ეპისკოპოსი ალექსანდრე და აფხაზეთი.
ჯემალ გამახარია

XIX ს. 50-60 წლები, როცა ალექსანდრე ოქროპირიძე აფხაზეთში მსახურობდა, იყო გარდატეხის პერიოდი რუსეთის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ერთის მხრივ, საბოლოოდ დასრულდა იმპერიის ინტერესებით — კავკასიელ მთიელებთან და ყირიმის ომებში (აღმოსავლეთის საკითხი) ქართველთა ლოიალობის უზრუნველყოფის (რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო რუსეთისათვის) მცდელობით ნაკარნახევი “ლიბერალიზმის” პოლიტიკა, რომელიც მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის (1844-1854 წ.წ.) სახელს უკავშირდება; მაშინ მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის უკანასკნელი ნაშთების —სამეგრელოსა (1857 წ.) და აფხაზეთის სამთავროთა (1864 წ.) გაუქმება; დამთავრდა ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომი კავკასიაში (1964 წლის მაისი), რასაც შედეგდ მთელი რეგიონის, მათ შორის აფხაზეთის მასობრივი ეთნოწმენდა და გენოციდიმოჰყვა; იმპერია ფრთხილად, მაგრამ გამოკვეთილად დაადგა კავკასიის, პირველ რიგში საქართველოს რუსიფიკაციის გზას (პოლიტიკის ამ ცვალებადობამ განაპირობა განათლებული ქართველი ახალგაზრდა მღვდელმონაზონის 1851 წელს აფხაზეთში მოვლინებაც და შემდგომში – 1868 წელს მისი აქედან გაწვევაც).
მეორეს მხრივ, კვლავ გამოიღვიძა ქართულმაეროვნულმა მოძრაობამ; დიდი ილიას მეთაურობით საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალ ეტაპს ენა, მამული, სარწმუნოებისათვის. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) ამ მოძრაობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. თუ გავითვალისწინებთ 1860-1861 წ.წ. გამოთქმულ მოსაზრებებს ქართული ენის მნიშვნელობისა და მისი აღორძინების აუცილებლობის თაობაზე (გვ. 85-86, 107-108), აფხაზეთში მოღვაწე ჯერ მხოლოდ არქიმანდრიტი ალექსანდრე, გარკვეული თვალსაზრისით, ილიასეული ეროვნული მოძრაობის წინამორბედადაც შეიძლება ჩაითვალოს. 1898 წ. 17 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც თბილისის საზოგადოებამ გაცილება მოუწყო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად დანიშნულ მღვდელმთავარს, დიდმა ილიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ეპისკოპოს ალექსანდრეს – თავის სულიერ მოძღვარს: “თქვენის ცხოვრების წმიდათა წმიდად ორი დიდი საგანია: ერთი ღმერთი და მეორე თქვენი სამშობლო ქვეყანა. ღმერთს მღრთისას აძლევდით და ქვეყანას ქვეყნისას და ორთავ ემსახურებოდით ერთმანეთის დაუკლისად გულმხურვალებით და სიყვარულით. ერთი წუთიც არ ვიცით თქვენის სიცოცხლისა, რომ ცხოველმყოფელი შუქი, ამ ორკეცს სიყვარულისა არ მოჰფენდეს თვითოეულს თქვენს საქმეს. აქ თვითოეულს თქვენს მოქმედებას, ქვეყანას ემსახურებოდით მღვრთისათვის, ღმერთს ადიდებდით ქვეყნისათვის, რადგან ღმერთი არს სიყვარული და სიყვარული მხსნელია ქვეყნისა.თქვენი სიცოცხლე მთელი და განუყოფელი სათნოებაა”... (გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე. ბიოგრაფიული და სხვა წერილები.
მადლიერმა ქართულმა საზოგადოებამ ეპისკოპოს ალექსანდრეს მოღვაწეობას მის სიცოცხლეშივე მისცა მაღალი შეფასება პრესაში გამოქვეყნებული წერილების უმეტესობა თავმოყრილია კრებულში “გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად
სამღვდელო ალექსანდრე”, რომელიც 1903 წ. გამოაქვეყნა ზ. ჭიჭინაძემ. მანვე შეკრიბა და ცალკე წიგნად გამოსცა “სიტყვები და წერილები ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეზე”. იგი სასიქადულო მღვდელმთავრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილებს, დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვებსა და სხვა საინტერესო მასალას შეიცავს. ზ. ჭიჭინაძის ეს ორი კრებული ამჟამადაც — მათი გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ — ალექსანდრე ოქროპირიძისადმი დღემდე მიძღვნილი პუბლიკაციების ერთადერთ თუ არა, ძირითად წყაროდ მაინც რჩება.დიდი სასულიერო მოღვაწისა და ერისკაცის წმინდა სახელი საბჭოთა პერიოდში თითქმის მივიწყებული იყო. მოკლე ცნობა ეპ. ალექსანდრეს შესახებ (ავტორი ბ. ლომინაძე) მოთავსებული იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის პირველ ტომში. იგი განმეორებულიაენციკლოპედიაში “საქართველო”.
ამგვარ მოკლე ცნობას ეპ. ალექსანდრეს შესახებ შეიცავს მ. ბერძენიშვილის “მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოების ისტორიისათვის”. საინტერესო საგაზეთო სტატიები მიუძღვნა თავის სახელოვან თანასოფლელს ცხინვალის რაიონის სოფ. დისევის სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა გ. თუხარელმა.
ალექსანდრე ოქროპირიძის ეროვნულ მოღვაწეობაზეა ყურადღება გამახვილებული წერილში “კვალი კეთილი”. მისი ავტორია ვახუშტი წუნდელი; იგი უეჭველად უნდა იყოს ვახტანგ გურგენიძე, რომელმაც სხვა საყურადღებო წერილებიც მიუძღვნა დიდი მამულიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.ალექსანდრე ოქროპირიძის ბიოგრაფია გაშუქებულია წერილებში, რომელთა ავტორები არიან რემ დავიდოვი (განათლება, 1992, 6 ნოემბერი), ვაჟა კიკნაძე (ივერია. ქართული, კავკასიური და ევრაზიური ცივილიზაციები. შემოდგომა-ზამთარი, მარინე ხარატიშვილი და სხვები.
ალექსანდრე ოქროპირიძის ქველმოქმედებას ეძღვნება ზაზა აბაშიძის “განუწყვეტელი სათნოება”. მეუფის ღვაწლი ქართული საეკლესიოგალობის აღდგენის საქმეში გააშუქა ილია თავბერიძემ მონოგრაფიაში: “XIX ს. ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა”. ალექსანდრე ოქროპირიძის, როგორც მღვდელმთავრისა და ერისკაცის, ღვაწლის საფუძვლიანი მეცნიერული შესწავლა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ი. თავბერიძის მონოგრაფიას, სამწუხაროდ, ჯერ დაწყებულიც არ არის. შეუსწავლელია მისი თითქმის 17-18 წლიანი მოღვაწეობა აფხაზეთში, სადაც მან განვლო გზა ბერმონაზონობიდან ეპისკოპოსობამდე და ღრმა კვალი დატოვა რეგიონის სულიერ თუ საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ამ მნიშვნელოვან თემაზე სპეციალურად მხოლოდ გივი როგავას მცირე მოცულობის გამოკვლევაა გამოქვეყნებული (გ. როგავა. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), რომელშიც ძირითადი ყურადღება აფხაზეთში სასულიერო განათლების ორგანიზაციას აქვს დათმობილი.
საინტერესოა (თუმცა სადავოც) მოსაზრება ილორში სასულიერო სასწავლებლის არსებობის შესახებ. უტყუარ ისტორიულ წყაროს ასეთი სასწავლებლის გახსნისა და ფუნქციონირების შესახებ ჯერ-ჯერობით ვერ მივაკვლიეთ. ვფიქრობთ, ის არც გახსნილა (არ არსებობს გადაწყვეტილება მისი დაფუძნების, დებულების, ბიუჯეტისა და შტატების დამტკიცების, მოსწავლეთა მიღების, გაუქმებისა ან სხვაგან გადატანის შესახებ და ა.შ.), მაგრამ აშკარაა, რომ ილორში მოსწავლეთა ჯგუფი თითქმის ერთი წელი
მეცადინეობდა სასულიერო სასწავლებლის პროგრამითდა იგი მზად იყო ახლადგახსნილი ლიხნის სასულიერო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლის გასაგრძელებლად.წინამდებარე კრებულის მიზანია აფხაზეთში ალექსანდრე ოქროპირიძის საგანმანათლებლო, მისიონერული საქმიანობის, მისი, როგორც მღვდელმთავრის, მოღვაწეობის დოკუმენტური გაშუქება, რეგიონთან შემდგომი კავშირის წარმოჩენა, სპეციალისტებისათვის ადრე უცნობი ან ნაკლებად ცნობილი წყაროების გამომზეურება.