კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში.
ლია ახალაძე


	

აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის პრობლემები თუ გადავხედავთ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის ისტორიას, მასში, პირობითად, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

I. XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისი _ ეპოქა, როდესაც ევროპელმა, რუსმა და ქართველმა სიძველეთმოყვარულებმა და მკვლევრებმა პირველებმა მიაქციეს ყურადღება არამარტო აფხაზეთის, არამედ საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის საკითხს.

II. საბჭოთა ეპოქა, რომელშიც აქტივობის თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა პერიოდები შეიძლება გამოვყოთ და

III. პოსტსაბჭოთა ეტაპი, ანუ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე. საქართველოს ყველა ისტორიული კუთხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მეტნაკლებად მსგავსი ისტორია და შესწავლის ქრონოლოგია გააჩნიათ, თუმცა ორი ოკუპირებული რეგიონის _ აფხაზეთისა და შიდა ქართლის მთიანეთის (ე.წ სამხრეთ ოსეთი) კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ქრონოლოგია, პრობლემები და ოკუპაციის შემდეგდროინდელი გამოწვევები მსგავსია. გამოწვევებს შორის დღემდე გადაულახავ წინააღმდეგობად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ძეგლების თანამედროვე მდგომარეობის აღწერა,დაცვა, ადგილზე შესწავლა და შესაბამისი კვლევების განხორციელება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის პირველ ეტაპზე _ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, საკითხით დაინტერესებული იყვნენ მოგზაურები და კავკასიის სიძველეთმოყვარულნი, შესაბამისად მათი პუბლიკაციები, ძირითადად აღწერილობითი ხასიათისაა, მიუხედავად ამისა, ისინი ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაძლევენ აღნიშნული ძეგლების ძველი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მოტივების, არქიტექტურული ელემენტების, მათზე დაცული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთების შესახებ. ამ პერიოდის პუბლიკაციებიდან გვერდს ვერ ავუვლით მარი ფელისიტე ქსავიე ბროსეს, პრასკოვია უვაროვას, დიმიტრი ბაქრაძის, ნიკოდიმ კონდაკოვის, ანდრეი პავლინოვის, სერგეი ბელაკუროვის, თედო ჟორდანიას, მოსე ჯანაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა შრომებს.

თანამედროვე ეტაპზე აფხაზეთის საერო და საეკლესიო არქიტექტურის შესახებ არსებული ჩვენი ცოდნა მთლიანად ეყრდნობა მეორე ეტაპის, ანუ საბჭოთა ეპოქის კვლევებს, რომელთა დიდი ნაწილი, ბუნებრივია ვერ ასცდა იდეოლოგიურ ზეწოლას და ტაბუდადებული თემებისაგან თავის არიდების პროცესს. ამ დროიდან აფხაზეთის ისტორიული ძეგლების მკვლევართა შორის იშვიათად ვხედავთ ევროპელებს, სამაგიეროდ ქართველ და რუს მეცნიერებთან ერთად საკითხით დაინტერესდნენ აფხაზი მხარეთმცოდნეები: ივანე აჯინჯალი(ჯინჯოლია), იოსებ აძინბა, სიმონ აშხვაცავა, ვიანორ ფაჩულია, მოგვიანებით, რეგიონის მონუმენტური ძეგლების კვლევაში დიდი წვლილი შეიტანეს ხუხუტი ბღაჟბამ, ანატოლი კაციამ და ლეონ შერვაშიძემ.

მეორე ეტაპზე ქართული ხელოვნების ისტორიაში ფუნდამენტალური ნაშრომები შექმნეს ისეთმა ავტორიტეტულმა მკვლევრებმა, როგორებიც იყვნენ გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ნიკო ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, პარმენ ზაქარაია, რენე შმერლინგი, ლევან რჩეულიშვილი, მარიამ დიდებულიძე და სხვები. თითოეული მათგანი, საქართველოს სხვადასხვა ისტორიული მხარეების ხელოვნების ძეგლებთან ერთად იკვლევდა აფხაზეთის ხუროთმოძღვრულ მოტივებსაც და დღეს, როდესაც ოკუპაციის პირობებში მოკლებულნი ვართ ამ ძეგლების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას, მათ ნაშრომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვთ. საბჭოთა პერიოდის ქართული ხელოვნების სკოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა დაზიანებული ძეგლების აღდგენა _ რესტავრაცია _ ავთენტურობის შენარჩუნება და გადარჩენა. აფხაზეთში ფართო სამუშაოები ჩატარდა არქიტექტორ _ რესტავრატორების ვახტანგ ცინცაძის, მერაბ ბუჩუკურის, ირმა ვარსიმაშვილის, ლევან ხიმშიაშვილის, მურთაზ ურიდიას და სხვათა მიერ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ აფხაზეთში არასოდეს არ დაგეგმილა და განხორციელებულა საველე-ეპიგრაფიკული ექსპედიციების მუშაობა. წარწერების გამოვლენა უბრალო შემთხვევითობასთან, ან ძეგლის არქიტექტურული ფორმების შესწავლის პროცესთან იყო დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ ამ დროს დიდი ყურადღება ექცეოდა ეპიგრაფიკულ ექსპედიციებს საქართველოს სხვა კუთხეებში, მაგრამ არცერთი ექსპედიცია არ განხორციელებულა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარწერების ადგილზე შესასწავლად. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ეს თემები საბჭოთა პერიოდის ე. წ. ტაბუდადებული საკითხების რიცხვს მიეკუთვნებოდა. შესწავლილ მონუმენტურ ძეგლებზე შემორჩენილი წარწერების წაკითხვა დაკავშირებულია სარა ბარნაველის, თეიმურაზ ბარნაველის,თამარ ხაჟომიას, ლეონ შერვაშიძის, ვალერი სილოგავას, გიორგი ოთხმეზურის სახელებთან. ვალერი სილოგავამ აფხაზეთის 22 ქართული წარწერა (ძეგლისა და რაიონების მითითებით) ლაპიდარული წარწერების კორპუსის მეორე ტომში სწორედ საბჭოთა პერიოდში შეიტანა.

აფხაზეთში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების, ფრესკული ხელოვნებისა და სხვა მცირე ფორმის არტეფაქტების შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდნენ საბჭოთა ეპოქის რუსი ხელოვნებათმცოდნეები: ნიკოლაი სევეროვი, ნატალია ტოლმაჩევსკაია, მოგვიანებით საკითხით დაინტერესდნენ ლიუდმილა ხრუშკოვა, იური ვორონოვი და სხვები.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ავტორის ნაშრომი, წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს არგუმენტაციას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ავთენტურობის დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის პროცესში. მიუხედავად, ზემოთქმულისა, მეორე ეტაპზე, საბჭოთა პერიოდში არ შექმნილა ერთიანი კომპლექსური მონოგრაფიული კვლევა არც საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრული ფორმების, ფრესკული მხატვრობის თავისებურებებისა და მოტივების, არც ეპიგრაფიკული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების შესახებ.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, კვლევის მესამე ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ და ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორ _ რესტავრატორები, ეპიგრაფიკის მკვლევრები და ფრესკული ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის სპეციალისტები მოკლებულნი არიან ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას. დავაზუსტებთ, რომ ის სფეციფიკა, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების, ფრესკული ხელოვნების, წარწერების რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესს ახლავს სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, რომელიც სამწუხაროდ, ადგილზე, აფხაზეთში დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას: მეცნიერებსა და რესტავრატორებს არ გააჩნიათ. ბუნებრივია, ამ ტიპის ძეგლებზე მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვთ რუს მეცნიერებსაც, რომელთა დახმარებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას ცდილობს. დღემდე ილორის, ბედიის, დრანდის, ლიხნის, სიმონ კანანელის, ანაკოფიის ტაძრებზე და ანაკოფიის ციხეზე ჩატარებულ სამუშაოებში არ მონაწილეობდა ძველი ხუროთმოძღვრების მცოდნე, პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორი. ამ ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის კომიტეტის (რუსეთის IჩOM)ანგარიშები,აფხაზური პრესა და საინფორმაციო საშუალებები.

„სარესტავრაციო“ სამუშაოების ჩატარების პარალელურად დღეს სამეცნიერო სივრცეში ვრცელდება ისეთი ნაშრომები, რომლებიც ცდილობენ ახალი „კონცეფციები“ და „თეორიები“ წამოაყენონ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის „არაქართულობის“ შესახებ. მართალია, მსგავსი ნაშრომები ოპონირებას ვერ უწევენ წინარე პერიოდის კვლევებს, მაგრამ ცხადია, მათი დახმარებით ცდილობენ მყარი სამეცნიერო საფუძველი შეუქმნან და ეჭვქვეშ დააყენონ ჩრდილო _ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, შუა საუკუნეებში შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების კუთვნილების საკითხი. თუ გადავხედავთ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აფხაზურ სამეცნიერო ლიტერატურას, რომელიც მოცემულ თემატიკას ეხება, მათი შინაარსი, კვლევის სანდოობა და სამეცნიერო ღირებულება ქრონოლოგიურად განსხვავებულია. გვაქვს XX საუკუნის 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის სრულიად მითოლოგიზირებული „ნაშრომები“, რომლებიც ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე მოუთხრობენ მკითხველს, რომ ეს ძეგლები კავშირშია ბიზანტიურ, გოთურ, კელტურ, სლავურ, სომხურ არქიტეტურასთან,მაგრამ არაფერი აქვს საერთო ძველ ქართულ არქიტექტურულ ფორმებთან. სამწუხაროდ, ეს „ნაშრომები“ დაწერილია სიძულვილის ენით და ცხადია, სანდოობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მომდევნო პერიოდში _ XXI საუკუნის 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან, აფხაზი მეცნიერების რიტორიკა შეიცვალა _ პუბლიკაციებიდან თანდათანობით გაქრა სიძულვილის ენა, რამაც შედარებით მეტი დამაჯერებლობა შესძინა მათ „კვლევებს“. ამ „ნაშრომების“ ძირითადი იდეაა მოგვითხრონ ე. წ. ძველ აფხაზურ ხუროთმოძღვრებაზე, რომელთა ფორმები დღემდე ცოცხლობს თანამედროვე აფხაზურ არქიტექტურაში. აღნიშნული პუბლიკაციები აღსანიშნავია, რომ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის (რუსეთის IჩOM) კომიტეტს რუსეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ჰყავს სპეციალური მისიები.

ძირითადად, რუსულ ენაზეა, განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში და პოპულარიზაციას უწევენ ახალ კონცეფციას _ საერთო ფორმები შეიძლება მოიძებნოს ყველგან, გარდა საქართველოსი! აღნიშნული პუბლიკაციების გვერდით 2008 წლის შემდეგ აქტიურდება აფხაზურ რუსული სამეცნიერო ურთიერთობები, ერთობლივი კვლევები როგორც ისტორიოგრაფიაში,ასევე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. ეს პროცესი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ განკარგულებას ეფუძნება და ამ მიზნით სოხუმში, 2009 წელს შეიქმნა რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელსა „მოსკოვის სახლი“ ეწოდება და მისი ძირითადი მიზანია „კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება რუსეთსა და აფხაზეთს შორის“.

ერთი შეხედვით, აქ საგანგაშო არაფერია _ ასწავლიან რუსულ ენას, კულტურას და ა. შ., მაგრამ აღნიშნული სახლი რეალურად აკონტროლებს სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს, უფრო მეტიც ის არის ამ ურთიერთობების ძირითადი ტონისა და მიმართულების მიმცემი. გარდა ერთობლივი ნაშომებისა, გვაქვს რუსი ხელოვნებათმცოდნეების პუბლიკაციები, რომლებიც ქვეყნდება აფხაზეთსა და რუსეთში. ამ მხრიც აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ჩვენში კარგად ცნობილი პროფესორი ლიუდმილა ხრუშკოვა.

ბუნებრივია, სიძულვილის ენით დაწერილ პუბლიკაციებს აქ ვერ შევეხებით, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ყოველგვარ სანდოობასა და ღირებულებას, თუმცა მსგავსი „ნაშრომების“ ინტერნეტ სივრცეში განთავსება „თავის საქმეს აკეთებს“ და სერიოზულ იდეოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან შექმნილ ნაშრომთა შორის ჩვენს თემატიკას ეძღვნება ანზორ აგუმავას, დენის ჩაჩხალიას, დავით კანდელაკის, ტაჩუ გიცბას და სხვათა პუბლიკაციები. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ აფხაზი ფილოლოგის, მთარგმნელისა და მწერლის დენის ჩაჩხალიას „ნაშრომებს“ „აფხაზურ არქიტექტურაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს პროფესიული განათლება არც ხელოვნებათმცოდნეობაში და არც ისტორიაში, ბოლო პერიოდში აქტიურად წერს საეკლესიო არქიტეტურაზე. 1986 წელს ამ თემატიკას მიუძღვნა მხატვრულ სტილში დაწერილი საგაზეთო სტატია „აფხაზური არქიტექტურის თვითმყოფადი სტილი“, ასევე 1989 წელს აფხაზურ ენაზე ჟურნალ „აფსნი აყაზარა“-ს (აფხაზეთის ხელოვნება) ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი სტატია „მოქვის კათედრალი“. 90-იანი წლების მიწურულიდან აქტიურად ცდის კალამს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.

საყურადღებოა, მისი ორი მონოგრაფია, რომლებიც 2011 და 2016 წლებში გამოქვეყნდა _ „ბიზანტიური არქიტექტურის აფხაზური სკოლა“ და „შუა საუკუნეების აფხაზეთის ტაძრების კომპოზიცია. მისი გავლენა ალანიის, რუსეთისა და ტრაპეზუნდის არქიტექტურაზე“. ნაშრომში „ბიზანტიური არქიტექტურის აფხაზური სკოლა“, ავტორი რამდენიმე ტაძრის მიმოხილვის საფუძველზე ასკვნის რომ „აფხაზური არქიტექტურული სკოლის, აფხაზური ეროვნული სტილის ტაძრებს მიეკუთვნებიან საკულტო ნაგებობანი (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ შავი ზღვის სანაპიროდან და შემდეგ):

ლოოს ტაძარი (ლაზარევის რაიონი. სოჭი.)

ვესიოლოეს ტაძარი (ადლერის რაიონი. სოჭი)

ბზიფის ტაძარი (გაგრის რაიონი, არ)

ახაშ-ნიხას ეკლესია (სოფ. ალახაძე, გაგრის რაიონი)

ბიჭვინთის საპატრიარქო კათედრალური ტაძარი

მსიგხვას ეკლესია (ახალი ათონის გარეუბანში (არ)

სიმონ კანანელის ეკლესია (ახალი ათონი არ)

მოქვის ტაძარი (ს. მოქვა. ოჩამჩირის რაიონი, არ)

გელათის ტაძარი (ქუთაისთან ახლოს, საქართველოს რესპუბლიკა)

მეტეხის ეკლესია (XIV ს.) ქ. თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა

ჩრდილოეთის ეკლესია ქვემო არხიზაში (ყარაჩაევო-ჩერქეზეთი, რფ)

შუა ეკლესია ქვემო არხიზაში (ყარაჩაევო-ჩერქეზეთი, რფ)

ეკლესია სოფელ შოანასთან (ყჩრ, რფ)

ეკლესია სოფ. სენტისთან (ყჩრ, რფ)“.

ავტორი უფრო შორსაც მიდის და კიევის რუსეთის ეკლესიებს _ განსაკუთრებით კი სოფიის ხუთნავიან ტაძარს, ნოვგოროდის, პოლოცკისა და ჩერნიგოვის ფერისცვალების სამნავიან ეკლესიებს აფხაზური სკოლის ძეგლებს მიაკუთვნებს?!. მომდევნო სტრიქონებიდან აშკარად ჩანს, რომ ავტორს ეეჭვება მისი თეზა, მაგრამ მაინც აცხადებს _ „მეცნიერულად შეიძლება, იმის თქმა, რომ ისინი განიცდიან აფხაზური სტილის გავლენას“ და ჩანს „აფხაზური გამოცდილების გამოყენება არქიტექტურული ფორმების მშენებლობაში“. ასე იქცა თავის დროზე, ჩვენს მიერ შეთავაზებული „ქართული არქიტექტურის აფხაზური სკოლა“, ჯერ ბიზანტიური არქიტექტურის აფხაზურ სკოლად, ხოლო ავტორის მომდევნო წიგნში „სკოლა“ ქრება და ვიხილავთ აფხაზურ არქიტექტურას.

იმავე ნაშრომში დენის ჩაჩხალია, ასახელებს ბიზანტიური არქიტექტურის აფხაზური სკოლის ძირითად ნიშნებს: ტაძრების ბაზილიკური ფორმა; სამნავიანობა, როცა შუა ნავი შესამჩნევად გრძელია გვერდებზე; სამაფსიდიანი, გარედან ამოზნექილი აღმოსავლეთის ფასადი, გაგრძელებული (წამოწეული) ცენტრალური აფსდით, რასაც ავტორი აფხაზეთის ტაძრების ყველაზე ექსპრესიულ ნაწილად თვლის. სულ ჩამოთვლილია აფხაზური არქიტექტურის 13 ნიშანი, რაც მას განასხვავებს დანარჩენი სკოლებისაგან. რადგან აღნიშნული

ნიშნები საქართველოს სხვა რეგიონების მრავალი ტაძრისთვის არის დამახასიათებელი, ავტორი თვლის, რომ ისინი აფხაზური სკოლის გავლენას განიცდიან და ბუნებრივია,შექმნილია აფხაზთა სამეფოს ეპოქაში. თუმცა აფხაზთა სამეფოს ქრონოლოგია თუ ვერ ემთხვევა ამ ძეგლების აგების თარიღს, არა უშავს, მთავარია მკითხველი მივიდეს დასკვნამდე, რომ მთელი საქართველო (მათ შორის აღმოსავლეთი და სამხრეთ საქართველოც) ბიზანტიური არქიტექტურის აფხაზური სკოლის ძეგლებით ყოფილა მოფენილი!ცხადია, აფხაზეთი, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მხარე, მდიდარია სხვადასხვა დანიშნულების ქრისტიანული საეკლესიო ნაგებობებით, მათ ახასიათებთ გარკვეული თავისებურებანი, მაგრამ თავისებურებები ყველა ქვეყნის კულტურას, როგორც ადამიანური გამოხატულების განცალკავებულ სამყაროს, გააჩნია. ბუნებრივია, ეს ახასიათებს არქიტექტურასაც, რადგან ის კულტურის უნიკალური ფენომენია, არ სცნობს საზღვრებს და გავრცელების საკუთარი გზები გააჩნია. ვნახოთ ამ თავისებურებებს როგორ ხსნის ქართული ხელოვნების სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი დიმიტრი თუმანიშვილი: „როდესაც აფხაზეთის შუასაუკუნოვან კულტურაზე წამოიწყებენ საუბარს, მხედველობაში უპირატესად იქ შემორჩენილი საეკლესიო ხელოვნების ნაწარმოებები აქვთ“. ბუნებრივია, „აფხაზეთის მხატვრული მემკვიდრეობა, ისევე როგორც მთელი ქართული შავიზღვისპირეთისა, ნაკლებად ჰომოგენურია, რაც განპირობებულია დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში „ჯერ ელინური, შემდგომ ელინისტური, რომაული, და ბოლოს ბიზანტიური პოლიტიკური და კულტურული გავლენით“.

სწორედ აქედან ვრცელდებოდა მთელ საქართველოში კულტურული ელემენტების „იმპორტი“, რამაც ჩვენ, როგორც აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, ბიზანტიური კულტურული წრის ქვეყნებში გაგვაერთიანა, ხოლო კულტურულ ნათესაობას ბიზანტიური ცივილიზაციის პარადიგმა ეწოდა. ქართული ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებზე, განსაკუთრებით საეკლესიო ნაგებობებზე ასახული ეს ნათესაობა, სულაც არ ცვლის საერთო სურათს ძველი ქართული არქიტექტურის ავთენტურობის შესახებ, რადგან ძველი ქართული საეკლესიო ძეგლები თვალსაჩინოდ თვითმყოფადი და განსახვავებულია აღმოსავლური ქრისტიანობის სხვა ძეგლებისაგან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დენის ჩაჩხალიას მეორე მონოგრაფიაКомпозиция храмовсредневековой Абхазиии ее влияние на архитектонику памятников Алании, Руси и Трапезунда, 2016 წელს გამოქვეყნდა და იგი ხუთი თავისაგანშედგება: Трехпритворные храми Абхазиипервого периода, (IX_XI вв.), Храми Алании трехпритворной тектоники, ცალკე თავადაა გამოყოფილი Кутаисская область. Картли и Кахети, როგორც ჩანს ავტორს პრინციპულად არ სურს (ან ზედმეტად არ სურს) გამოიყენოს საქართველოს სახელი, ამიტომ XIX საუკუნის „მეფის რუსეთისდრინდელ“ ტერმინებს იყენებს. ცალკე თავებადაა გამოყოფილი Притворы в зодчестве Древней Руси და Притворыхрамов Трапезунда. გარდა ამისა, წიგნში წარმოდგენილიადასკვნა,საკმაოდ სოლიდური ბიბლიოგრაფია და ფართო ანოტაცია ინგლისურ ენაზე. ბოლოს დამატებულია იმავე ავტორის ნაშრომიТитулатура абхазских царей/აფხაზი მეფეების ტიტულატურა, რომელშიც ავტორი აფხაზ მეფეებად თვლის გაერთიანებული საქართველოს მეფეებს ბაგრატ III-იდან დაწყებული, ვიდრე რუსუდან მეფის ჩათვლით. მონოგრაფია სატიტულო ფურცელზე შედარებით განსხვავებული სათაურით არის წარმოდგენილიТрехпритворная композиция храмов средневековой Абхазиии ее влияние на архитектонику памятников Алании, Руси и Трапезунда და მართლაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას სამაფსიდიან ეკლესიებს უთმობს, რომლებსაც აფხაზური არქიტექტურული სკოლის განსაკუთრებულ ნიმუშებად აცხადებს, მათ შორისაა არა მარტო თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ იმერეთში, ქართლსა და კახეთში ცნობილი ძეგლები:

ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, კუმურდოს ტაძარი ჯავახეთში, მანგლისის ტაძარი, ნიკორწმინდის ტაძარი, ბეთანია, მეტეხის ტაძარი, ფიტარეთი, ბოჭორმის ტაძარი!!!, სვეტიცხოველიც კი და ა. შ. უფრო მეტიც, თბილისის სამების არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ტაძრის მშენებლობისას აფხაზთა სამეფოს იმ არქიტექტურულ ფორმებსა და ტექნიკას ეყრდნობა, რომლითაც აგებულია გელათი, ბაგრატის ტაძარი, მცხეთის სვეტიცხოველი. ანუ, დენის ჩაჩხალიას აზრით, XII საუკუნეში გელათის მშენებლობა აფხაზთა სამეფოს ეპოქაში განხორციელდა, აქამდე ოლეგ ბღაჟბას მიხედვით „ვიცოდით“, რომ აფხაზთა სამეფოს ქრონოლოგია არა VIII-X საუკუნის 70-იან წლებს, არამედ VIII-XI საუკუნეებს მოიცავდა, ვიდრე დავით აღმაშენებლის გამეფებამდე.

დენის ჩაჩხალია აფხაზთა სამეფოს ქრონოლოგიის ახალ, მესამე ვარიანტს გვთავაზობს: VIII-XIII სს.იმავე ნაშრომში ავტორი ქართული ისტორიული მხარის „ტაო“-ს ნაცვლად იყენებს სომეხი ისტორიკოსების მიერ წამოწეულ სომხურ ფორმას _ ტაიკი, ასევე ოშკის ნაცვლად _ ოშკივანქ.თუმცა იმავე ოშკის ტაძარს აფხაზთა სამეფოს დროინდელი აფხაზური არქიტექტურული სკოლის გავლენად მიიჩნევს, რითაც ავტორი წინააღმდეგობაში ვარდება.

დასკვნაში ავტორი მიუთითებს, რომ სამაფსიდიანი ტაძრების გენეზისი აფხაზთა სამეფოს ეპოქაში უნდა მომხდარიყო, გავრცელდა ქუთაისის ოლქში, ქართლსა და კახეთში, ოსეთში, ტრაპეზუნტის მხარესა და ბოლოს ძველ რუსეთში. და რომ აფხაზთა სამეფოს არქიტექტურული სკოლის ფორმები და ტექნიკა დღესაც გამოიყენება ტაძრების მშენებლობისას, თბილისში, რუსეთში და ა. შ.

დამატებით ტექსტში ხშირად ვხვდებით ასეთ „რეფრენებს“: Георгий V (II), царь Абхазский(1072_1089_1112) _ იგულისხმება გაერთიანებული საქართველოს მეფე გიორგი II (1072-1089), რომელიც აფხაზთა სამეფო ტახტს 1112 წლმადე ფლობდა, 1089 წლიდან კიდავით აღმაშენებლის თანამოსაყდრეობით; Давид I (II), Строитель, царь Абхазский (1089_1125) _ საუბარია დავით IV აღმაშენებელზ(1089-1125), Дмитрий IV (I), царь Абхазский (1125_1156) _ დემეტრე I (1125 _ 1156), Георгий VI (III), царь Абхазский (1156_1184)_გიორგი III (1156-1184),Тамар, царица Абхазская (1184_1208).- რა თქმა უნდა იგულისხმება მეფე თამარი, ГеоргийVII Лашаʹ, царь Абхазский (1208_1212_1223) _ გიორგი IV ლაშა (1213-1223), Русудан, царицаАбхазская (1223_1247) _ რუსუდან მეფე (1223- 1245).მართალია ავტორმა გაერთიანებული საქართველოს მეფეების დიდი ნაწილი აფხაზებად გამოცხადა, მაგრამ არსად არ ახსენებს, რატომ წერდნენ ისინი ქართულად, ან თუნდაც ერთს რატომ არ გაუჩნდა სურვილი მშობლიურ ენაზე მოეწყო სამეფო კანცელარია!!!

მესამე ჯგუფის ერთობლივ ისტორიულ „ნაშრომებს“ მიეკუთვნება ის პუბლიკაციები, რომლებშიცაფხაზეთის ისტორიისა და კულტურის საკითხების „კვლევა“ შესრულებულია რუს-მეცნიერებთან ერთად, რითაც ცდილობენ სეპარატისტული ისტორიოგრაფიის შეხედულებებს მდგარდი სახე და მეტი ავტორიტეტულობა შესძინონ; უფრო მეტიც, ხშირ-შემთხვევაში, ამ კვლევებში აფხაზეთის ისტორია და კულტურა წარმოჩენილია „რუსულ-აფხაზური“ისტორიული რაკურსით, ანუ, იმპერიულ-სეპარატისტული იდეოლოგიის ნაზავით;ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რუსი მკვლევრები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან საკითხს და ზემოთხსენებულ მონოგრაფიებსა და სტატიებში გამოთქმულ თეზებს ნაკლებად იყენებენ.

2011 წელს სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ქრისტიანულ ჰუმანიტარული აკადემიის ეგიდით გამოქვეყნდა აფხაზი და რუსი ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების კოლექტიური ნაშრომი „Искусство Абхазского царства VIII-XI веков“. წიგნი გამოცემულია მაღალპოლიგრაფიულ დონეზე და დაფინანსდა რუსეთის ჰუმანიტარულ კვლევათა ფონდის სპეციალური გრანტით.

მონოგრაფია უკანასკნელ წლებში „აფხაზთა სამეფოს“ წარსულის შესწავლის მიზნით შესრულებულ კვლევებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს. წიგნში თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი ისტორიული ნარკვევი „აფხაზთა სამფოს“ შესახებ, ანაკოფიის ციხე-სიმაგრის საეკლესიო არქიტექტურა და ქვის რელიეფები, ანაკოფიის მთის ეპიგრაფიკული და სიძველეთა იკონოგრაფიული მასალების კატალოგი. წიგნს ახლავს ტაბულები, დანართი, შემოკლებათა და გამოყენებული ლიტერატურის სია. ნაშრომის დიდ ღირსებას წარმოადგენს ანაკოფიის ციხე-სიმაგრის მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალა, რომელთა დიდი ნაწილი ადრეც იყო ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, მაგრამ ნაწილს პირველად ეცნობა მკითხველი. მიუხედავად ამისა, „აფხაზთა სამეფოს“ ხელოვნების შესწავლა და განსხვავებულ ისტორიულ დისკურში წარმოჩენა, მხოლოდ ამ მასალის საფუძველზე, დაუშვებლად მიგვაჩნია.

ავტორთა კოლექტივი ცდილობს ფართო კულტურულ-ისტორიულ ჭრილში, ბიზანტიური და კავკასიური ანალოგიების გათვალისწინებით განიხილოს ანაკოფიის ქრისტიანული ხელოვნების ძეგლები და მის საფუძველზე წარმოაჩინოს „აფხაზთა სამეფოს“ ხელოვნება და ისტორია. წიგნის ყველა თავი, გარდა ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგისა, დატვირთულია ისტორიული მასალითა და პარალელებით, რაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოწვეულია ავტორთა მცდელობით კარგად „შეფუთონ“„აფხაზთა სამეფოს“ პოლიტიკური ისტორიის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები და შექმნან მყარი ბაზა ამ სახელწიფოს ქართული კულტურული და პოლიტიკური სამყაროდან მოწყვეტით წარმოსაჩენად. სამწუხაროდ, წიგნში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოკვეთილად იგრძნობა სეპარატისტული ნომენკლატურის გავლენა და მთლიანად მიმართულია დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გამართლებისაკენ. რაც მიუღებელი და დაუშვებელია ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის გზაზე და მით უფრო გაგუგებარია ხელოვნების ისტორიის კვლევის პროცესში.

აფხაზთა სამეფოს შესახებ ისტორიული ნარკვევში (ავტორი არქეოლოგი და ისტორიკოსი ოლეგ ბღაჟბა) უგულვებელყოფილია ქართული საისტორიო წყაროების როლი და მნიშვნელობა „აფხაზთა სამეფოსა“ და ანაკოფიის ისტორიის შესწავლის საკითხში, დარღვეულია „აფხაზთა სამეფოს“ ქრონოლოგია, დაკნინებულია „აფხაზთა მეფეთა“ სახელმწიფოებრივი და და კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა, არამარტო თანამედროვე აფხაზეთის, არამედ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ავტორი ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე ცდილობს მკითხველს თავს მოახვიოს მცდარი მოსაზრება საქართველოს სამეფო დინასტიის წარმომავლობის შესახებ, საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხე-სიმაგრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები წარმოჩენილია, როგორც „აფხაზთა სამეფოს“ ისტორია.

წიგნის მომდევნო თავში „ანაკოფიის ციხის საეკლესიო არქიტექტურა“ (ავტორები დენის ბელეცკი, ანდრეი ვინოგრადოვი), ანაკოფიის ციხე-სიმაგრის ქრისტიანული არქიტექტურა და იკონოგრაფიული მასალები გაანალიზებულია კულტურულ-ისტორიულ ჭრილში, მოტანილია პარალელები ბიზანტიურ და კავკასიურ მასალებთან (შეიძლებოდა გაცილებით ახლო ანალოგების მოტანა საქართველოს სხვა რეგიონების საეკლესიო ხუროთმოძღვრებიდან). მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არ არიან უკიდურესად არაობიქტურები, მაგ. როცა საუბრობენ გაერთიანებულ საქართველოზე, აფხაზი კოლეგებისაგან განსხვავებით, აფხაზთა სამეფოს ნაცვლად იყენებენ ტერმინს აფხაზეთ-ქართლის სამეფო, მათი კვლევის შედეგები რეალურად ამაგრებს ი. ვორონოვისეულ შეხედულებას აფხაზეთში ბიზანტიური ხუროთმოძღვრების აფხაზურ-ალანური სკოლის არსებობის შესახებ. წიგნის ზოგიერთი თავების გაცნობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი არ იცნობს, ან არ სცნობს წინა თაობის ისტორიკოსთა ფუნდამენტალურ შრომებს „აფხაზთა სამეფოს“, ზოგადად რეგიონის ხუროთმოძღვრებისა და იკონოგრაფიული კვლევების შესახებ.სწორედ რუსი მეცნიერების დამსახურებით, წიგნს მაღალი აკადემიური ღირებულება აქვს, მიუხედავად ამისა, მასში დაშვებული შეცდომები და „აფხაზთა სამეფოს“ კულტურული მემკვიდრეობის ამგვარი რაკურსით წარმოჩენა ცვლის ფაქტობრივ ისტორიულ სურათს, აკნინებს მის მდიდარ წარსულს და საფუძველს აცლის „აფხაზთა სამეფოს“,როგორც მედიევისტური ეპოქის სახელმწიფოს ისტორიულ დისკურსში განხილვას.

აფხაზურ _ რუსულ ერთობლივ კვლევებს შორის საყურადღებოა 2017 წელს რუსეთის ელექტრონულ სამეცნიერო -პრაქტიკულ ჟურნალში („ჰუმანიტარული სამეცნიერო კვლევები“) გამოქვეყნებული ნაშრომი „შუა საუკუნეების აფხაზეთის ქრისტიანული ტაძრები“, რომლის ავტორები არიან გალინა ტრებელევა და სურამ საქანია. იმავე სურამ საკანიას ეკუთვნის კიდევ ერთი ნაშრომი „შუა საუკუნეების აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრება“ საკმაოდ სოლიდურ გამოცემაში „აფხაზები“. ერთობლივ ნაშრომში შესწავლილია გაგრის საეკლესიო ხუროთმოძღვრება, მათ შორის განხილულია ტაძრები: ცანდრიფში (განთიადის ბაზილიკა), ხაშუფსე, გეჩრიფშის ტაძარი, გაგრის ეკლესია, ალახაძის საეკლესიო კომპლექსი, ბიჭვინთის ტაძარი და მის ირგვლივ არსებული ეკლესიები, ჭიბურნიხის ეკლესია, ბზიფის ტაძარი და ლიძავის ეკლესია. ამ ტაძრების ნაწილი მანამდე არ ყოფილა შესწავლილი, შესაბამისად აღნიშნული ნაშრომი მნიშვნელოვან შენაძენად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევებში გაზიარებული არ არის წინა ეპოქის მკვლევართა შეხედულებები.

როცა ვსაუბრობთ აფხაზეთის არქიტექტურულ ძეგლებზე, ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით ლიუდმილა ხრუშკოვას ნაშრომებს. მას მუშაობა მოუწია საბჭოთა ეტაპზე, ბოლო პერიოდში და დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას, შესაბამისად, მას დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის კულტურის ძეგლების კვლევის საქმეში. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ლიუდმილა ხრუშკოვას XX საუკუნის 80-იანი წლების შრომები მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი კვლევებისაგან: როგორც ჩანს, განსხვავებულია კვლევის მიზნები და ამოცანები, ჰიპოთეზა, აქცენტები და მიმართულებები, შესაბამისად განსხვავებულია კვლევის შედეგებიც. მაგრამ ეს სხვა, უფრო ფართო კვლევის საგანია და ამჯერად აქ აღარ შევჩერდებით.

ჩვენს მიერ ზემოთ მოხმობილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის სამივე ეტაპზე არსებული მთელი რიგი პრობლემები, კომპლექსური კვლევების არ არსებობა, ტაბუდადებულ თემათა საკითხი, ადგილზე სპეციალისტთა მომზადების, ან გადამზადების პრობლემა, მხარის ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები: იმპერიის წიაღში შექმნილი ახალი კონცეფციებისა და თეორიების წამოწევა, რამაც მიზანმიმართულად, თანდათან უნდა დაარწმუნოს ადგილზე დარჩენილი და გამოდევნილი მოსახლეობა, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, უბრალო მკითხველიც კი, რომ აფხაზეთი არც ისტორიულად და არც პოლიტიკურ_ კულტურული თვალსაზრისით არ წარმოადგენს საქართველოს ნაწილს.

ჩვენს მიერ განხილული სამი ეტაპიდან ნაშრომში გაცილებით მეტი დრო დავუთმეთ მესამე ეტაპს, რადგან ეს არის ყველაზე პრობლემატური პერიოდი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის ისტორიაში, რადგან

1. საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ და ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორ _ რესტავრატორები, ეპიგრაფიკის მკვლევრები და ფრესკული ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის სპეციალისტები მოკლებულნი არიან ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას.

2. ოკუპაციის პირობებში, ამ საკითხის მოგვარება რთულია, მაგრამ როცა არსებობს პრეცენდენტები მსოფლიოს მსგავს რეგიონებში მკვლევართა სპეციალური მანდატით დაშვებისა, ეს ქეისები შეიძლება ჩვენც ეფექტურად გამოვიყენოთ;

3. ის სპეციფიკა, რომელიც ამ ძეგლების რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესს ახლავს, სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. შესაბამისადად, ჩვენ უნდა შევძლოთ ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესება, სპეციალური მომზადება და მათთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ არსებული ძეგლების გადარჩენისთვის ზრუნვა.

4. აღნიშნული ძეგლების ავთენტურობის დაკარგვის პარალელურად ახალი კონცეფციებისა და თეორიების შემუშავების იმპერიული იდეოლოგიის საპირწონედ, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ადამიანური და მატერიალური რესურსის გაერთიანება კომპლექსური, ინტერდისციპლინარული კვლევების შესაქმნელად, რომელიც აკადემიური ეთიკის დაცვით, არგუმენტირებულად უპასუხებს ახალ გამოწვევებს.

და ბოლოს, მსგავსი კონცეფციების შეთხზვა არამარტო ადგილობრივი ქართული მოსახლეობის, არამედ აფხაზთა ისტორიული ფესვებიდან მოწყვეტის, მათი იდენტობის დაკარგვის, არსებულ ფაქტობრივ რეალობასთან (ოკუპაცია) იოლად ადაპტირების ერთ-ერთი საშუალებაცაა.

წიგნის ელ-ვერსია: