ზურაბ ჯგუბურია


ზურაბ ჯგუბურია დაიბადა აფხაზეთში, ოქუმში, 1953 წელს.1970 წელს დაამთავრა თბილისის ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  სკოლა-ინტერნატი, ხოლო 1975 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი - ფიზიკოსი, მაგისტრი.

1980-1981 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი) ქვეყანათმცოდნეობის - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ფრანგულ სექტორზე.

1988-1991 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა ყაზანის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები ფიზიკისა და ტექნიკის საკითხებზე (8 სტატია).  საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ.ბრაზავილი), ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს ზოგადი ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო.

1975 -1985 წლებში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ  საქმიანობას სოხუმის აკად. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ოქუმის საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად,  ხოლო 1981-1985 წლებში მუშაობდა საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ნაციონალური განათლების სამინისტროს ექსპერტად-ბრაზავილის პატრის ლუმუმბას ლიცეუმის პროფესორად-ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 

1986-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგედ. ამავდროულად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1992 წლიდან დღემდე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1999 – 2004 წლებში  მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მრჩევლად,  ასევე, 2008-2009 წლებში იყო საგანგებო დავალებათა ელჩი.

2004-2008 წლებში არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი.

2000-2010 წლებში გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი) პერიოდულ ბეჭდურ მედიაში 15-ზე მეტი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის სტატია კონფლიქტოლოგიის (აფხაზეთის) საკითხებზე.

არის  წიგნების: “აფხაზეთის კონფლიქტი - მითი და რეალობა” (2004წ.),

“ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში” (2007წ.), “ოქუმელთა ასეული” (2014წ.), “აფხაზეთის/საქართველო ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა” (2015/2017წ.წ.), აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა; ფაქტები, შეფასებები“ (2018), „ოკუპირებული აფხაზეთი - 25“  (2018) პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი. “მიშელ მუსხელი (მიხეილ მუსხელიშვილი) ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.