აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.
ჯემალ გამახარია


	

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992-1993 და შემდგომ წლებში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს თავისი მასშტაბებით, სისასტიკით, ადამიანთა წამების, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მეთოდების მრავალფეროვნებით ანალოგი არ მოეპოვება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში. როგორც ქვემოთ მოტანილი კონკრეტული მაგალითები მოწმობენ, თვით გერმანელი ფაშისტებიც კი უფრო “გულმოწყალენი” იყვნენ, ვიდრე აფხაზეთის საზარელი ტრაგედიის ავტორები _ რუსი ოკუპანტები და მათი მარიონეტები _ სეპარატისტები თუ დაქირავებული მკვლელები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ცოტა რამ თუ იცის მათი ველურობისა და კაციჭამიობის შესახებ. ამ გამხეცებულ ავაზაკთა სინდისზეა სრულიად დაუცველი მშვიდობიანი მო ქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, პედაგოგების, ექიმების, კულტურისა და ხელოვნების მუშაკების, ხანდაზმული, ავადმყოფი თუ უნარშეზღუდული ადამიანების ეთნიკური ნიშნით მასობრივი განადგურება, მრავალი ქართული დასახლებული პუნქტის აღგვა პირისაგან მიწისა.

აფხაზეთის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თავის დროზე დაგმეს თვით ოკუპანტი ქვეყნის შემოქმედებითი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელებმაც (ო. ეფრემოვი, ო. ტაბაკოვი და სხვები). რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინისადმი მიმართვაში, რომელიც აფხაზეთის ტრაგიკული მო ვლენების ცხელ კვალზე გამოქვეყნდა, ისინი წერდნენ: “ორმოცი წლის წინ ფაშისტების მიერ განადგურებული დასახლებების _ ორა დურის (საფრანგეთი _ ჯ. გ.), ლიდიცეს (ჩეხეთი _ ჯ. გ.), ხატინის (ბელორუსი _ ჯ. გ.) _ ტრაგიკული სია ახლა აფხაზეთის სოფლებისა და რაიონების უმრავლესობის სახელწოდებებით შეიძლება შეივსოს. გვესმის რა გენოციდისაგან დაზარალებულთა მდგომარეობა, გონი ვრულად და გამართლებულად მიგვაჩნია გულისწყრომის ბუნებრივი გრძნობა კანონის ჩარჩოში მოექცეს და ამით თვითგასამართლებები და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აღიკვეთოს. ამიტომაც საჭიროდ ვთვლით, აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით მასობრივი განადგურების ფაქტების გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას და როგორც სამხედრო დამნაშავეების, ისე მათ დასჯას. ბორის ელცინისადმი მიმართვა, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. კრემლის მესვეურებს, ანუ აფხაზეთის ტრაგედიის მთავარ შემოქმედთ, არც უფიქრიათ დამნაშავეთა დასჯაზე. პირიქით, ისინი მფარველობდნენ მათ და ახალი დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებდნენ.

ძალიან მალე, 1994 წლის ივნისში, აფხაზეთში “მშვიდობისმყოფელად” გამწესებული რუსეთის ხელისუფლების მეცადინეობითა და ქართული მხარის არათანმიმდევრული ქმედებების გამო, ვერ მოხერხდა აფხაზეთის მოვლენების ობიექტური შეფასება. რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც მისი კატასტროფული შედეგები განაპირობა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად შეირაცხა; აგრესორსა და მოძალადეს კი “მშვიდობისმყოფელის” სტატუსი მიენიჭა. ამავე დროს, ოკუპანტის მიერ აფხაზეთში ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს მხოლოდ ეთნიკური წმენდა დაერქვა, შესაბამისად, მთელი ყურადღებაც იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე იქნა გადატანილი. პირველ რიგში, ასეთი იყო საერთაშორისო ორგანიზციების (გაერო, ეუთო და სხვ.) პოლიტიკა. ისინი ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციით შემოიფარგლნენ, თანაც მთავარი პასუხისმგებლობა არა „სამშვიდობო ძალად“ ტრანსფორმირებულ რუს ოკუპანტებს, არამედ მარტო სეპარატისტებს დაეკისრათ, რაც იყო და არის დიდი შეცდომა. გაუგონარი მეთოდებით მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურების თემამ უკანა პლანზე გადაიწია და, თუ მხედ ველობაში არ მივიღებთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გენოციდის მუხლით დღემდე მიმდინარე გამოძიებას, თანდათანობით აქტუალობაც დაკარგა. ამით სარგებლობს ოკუპანტი და უკვე დიდი ხანია ცდილობს თვით იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, რაზეც ჟენევის დისკუსიებზე, გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი დესტრუქციული პოზიცია მიუთითებს. ეს ყოველივე გახლავთ ლოგიკური შედეგი აფხაზეთთან დაკავშირებით თავის დროზე გაკეთებული მცდარი შეფასებებისა და მათი შესაბამისი ასევე მცდარი პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში აწარმოებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას სავსებით მართებულად გენოციდის კვალიფიკაცია მისცეს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს მიღებული აქტები, სამწუხაროდ, ქაღალდზე დარჩა, რადგანაც, სუბიექტური და ნაწილობრივ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა სწორი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებების პრაქტიკული პოლიტიკის რანგში აყვანა. უკვე დადგა აღნიშნული აქტებისა და მათში მოცემული შეფასებების მიმდინარე პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნების ჟამი, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას უნდა მიეცეს ნამდვილი კვალიფიკაცია _ ქართული მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი, რომლის უკან დგას რუსეთის ფედერაცია. საქართველოს პარლამენტის მხრიდან სათანადო მიმართვის გაგზავნის შემთხვევაში არა ერთი და ორი ცივილიზებული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის ფაქტს. არ უნდა გამოირიცხოს გენოციდის დანაშაულის (რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია) ჩამდენთა მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების პერსპექტივაც.

ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს პოზიციების გაძლიერებას, არაღიარების პოლიტიკის შემდგომ წარმატებას. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ უხეშ ფიზიკურ ძალაზე ორიენტირებული ოკუპანტი სახელმწიფოს ყოველი მარცხი საერთაშორისო არენაზე, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ სამართლებრივ სარბიელზე განხორციელებული ყოველი წარმატებული შეტევა არა თუ ზედმეტად არ გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას აფხაზ ხალხთან, არამედ, პირიქით, ახალ პოზიტიურ დინამიკას შესძენს მასთან შერიგების, ნდობის აღდგენის ერთადერთ სწორ ქართულ სახელმწიფო პოლიტიკას.

აფხაზთა ბუნებისა და ეროვნული ფსიქოლოგიის ელემენტარულ დონეზე მცოდნე ადამიანს ამ შემთხვევაში დამატებითი შეკითხვა არ გაუჩნდება ან არ უნდა გაუჩნდეს. რუსეთმა მშვენივრად იცის მის მიერ აფხაზეთში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ _ იმ დანაშაულის შესახებ, რომელსაც ხან დაზმულობის ვადა არ გააჩნია. ამიტომაც მიმართავს იგი გაღმა შედავების პოლიტიკას. რუსეთი არა მხოლოდ მავთულხლართებით მიჯნავს აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსაგან, არამედ იქვე ცდილობს ტოტალური დეზინფორმაციის კედლის აღმართვას. ამ კედლის დანგრევის, ოკუპანტის მხილების, აფხაზეთის ტრაგედიის შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ობიექტური სურათის დამკვიდრებისა და დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურებისთვის ხელის შეწყობის მიზანს ემსახურება წინამდებარე წიგნი.

1992-1993 და შემდგომ წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების, ცალკეული ფაქტების აღნუსხვა, მათი პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი ყოველთვის წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას. ოკუპირებული რეგიონების თანდათანობითი ანექსიის თანამედროვე რუსული პოლიტიკის ფონზე ამ საქმიანობამ უკანასკნელი წლების მანძილზე ახალი დინამიკა შეიძინა, ის უფრო ღრმა, კომპლექსური და მასშტაბური გახდა. რაც მთავარია, წინ წამოიწია გენოციდის მივიწყებულმა თემამ. ინგლისურ და რუსულ ენებზე უკვე მომზადდა და საკმაოდ ფართოდ ვრცელდება გამოცემები, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობას, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფოსა და სეპარატისტთა მცირე ჯგუფის მიერ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის სათანადოდ გაცნობიერებისა და გათავისების საშუალებას აძლევს.

წინამდებარე წიგნი „აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ ძირითადად ქართველი მკითხველისთვის, პირველ რიგში, პოლიტიკური და სა მეცნიერო-საექსპერტო წრეებისთვის არის განკუთვნილი. იგი ოთხი ნაწილისაგან და ვრცელი დანართისაგან შესდგება.

პირველ ნაწილში „აფხაზეთი, საქართველო: ისტორიისა და პოლიტიკის საკითხები“

მოკლედ არის გაშუქებული აფხაზეთის პოლიტიკური ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. ყურადღება გამახვილებულია საკამათო საკითხებზე, რომელთა ფალსიფიკაციასაც ეწევიან როგორც სეპარატისტები, ისე რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები ვ. პუტინისა და ს. ლავროვის ჩათვლით. წიგნში მოტანილი მასალები ამხელენ რა ფალსიფიკატორებს, ცალსახად ადასტურებენ საქართველოს ისტორიულ უფლებას თავის ძირძველ ტერიტორიაზე, ამასთანავე არანაირად არ უგულვებელყოფენ აფხაზთა კანონიერ პოლიტიკურ უფლებებს.

პირველ ნაწილში საუბარია აგრეთვე 1992 _ 1993 წლების ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, პოსტსაბჭოთა პერიოდის რუსულ-ქართულ ურთიერ თობებზე, ომის შედეგად ავტონომიურ რესპუბლიკაში დატრიალებულ ტრაგედიაზე (რომელიც დღემდე გრძელდება), რუსეთის იმპერიალისტური, ანექსიონისტური პოლიტიკის გააქტიურებაზე, ავტონომიური რესპუბლიკის დეოკუპაციისკენ მიმართული დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე და ა. შ.

წიგნის მეორე ნაწილი _ „რუსეთი და 1992-1993 წლების ომი აფხაზეთში“_ ეხება სეპარატისტებთან და სხვა უკანონო ბანდიტურ შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად რუსეთის საჯარისო ნაწილების უშუალო მონაწილეობას აფხაზეთის ომში. განხილულია ამ მონაწილეობის სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური და დიპლომატიური პარამეტრები, აგრეთვე გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული შედეგები. გაკეთებულია დასაბუთებული დასკვნები იმის შესახებ, რომ ომის ტრაგიკული შედეგები სწორედ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა; რომ თავისი ხასიათით ის იყო არა იმდენად ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი, არამედ სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის; რომ აფხაზეთში გაჩაღებული რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს წინააღმდეგ ტიპოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენდა სინთეთიკური ხასიათის ჰიბრიდულ ომს მრავალწახნაგოვანი და მრავალგანზომილებიანი ფორმატით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წიგნის მესამე ნაწილს _ „1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს და შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის დანაშაულის სამართლებრივი ანალიზი~. ეს არის არა „საბრალდებო დასკვნა“, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივი შინაარსის გამოკვლევა, რომელიც ააშკარავებს აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. სამართლებრივი ანალიზი ჩატარებულია ამ საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დასკვნისა და დიდძალი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე, რომელიც წინამდებარე წიგნის მეოთხე ნაწილში ქვეყნდება.

საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ნორმების, აგრეთვე საერთაშორისო ტრიბუნალებისა და ეროვნული სასამართლოების მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოტანილია დასაბუთებული დასკვნა, რომ 1992-1993 და შემდგომ წლებში აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ქმედებას 1948 წლის 9 დეკემბრის გაეროს „გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის“ მე-2 მუხლის (გენოციდის დანაშაული) ფარგლებში. განხილულია საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1993 წლის 8 ივლისს დამატების სახით შეტანილი 651-ე მუხლის (სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის 407-ე მუხლი) მანამდე ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეტრო აქტიულად გავრცელების შესაძლებლობის შესახებ.

მესამე ნაწილის მომზადებისას მის ავტორს თამარ ჯაფარიძეს დიდად დაეხმარა სოლიდური პირადი გამოცდილება, რომელიც მან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიძინა, სადაც იგი ამჟამადაც მუშაობს.

მეოთხე ნაწილს შეადგენს „აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის მსხვერპლთა სახელობითი სია“. იგი შედგენილია აფხაზეთის რაიონების, ქალაქებისა და სოფლების მიხედვით. დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, სიაში შეტანილია ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ უმოწყალოდ დახოცილი 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. შესაბამისი მასალების შეგროვება და ამგვარი სიის შედგენა ომის პირველი დღეებიდანვე დაიწყო და კვლავაც გრძელდება. აღნიშნული საკითხით დაკავებული იყვნენ და დღესაც დაკავებული არიან როგორც საქართველოს მთავარი (გენერალური) პროკურატურა, ისე დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმური სტრუქტურები.

ეთნიკური წმენდა/გენოციდის მსხვერპლთა შესახებ სათანადო ინფორ მაციის შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, თავის დროზე უმაღლეს საბჭოსთან და აგრეთვე რაიონულ ადმინისტრაციებთან სპეციალური სამსახური შეიქმნა. 1992 წლიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში აღნიშნული კუთხით ადამიანთა დიდი ჯგუფის, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მიერ გაწეული მუშაობის შედეგები ასახულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის ავტორობით ან რედაქტორობით შესრულებულ პუბლიკაციებში და სხვა გამოცემებში. 2012 წლიდან, როცა მიზნად იქნა დასახული აფხაზეთში ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასება, გააქტიურდა საქმიანობა ეთნოწმენდა/გენოციდის მსხვერპლთა ადრე შედგენილი სიების დასაზუსტებლად და შესავსებად. ამ კუთხით გაწეული მუშაობის შედეგებმა ასახვა ჰპოვეს 2015 და 2016 წლებში ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებულ გამოცემებში. ეთნოწმენდა/გენოციდის მსხვერპლთა სიების გადამოწმებამ გამოავლინა სერიოზული ხარვეზები. მათი გამოსწორების აუცილებლობის შესახებ ამ სტრიქონების ავტორმა 2016 წლის 11 ნოემბერს ოფიციალური წერილით მიმართა აფხაზეთის ა/რ მთა ვრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას. წერილში ნათქვამია:

`ბატონო ვახტანგ,

გიდასტურებთ რა ღრმა პატივისცემას, შეგახსენებთ იმ დიდი მუშაობის თაობაზე, რომელიც აფხაზეთში დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ომის პირველი დღეებიდანვე მიმდინარეობდა. ამ საკითხით იყვნენ დაკავებული ჩვენი რაიონული ადმინისტრაციები, აფხაზეთის სახალხო დამცველის აპარატი, ამ უკანასკნელის რეორგანიზაციის შემდეგ-უმაღლეს საბჭოსთან არსებული იგპ-თა უფლებების დაცვის სამსახური, რომელიც შემდგომში აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში გადავიდა. 2000 წლამდე ჩატარებული მუშაობის შედეგები არაერთხელ გამოიცა აწ განსვენებული თ. ნადარეიშვილის სახელით.

2012 წლიდან დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა და ისახავს არა იმდენად სიების შედგენას, არამედ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის, მისი პოლიტიკური და განსაკუთრებით სამართლებრივი ასპექტების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინფორმირებას, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის თემის წინ წამოწევას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა წიგნი „აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოებრიობის სამსჯავროზე“. პროექტის განხორციელებაში მეცნიერების, პრაქტიკოსებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების ორივე შტოს წარმომადგენელთა დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დევნილთა დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ასევე ცალკეული პიროვნებების თანადგომა და მხარდაჭერა. მათი ძალისხმევით, წარმოჩინდა ადრე დაშვებული სერიოზული ხარვეზები თავისი არსით ტექნიკური ხასიათის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარებაში, კერძოდ, ეთნოწმენდა-გენოციდის მსხვერპლთა სიის შედგენასა და დაღუპულთა შესახებ მონაცემების შეგროვებაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადრე შედგენილი სიები არასრულია; ამავე დროს, გაირკვა, რომ არც თუ ისე ცოტა რაოდენობით მასში მოხვდნენ ცოცხალი ადამიანებიც, აგრეთვე სამხედროები; არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვა სახელით (ოფიციალურით და მოფერებითი სახელებით) სიაში ორჯერ ფიგურირებს; ხშირად მონაცემები დაღუპულთა შესახებ ძალზე მწირია (არ არის მითითებული ასაკი, დაღუპვის თარიღი და გარემოებები...); ზოგიერთი დაღუპული სხვა მისამართზეა (სხვა სოფელში) დაფიქსირებული. ნათესავებთან შეთანხმებით, გასარკვევია უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხი...

ზემოხსენებული პროექტის განხორციელებაში ჩართული ადამიანების რუდუნებამ შესაძლებელი გახადა ამ და სხვა ხარვეზების მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორება, რაც აისახა კიდევაც ახლახან განხორციელებულ რუსულენოვან გამოცემაში „აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია რუსეთის საზოგადოებრიობის სამსჯავროზე“.

წიგნის ხუთ ეგზემპლარს აქვე გაახლებთ. მასში მოტანილი მონაცემები ამ დროისათვის ყველაზე სრული და ზუსტია, მაგრამ ის ვერ იქნება და არც არის თავისუფალი ზემოაღნიშნული ხარვეზებისაგან.

წიგნში წარმოდგენილ სიასაც შემდგომი შევსება, დახვეწა სჭირდება. საამისოდ აუცილებელი სამუშაოები დღეს თუ არ შესრულდა, ახლო მომავალში, გასაგები მიზეზების გამო, იგი ვერც შესრულდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ვერ და არ შეურიგდებით იმ სავალალო და სამარცხვინო ფაქტს, როდესაც ომის დამთავრებიდან 23 წლის შემდეგაც, მიზეზთა გამო, ჩვენ არ გაგვაჩნია ეთნიკური წმენდა-გენოციდის მსხვერპლთა სრულყოფილი სახელობითი სია შესაბამისი მოკლე მონაცემებით თითოეულ დაღუპულზე. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა-გენოციდის მსხვერპლთა მაქსიმალურად სრულყოფილი სიის შედგენის მიზნით, სათანადო დავალებები მისცეთ დევნილთა დეპარტამენტსა და სამთავრობო რეგიონალურ წარმომადგენლობებს. ისინი უნდა მივიდნენ აფხაზეთის თითოეული დასახლებული პუნქტის დევნილ ხელმძღვანელამდე ან ყოფილ ხელმძღვანელამდე, იგპ-თა თითოეულ ჩასახლებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ დევნილამდეც კი, რათა მათი დახმარებით მოხდეს სიების გადამოწმება...

დღეს მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენს თანამემამულეთა მეხსიერებას ჯერ კიდევ შემორჩენილი მონაცემების შეკრება და, საბოლოო ჯამში, ისეთი სიის დადება, როგორიც ეკადრება ეთნიკური წმენდა _ გენოციდის მსხვერპლთა სამარადისო ხსოვნას, როგორიც ეკადრება აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას“.

აღნიშნულ წერილობით მიმართვას აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მყისიერი და ადექვატური რეაგირება მოჰყვა. მეორე დღესვე, 2016 წლის 10 ნოემბერს, მთავრობის ხელმძღვანელმა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსს შემდეგი დავალება მისცა:

 „ბატონ კ. კუჭუხიძეს, გთხოვთ, მიიყვანოთ ბოლომდე დაწყებული საქმე. ჩავრთოთ ჩვენი წარმომადგენლობა. ვ. ყოლბაია“. დავალების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსმა ბ-ნმა კოტე კუჭუხიძემ 2016 წლის 18 ნოემბერს გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომელშიც ნათქვამია:

1. 1992-1993 და შემდგომ წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა მონაცემების დახვეწა-დაზუსტების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) კონსტანტინე კუჭუხიძე _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის უფროსი;

ბ) ბულისკერია გიორგი _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,

სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) დემურ კეკელია _ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ზაზა ჩაჩავა _ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ალექსანდრე ჩიკვაიძე _ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) მევლუდ ჯაჭვლიანი _ ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონო მიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) რომან კოკაია _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მარ თვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) მურმან ჩხოტუა _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალისტი (შტატგარეშე მოსამსახურე), სამუშაო ჯგუფის წევრი;

2) დაევალოს ჯგუფის წევრებს (წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს) მთავრობის წარმომადგენლობებში ანალოგიური მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა და მუშაობის წარმართვა;

3) დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ბულისკერიას შექმნილი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და მათ მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი;

4) დაევალოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს (ჯ. არქანია) აღნიშნული ბრძანების კანონით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;

5) ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად...

ეთნიკური წმენდა, გენოციდის მსხვერპლთა სიის გადამოწმე ბა-დაზუსტებას აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობა მოანდომა. შედგა ამ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი სია, რომელშიც 5 ათასზე მეტი მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეა შეტანილი. დაზუსტდა აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მშვიდობიან მოქალაქეთა სიაც, რომელშიც 263 ადამიანია შეყვანილი. მომზადებულ სიებში არ არის შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე ოკუპანტების მიერ დახოცილი ასობით სამხედრო ტყვე.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრთა გარდა, სიების დაზუსტებაში, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს რაისა ქარაიამ, ვახტანგ კაჭარავამ, როსტომ შამუგიამ, ზურაბ მებონიამ, ოთარ ჩარკვიანმა, ზურაბ გახარიამ, დალი ჯონჯუამ, დინარა დარსალიამ, მზია ომანაძემ, დავით ჟვანიამ, გივი როგავამ, ნონა შონიამ, ასმათ დვალიშვილმა, ირაკლი გუჩუამ, ლაშა სახელაშვილმა, ნაურ ჯიქიამ, გურამ ჯიქიამ, ნელი კოპალიანმა, ალექსანდრე ქვარცხავამ, ჯამბულ გიგინეიშვილმა, თინათინ ხარბედიამ, მურმან გოგიამ, ლევან ბარათელმა და სხვებმა, რისთვისაც

სარედაქციო საბჭო მათ მადლობას მოახსენებს. მიუხედავად გაწეული მუშაობისა, მონაცემთა ბაზა გენოციდის მსხვერპლთა შესახებ ჯერ კიდევ სრული არ არის. მისი შემდგომი შევსება და სრულყოფა შესაძლებელია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დახმარებით. დამატებითი მონაცემები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატს უნდა მიეწოდოს.

მომზადებული სიები, რომლებსაც თან ახლავს მოკლე ანოტაციები დაღუპულთა შესახებ, ცალსახად ადასტურებენ, რომ 1992-1993 და შემდგომ წლებში ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა აფხაზეთში ჩაიდინეს დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ყველაზე ველური მეთოდებით მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი.

„აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდის მსხვერპლთა სახელობით სიას“ თან ერთვის „1992-1993 წლებში ქართული უკონტროლო სამხედრო ფორმირებებისა და კრიმინალების მიერ დახოცილი აფხაზური და სხვა ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეთა სია“(IV. 9). მასში შეტანილია მონაცემები ასამდე საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ, მათ შორს არის 60-მდე აფხაზი, 25 სომეხი, რამდენიმე ქართველი, თურქი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი. სია შედგენილია აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურის მასალების მიხედვით. ეს მასალები ჯერ კიდევ 1993 წელს, ომის დასრულებისთანავე, მოსკოვში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი შეივსო და დე-ფაქტო პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსდა.

სამწუხაროდ, სია არ შეიცავს სრულყოფილ მონაცემებს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა შესახებ. მასში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული აფხაზი მეომრებიც არიან შეყვანილი; ყოველთვის არ არის მითითებული გვარები ან სახელები, აგრეთვე ზუსტი მისა მართები, დაღუპვასთან დაკავშირებული გარემოებები. მითითებული ხარვეზებისთვის პასუხისმგებელია აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურა. ჩვენ კი იძულებული ვართ დავეყრდნოთ ამ უკანასკნელის მიერ არაპროფესიონალურად დამუშავებულ მასალებს, რადგანაც არ გვაქვს მათი გადამოწმების შესაძლებლობა.

აღნიშნული სიის გამოქვეყნებით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ ომის პერიოდში ქართველ „ბოევიკთა“ და სხვა კრიმინალთა ხელით დახოცილი უდანაშაულო აფხაზი და სხვა ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეთა ნათელ ხსოვნას. მათი სიცოცხლის მოსპობაში მხილებული პირები ქართულმა სახელმწიფომ მკაცრად დასაჯა როგორც ომის პერიოდში, ისე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ეს ფაქტი, განსაკუთრებით კი აფხაზეთის უკანონო პროკურატურის მასალების საფუძველზე შედგენილი სია, დამაჯერებლად უარყოფს სეპარატისტულ მითს ქართველების მიერ აფხაზებისთვის მოწყობილი გენოციდის შესახებ.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაც“ საფუძვლიანად არის გადამოწმებული და გადამუშავებული. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მასში 263 მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეა შეყვანილი. ომის დას რულებიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ სიაში მითითებუ ლი ადამიანების უდიდესი ნაწილის ცოცხლად გადარჩენის ალბათობა მიზერულია. ჩვენი აზრით, ეს ადამიანებიც გენოციდის მსხვერპლად უნდა იქნენ განხილული.

დანართის სახით ქვეყნდება მოხსენება „აფხაზეთის, საქართველო, ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის/გენოცი დის პოლიტიკის გამოვლენილი ფაქტების და სათანადო სასამართლო პროცესის საერთაშორისო პრინციპების შასაბამისად ბრალდებული პირების მართლსაჯულებისთვის გადაცემის აუცილებლობის შესახებ“.  იგი წარმოადგენს „აფხაზეთში, საქართველო, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის, გენოციდის ფაქტების დადგენისა და მასალების საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცე მის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისიის დასკვნას“. სახელმწიფო მეთაურის განკარგულებით, შესაბამისი სახელმწიფო კომისია ომის დამთავრებისთანავე, 1993 წლის 6 ოქტომბერს, შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესორი ლევან ალექსიძე (სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე), ჯამლეთ ბაბილაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი), თედო ნინიძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრი), ალექსანდრე კავსაძე (საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი ბათიაშვილი (საქართველოს საინფორმა ციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი), გივი ლომინაძე (საქართვე ლოს პარლამენტის წევრი), ავთანდილ იოსელიანი (საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე), ვალერიან ვაშაკიძე (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე), შალვა ნათელაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე), ნიკო ჭავჭავაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი), ლონდერ ცაავა (სახელმწიფო მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე), ავთანდილ დემეტრაშვილი (სახელმწიფო მეთაურის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი), დავით კობახიძე (სახელმწიფო კომისიის მდივანი, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის კათედრის თანამშრომელი) და სხვები.

კომისია წლების განმავლობაში მუშაობდა. მისი სახელით დასკვნა პროფესორმა ლევან ალექსიძემ მოამზადა, რასაც წინ უძღოდა სა ქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 იანვრის ბრძანებულება „ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე და რუანდაში ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევისათვის პასუხისმგებელ პირთა სასამართლო დევნისათვის შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალებთან საქართველოს აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფის შესახებ“ და პრეზიდენტის იმავე წლის 1 თებერვლის განკარგულება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1997 წლის 30 იანვრის #1096 რეზოლუციიდან გამომდინარე გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

სახელმწიფო კომისიის წინამდებარე დასკვნა იმავე წლის აპრილში გაეროს გენერალური ასამბლეის დოკუმენტის სახით გავრცელდა. მასში დასაბუთებულია, რომ აფხაზეთში განხორციელდა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ _ განხორციელდა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი. დასმულია საკითხი დამნაშავეთათვის წარსადგენი ბრალდებების დასაზუსტებლად საქართველოში გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მოვლინების შესახებ. „ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა-გენოციდის ფაქტების საერთაშორისო დონეზე დადასტურების შემდეგ,-ნათქვამია დასკვნაში, _ გაერომ უნდა დაიწყოს ქმედებები, რომელთა მიზანი იქნება ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების სამართალში მიცემა, სათანადო სასამართლო პროცესის საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად“. კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირების მეტისმეტად გაჭიანურების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, სახელმწიფო კომისიის მიერ ბ-ნ ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით მომზადებული დასკვნის სულისკვეთება და ძირითადი დებულებები დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას. აღნიშნული დოკუმენტი, აგრეთვე „1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს და შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის დანაშაულის სამართლებრივი ანალიზი“,  რომელიც აქვე ქვეყნდება (ნაწილი III), ერთმანეთს ავსებენ და წარმოადგენენ საკმარის საფუძველს აფხაზეთში ქართველთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ საკითხის დასაყენებლად.

ამასთანავე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, რომლის სახელითა და მონაწილეობით იქნა ჩადენილი გენოციდის დანაშაული ქართველთა წინააღმდეგ, ვერ იქნება მასზე სრულად პასუხისმგებელი, რადგანაც იგი თავად არის ვითომ მოპოვებული „გამარჯვების“ მსხვერპლი.

წინამდებარე წიგნი, რომლის მთავარი მიზანი არის აფხაზეთის დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკისთვის ხელის შეწყობა, ამ პოლიტიკაში ქართული მოსახლეობის გენოციდის „მივიწყებული“ თემის კვლავ შემოტანა, განკუთვნილია სამეცნიერო და პოლიტიკური წრეებისთვის, აგრეთვე აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.

წიგნის ელ-ვერსია: