აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები.
ჯემალ გამახარია


	

აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის.ფართობი შეადგენს 8.7 ათას კვ. კმ-ს, დედაქალაქი არის სოხუმი. ამაჟამად აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ქართული სახელმწიფოებრიობა, სულ ცოტა, 35 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან არსებული ძველი კოლხეთის სამეფო საქართველოს თანამედროვე ტერიტორიის მეტ ნაწილს მოიცავდა, მათ შორის მდ. ენგურიდან მდ. ფსოუმდე მდებარე მონაკვეთს. ეთნიკური, პოლიტიკური, კულტურული თვალსაზრისით, იგი მუდამ ქართულ სამყაროს მიეკუთვნებოდა და უძველესი დროიდან ქართველთა წინაპრებით იყო დასახლებული. აღნიშნული ტერიტორია უძველესი დროიდანვე უწყვეტად შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ან იყო სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა შემოსევების შედეგად დროებით დანაწევრებულ საქართველოში აღმოცენებული ცალკეული პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ერთეულების_ კოლხეთის/ლაზიკის/ეგრისის, აფხაზეთის/იმერეთის სამეფოების, ოდიშის/სამეგრელოს სამთავროს, მოგვიანებით _ ქუთაისის გუბერნიის ორგანული ნაწილი. ასეთია ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ცალსახადაა დადასტურებული ქართულ, ძველბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ, აღმოსავლურ, ევროპულ, რუსულ ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში. ჭეშმარიტების აღიარება არ სურთ მხოლოდ სეპარატისტებსა და მათ „მფარველებს“, რომლებიც XXსაუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. სეპარატისტული ისტორიოგრაფია ეწევა საქართველოს წარსულისა და თანამედროვეობის გაუგონარ ფალსიფიკაციას. ამ გზით ცდილობს იგი რუსული ოკუპაციისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების გამართლებას, „ისტორიულ დასაბუთებას“. უკანასკნელი ორი-სამი ათეული წლის მანძილზე უკუდურესად დაკნინებული აფხაზური ისტორიოგრაფიის „მიღწევები“ შეჯამებულია ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ავტორობით 2006 წელს გამოსულ აფხაზეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში,აგრეთვე იმავე ავტორების მიერ 2007 წელს გამოცემულ წიგნში «История Абхазии», რომელიც ფაქტობრივად სასკოლო სახელმძღვანელოს იდენტურია, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი. სასკოლო სახელმძღვანელოს მეორე გამოცემა 2015წელს განხორციელდა. აღნიშნული გამოცემები ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდებიან. 2006 _ 2007 წლების გამოცემებს არაერთი კრიტიკული რეცენზია მიუძღვნა ზურაბ პაპასქირმა. ქართულ-რუსულ ენებზე დაწერილი ეს რეცენზიები 2009, 2010, 2012,2016 წლებში გამოქვეყნდა. გამოთქმული შენიშვნები მთლიანად ეხება 2015 წელს გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოსაც. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას,აგრეთვე სეპარატისტულად განწყობილ სხვა ავტორთა წიგნების სრულფასოვანი კრიტიკული ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც ისინი თავიდან ბოლომდე ანტიქართულ იდეოლოგიაზე, ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიცრუეზე, ისტორიის ტოტალურ გაყალბებაზეა აგებული. მსგავსი „შრომების“ რეცენზირებისას მეცნიერებს მოუწევთ ყოველი აბზაცის, შესაძლოა ყოველი წინადადების განხილვა. რეცენზენტი იძულებული გახდება ამა თუ იმ წიგნის, არსებითად სიცრუის კრიტიკას მთელი ტომები მიუძღვნას. ეს კი შედეგის ანუ ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილების თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტური იქნება. შექმნილ ვითარებაში უფრო ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო. კერძოდ, მეცნიერული აზრისაგან, ელემენტარული ობიექტურობისაგან დაცლილ სეპარატისტულ ანტიისტორიას უნდა დაუპირისპირდეს მეცნიერული,

ყოველმხრივ დასაბუთებული, მრავალფეროვან წყაროთა მონაცემებზე დაფუძნებული ჭეშმარიტი ისტორია. საკითხისადმი ამგვარი მიდგომით, ქართულმა ისტორიოგრაფიამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძველესი დროიდან დღემდე საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი, ზურაბ პაპასქირი. მოცემულ ეტაპზე ობიექტურად წარმოიშვა იმის აუცილებლობა, რომ ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევები აფხაზეთის ისტორიის შესწავლის საქმეში ხელმისაწვდომი გახდეს ფართო მკითხველისთვის, პირველ რიგში, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, პედაგოგებისთვის. ინტერესი აფხაზეთის პრობლემატიკისადმი, მოთხოვნილება შესაბამის ლიტერატურაზე დღითიდღე იზრდება;საქართველოს ისტორიის არსებული სახელმძღვანელოები კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. სწორედ ეს გახდა კლასგარეშე საკითხავი წიგნის „აფხაზეთის, საქართველო, ისტორიის საკითხები“ მომზადებისა და გამოცემის მიზეზი. წინამდებარე წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლებისთვის, უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. მისი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიით დაინტერესებული მოსწავლეების ხელშეწყობა სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებაში. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე და თემებზე, რომელთა ფალსიფიკაციას განსაკუთრებული მონდომებით ეწევა სეპარატისტული ისტორიოგრაფია. ეს არის პოლიტიკური, ეთნიკური და საეკლესიო საკითხები უძველესი დროიდან დღემდე. სწორედ ამ საკითხების გარშემო საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს დისკუსია ქართველ მეცნიერებსა და ისტორიის გამყალბებლებს შორის.

წიგნის ელ-ვერსია: