრულიად არ ითვალისწინებდნენ ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას. ეროვნულ ხელისუფლებას არ გააჩნდა სახელმწიფოებრივი მართვის საკმარისი გამოცდილება და მთელ რიგ შემთხვევებში მოქმედებდა გაუმართლებლად ლოიალურად, ზოგიერთში კი გამოკვეთილად ხისტად, რაც უკმაყოფილებას იწვევდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებში, ასევე მის მოწინააღმდეგეებში. დაბალი იყო საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის ხარისხი, შესაბამისად, მას მარტოს უწევდა გამკლავებოდა ობიექტურად არსებულ თუ გარედან თავსმოხვეულ პრობლემებს. ყოველივე ზემოთმითითებულმა და კიდევ მრავალმა სხვა გარემოებამ ბევრწილად განაპირობა ქართული საზოგადოების დეკონსოლიდაციის პროცესის გაღრმავება, რამაც შესაბამისი ასახვა აფხაზეთის ქართულ საზოგადოებაშიც ჰპოვა, მაგრამ იმ დაპირისპირებას, რომელსაც მეტ-ნაკლებად იტანდა თბილისი და სხვა ქართული რეგიონი, მომაკვდინებელი იყო აფხაზეთისათვის. ზოგადქართული ვითარების კალკირებამ, მისმა დამკვიდრებამ ავტონომიურ რესპუბლიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა შექმნა, რითაც წარმატებით სარგებლობდნენ კრემლის მხრიდან მართული და დაფინანსებული ჯგუფები. გააქტიურდნენ ისეთი ანტიქართული ორგანიზაციები, როგორიც იყო რუსული „სლავიანსკი დომ“, სომხური „კრუნკ“, ჩრდილოკავკასიური „ალან“, აფხაზური „აიდგილარა“ და მრავალი სხვა, რომლებიც გაერთიანდნენ ბლოკ „სოუზში“ და ერთბაშად შეუტიეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აღნიშნულმა პროცესებმა რეალურად შეუწყო ხელი ანტიქართული ძალების სრულ კონსოლიდაციას, მტრულად განწყობილი მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რომელი ეროვნება იყო მასში უპირატესად წარმოდგენილი. ამისდა პარალელურად ქართული მხარე გადაიქცა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ელექტორალურ უმცირესობად, რომლისთვისაც არჩევნებში ხელშესახები წარმატების მოპოვება თეორიულადაც წარმოუდგენელი იყო არა თუ უმაღლეს საბჭოში თუნდაც უბრალო უმრავლესობით მოსვლა. სწორედ არსებული რეალობის სრულყოფილად აღქმამ გადააწყვეტინა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას მხარი დაეჭირა საარჩევნო კანონში შემოტანილი ცვლილებისათვის, რომლითაც დაკანონდა ე.წ. კვოტური სისტემა სქემით 28-26-11.
შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო ამ გადაწყვეტილების მართებულობა, თუმცა მას აქტიურად დაუპირისპირდა ქართული ოპოზიციური ძალები აფხაზეთში, რომელთაც ბოიკოტი გამოუცხადეს 1991 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, რითაც მკვეთრად შეამცირეს არჩევნებში მონაწილე ქართული ელექტრორატის რაოდენობა. ამას დაემატა ქართველი ამომრჩევლის, ისევე, როგორც ზოგადად ქართული საზოგადოებრიობის დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა, ქართველ კანდიდატებს შორის კონკურენციის მაღალი ხარისხი. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ პირველ ტურში ე.წ. ქართულ ოლქებში გაყვანილ იქნა მხოლოდ 7 დეპუტატი მაშინ, როდესაც აფხაზურმა მხარემ საკუთარი კვოტის სრულად ათვისება პირველსავე ტურში მოახერხა. აქვე აღვნიშნავ, რომ ქ.სოხუმის ერთ-ერთ ქართულ ოლქში საერთოდ ვერ იქნა არჩეული ჩვენი წარმომადგენელი მაძიებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გამო.
ყველა ზემოთმითითებული გარემოება აშკარად მიანიშნებს, რომ ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილება ადეკვატური იყო არსებული ვითარებისა, რითაც გარკვეული ვადით შეინარჩუნა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა.
ამრიგად, მავანის მიერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით მანიპულირება, რომელიც დღესაც ხორციელდება და იმის მტკიცება, თითქოს მით იყო განპირობებული და წახალისებული ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირება არა მხოლოდ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია, არამედ უშუალოდ ასხამს წყალს ოკუპანტი რუსეთის ინტერესებზე და უხეშად, უაპელაციოდ აყალიბებს ისტორიას.