არზაყან ემუხვარი – ქართულ_აფხაზური ერთიანობის სიმბოლო.
ნატო მარშანია


	

 

„საჭიროა და აუცილებელია საქართველო - აფხაზეთის შედუღება და ყოველნაირი მათი განცალკევების საბაბის ძირშივე მოსპობა... ამისთვის საქართველოს მოღვაწეებმა უნდა დიდი სიფრთხილით მოეპყრონ აფხაზეთს, რომელიც საქართველოს დასავლეთის დიდი მნიშვნელოვანი კარია“…

                                                                                                                            არზაყან ემუხვარი

                                                                                                                            პრაღა,1935 წელი

2020 წლის  26 ოქტომბერს  აფხაზეთის ეროვნული მთავრობის  პირველი თავმჯდომარის   (1919 -1921),  საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. 

„ვინც საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიას იცნობს, მისთვის შეუძლებელია მათი  განცალკევების თუნდაც უბრალო წარმოდგენა“, - ასეთი რწმენით იცხოვრა და იღვაწა აფხაზეთის მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ არზაყან ემუხვარმა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში არზაყან ემუხვარმა    დიდი როლი ითამაშა ქართველთა და აფხაზთა ერთიანობის განმტკიცების საქმეში. ის იყო 1919 წლის თებერვალში დემოკრატიული წესით არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

საყოველთაო აღიარებით, 1918-1921 წლებში სწორედ არზაყან ემუხვარის ძალისხმევით  მოხერხდა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიის სახით მოქცევა. სწორედ მისი თავმჯდომარეობით 1919 წ. 20 მარტს სახალხო საბჭომ მიიღო აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, რომლის საფუძველზე აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიური ნაწილი გახდა. 1919 წ. მაისიდან დიმიტრი ემუხვარი აფხაზეთის მთავრობის (კომისარიატის) თავმჯდომარეა. 1921 წლიდან, საქართველოსა და მათ შორის აფხაზეთის იძულებით გასაბჭოების შემდეგ კი ემიგრაციაშია დევნილ ქართველ მთავრობასთან ერთად.

არზაყან ემუხვარი დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა ქართველთა კოლონიას ჩეხეთში.

იგი 1939 წელს მიიწვიეს პარიზში, რომ უფრო ახლოს გაცნობოდა განმათავისუფლებელ მოძრაობას  და უშუალო მონაწილეობა მიეღო მასში. აქ მას დახვდნენ სიყრმის  მეგობრები  აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი და სხვ.  ყველასთვის მოულოდნელად რამდენიმე დღის შემდეგ ის გარდაიცვალა სისხლის მოწამვლის დიაგნოზით,  დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

არზაყან ემუხვარმა ემიგრაციაში ოჯახის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან მისი მეუღლე, მარიამ ჩიკვაიძე მალარიით იყო დაავადებული და მას გემზე ვერ აიყვანდა, თან უმცროსი შვილი – გივი ჯერ მხოლოდ 8 დღის იყო, უფროსი კი – 12 წლის. არზაყანმა ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა, მარიამს იქ შეხვდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებულ არზაყანს უმცროსი ვაჟისთვის ცხვირზე წამოურტყამს ხელი და უთქვამს: შენ ვინ დაიბადე, კომუნისტების მეფეხუროო…

შემდეგ კი არზაყანი სევდიან წერილებს სწერდა მონატრებულ ოჯახს. აი, ერთ-ერთი მათგანი:

1 აგვისტო, 1935 წ.  ქ.პრაღა

ჩემო საყვარელო მეუღლევ!

ამ წერილს მიიღებ, ალბათ, თუ უწერია მას თქვენამდე მოღწევა, დაახლოებით შენ დღეობაზე.

ამ შენ დღეობაზე მთელი ჩემი არსებით შენთან ვარ, ჩემო კარგო!

ჩვენ ვაჟებთან ერთად მოგეხვევი, ჩაგიკრავ გულში, დაგიკოცნი ლამაზ ტუჩებს და გონიერ თვალებს და გისურვებ ჯანმრთელობას, გულს მხიარულს, სულიერ სიმშვიდეს, დროებით ჩემი სიშორის მტკიცედ ატანას და ყოველივე სიკეთეს.

იყავი კარგათ, მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე!

შენი საყვარელი მეუღლე არზაყანი

არზაყანის უფროსი  ვაჟი ვლადიმერ ემუხვარი გამორჩეულად კეთილშობილი, არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით შემკული, ფართო განათლების მქონე და იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება 1937 წელს დააპატიმრეს და 1938 წლის მარტში ერთადერთი ბრალდებით – არზაყან ემუხვარის შვილი იყო - დახვრიტეს!

არზაყან ემუხვარის გამორჩეულ პიროვნული თვისებებისა და სამშობლოს წინაშე მისი დიდი ღვაწლის წარმოსაჩენად საკმარისია გავეცნოთ მისი მეგობრების გამოსათხოვარ წერილებს:   

მიხეილ უბირია, აფხაზეთის შინაგან საქმეთა კომისარი:

„არზაყანი სოციალისტი, იმავე დროს ღრმა ნაციონალისტი იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მტკიცე შეუდრეკელი მოღვაწეობა ამ ორივე მიმართულებით, ჰარმონიულად შეფარდებული, - აი შინაარსი და მიზანი მისი ცხოვრებისა. ვერავითარმა ციხემ, დევნილობამ, დამარცხებამ ის ვერ შეარყია. რამდენი იერიში მიიტანეს მასზე, მის აფხაზობასა და შთამომავლობაზე რუსიფიკატორებმა და მათმა შეგირდებმა - აფხაზეთის ინტელიგენციის პატარა ნაწილმა - ეგრეთ წოდებულმა დიდი წყლის თეორეტიკოსებმა, რომლებიც ამბობდნენ: ჯობია, რომ დიდი რუსის წყალმა წაგვიღოს, ვიდრე პატარამო. ამათ ერთხელ და სამუდამოდ გასცა მან შემდეგი პასუხი: „მე არ მინდა აფხაზეთი წაიღოს არც დიდმა და არც პატარა წყალმა, მე მინდა მისი ეროვნული აღორძინება, კულტურულ-ეკონომიური განვითარება. ეს კი შეიძლება მხოლოდ მისი ისტორიული, ბუნებრივი, ორგანულის ფარგლებში“.

არზაყანის ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსი იყო, ავტონომიური აფხაზეთის ყოფნა თავისუფალი გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში. ავტონომია არა ავანტურისტული მიზნებით - ირედენტის მოსამზადებლად რუსი მოხელეების კონცეფციით, ანდა გაყოფის განზრახვით - ეს ხომ სწორედ რუსის ზღვაში გაქრობა იქნებოდა, არამედ ავტონომია იმიტომ, რომ აფხაზეთს თავისი განსაკუთრებული პირობების მიხედვით შეეძლოს ხელშეუშლელად სრული ჰარმონიული განვითარება - ეროვნულ, კულტურულ, ეკონომიური. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქრთველოს ფარგლებში. მხოლოდ ამ გზით   შეუძლია აფხაზეთს შეინარჩუნოს თავისუფლება და ამავე დროს პირდაპირი გზით შეითვისოს ევროპული კულტურა და ეს იმიტომ, რომ აფხაზეთი ორგანული ნაწილია საქართველოსი - შთამომავლობით, ისტორიულად, ეკონომიკით და ჩვეულებით. 

არზაყანი არ იყო გარეგნულად „ბრწყინვალე“ პოპულარობის, ეფექტის კაცი. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ყოყოჩობა, წინა რიგებში წამოსკუპება, მხოლოდ ახლო მეგობრებს, დიდი ხნის კარანტინის მერე გაუხსნიდა თავის უხვ, კეთილშობილ გულს. სავსე ადამიანური  სიყვარულით, ღრმა სოციალურ-ეროვნული გრძნობით და მაღალი იდეალიზმით, ვისაც ეღირსა  ერთხელაც ამნაირად ჩაეხედა არზაყანის მომხიბლავ გულში, არ შეეძლო არ დარჩენილიყო  სამუდამოდ მისი მეგობარი და პატივისმცემელი.

არზაყანი ემიგრაციაში წასვლიდან წელიწადნახევარი სტამბოლში ცხოვრობდა. მას ჰქონდა უფლება და საშუალებაც საფრანგეთს წასულიყო, მაგრამ პრაღა არჩია - არ მინდა მთავრობას ზედმეტი ტვირთი ავკიდოო. როგორც ყველა ემიგრანტი, ძალიან შევიწროვებული იყო ნივთიერად. თავის პატარა ოთახს, ტანისამოსს ისე უვლიდა, რომ ბევრ ქალსაც არ შეეძლო. ყველაფერში აფხაზურად კოხტა, სუფთა, სპეტაკი იყო. ალბათ სულიერი სიწმინდე ითხოვს ფიზიკურ სისუფთავესაც. ფუფუნებაში ის არასდროს ყოფილა. ემიგრანტული და რევოლუციური ცხოვრების დროს კი არა, როცა ის აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ოჯახი მშიერი დაურჩებოდა, რომ მისი ძმა არ დახმარებოდა.

უკანასკნელი  ორი წლის (1936-1937)  განმავლობაში მას შეუწყვიტეს ცოლ-შვილთან წერილობითი კავშირიც. წერილს უკან უგზავნიდნენ, ადრესატმა ვერ მიიღოო. სამშობლოსა და ცოლ-შვილს მოშორებულმა, ემიგრანტული  ცხოვრების უკუღმართ პირობებში, ახლანდელ საყოველთაო ქაოსის და გზა-კვალ აბნეულობის დროს არზაყანმა შეინარჩუნა სულიერი სიმტკიცე, რწმენა, ოპტიმიზმი. მას არ მოსდებია არავითარი ემიგრანტული ტალახი - „სმენოვეხურ“, სენი დიდი კაცობის და სხვა. დარჩა ისევ ის ძველი არზაყანი, კლდესავით ჩუმი და მაღალი. კლდესავით მტკიცე და წმინდა. სულიერად თუ არ გატეხილა,  რა გასაკვირია, რომ დაიქანცა ფიზიკურად. როცა გახდებოდა ავად, ამბობდა ხოლმე: „მე აქ როდი მოვკვდები, ჩემი ძვლები თვითონ უნდა ჩავიტანო თავისუფალ სამშობლოშიო.“ ვერ ეღირსა სამშობლოს. არზაყანის ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსი იყო ავტონომიური აფხაზეთი თავისუფალ, გაერთიანებულ საქართველოში“.

აკაკი ჩხენკელი, დამოუკიდებელი საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი:

„მე არ ვიცი, რა უფრო გძაგდა შენ ცხოვრებაში: ბოროტი, უსამართლო საქმე, თუ ულამაზო, უშნო საქმე. მე მგონია მეორე და ეს იყო რაც შენ განსხვავებდა ბევრი სხვებისაგან, ერის ღირსებისა და სახელის დაცვაში შეუპოვარი იყავი.

შენ 15-16 წლის იყავი, მე ხომ უფროსი ვიყავი შენი და არც მეგონა ჩემზე წინ ჩახვიდოდი საფლავში. ჩვენ ორივემ გავქუსლეთ ბედიისკენ, მისი ნანგრევების სანახავად, ის ხომ მოსაზღვრეა ოქუმის საზოგადოების, სადაც ჩვენ დავიბადეთ და აღვიზარდეთ. ავედით შესანიშნავ გორაზე და იქედან გადაგვეშალა დიდებული სურათი: ერთის მხრივ სამეგრელო, მეორეს მხრივ აბხაზეთი, აბჟუა, მესამეს მხრივ მთები, მეოთხეს მხრივ შავი ზღვა. აქ გაჩნდა რამდენიმე აბხაზი და შენ მიუბრუნდი და ეუბნები მათ: იცით, ვინ ააშენა ეს დიდებული ტაძარი? მეფე ბაგრატ მე-3-მ, მაგრამ მანვე ააშენა ტაძარი ქუთაისში. იცით რას ეძახოდნენ მას? მეფე აბხაზეთისა და საქართველოსი! და ამ წუთს ისე ასწიე შენი თავი, რომ აბხაზებიც მიგიხვდნენ და მათაც ასწიეს ამაყად თავი! აი, ერთი ნიმუში შენი პროპაგანდისა, თუ ამას პროპაგანდა დაერქმევა.

შენ უთხარი ჩემს ცოლს: „სამშობლოს განთავისუფლების იმედი რომ არ მქონდეს, არ ვიცოცხლებდიო და აი, სწორედ, განთავისუფლებული სამშობლო მიგიკრავს შენ გულში!“

კონსტანტინე კანდელაკი, დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრი:

,,ძვირფასო არზაყან მინდა დავძლიო ის მწარე ტკივილი, შენმა ასე უეცრად, ასე მოულოდნელმა დაკარგვამ რომ გამოიწვია ჩვენში, და ორი სიტყვა გითხრა ამ საუკუნოდ გამოთხოვების წუთში.

ახლა ამ შენი სამუდამოდ დადუმებულ არსების წინაშე  მე მაგონდება შენი წარსული, ამ 40 წლის წინათ, ნორჩ ახალგაზრდობაში ჩანერგილი მეგობრული დამოკიდებულება და სიყვარული შენდამი - ერთის მხრივ და ღრმა პატივისცემა იმ თავდადებული მოღვაწეობის, რომელსაც შენ ეწეოდი საზოგადეობრივ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ - მეორეს მხრით. მე     მაგონდები შენ 14-15 წლის ბავშვი, ქართული ენა თითქმის რომ არ იცოდი  და იმის შესწავლას შენ, აფხაზს, სკოლაში არც გაძალებდა ვინმე; მაგონდები შენ ისეთ სასკოლო რეჟიმში ჩაყენებული, სადაც მორჩილება და პირმოთნეობა აღზრდის პრინციპით იყო აღიარებული; მაგონდები - განსაკუთრებით მფარველობით აღჭურვილი, რათა  შენგან შენი ქვეყნის, აფხაზეთის, რუსიფიკატორი გამოსულიყავი...

მაგრამ სასტიკად ცდებოდნენ შენი ოფიციალური ხელმძღვანელები: ისინი არ იცნობდნენ ძგერას შენი კეთილშობილ გულისას და ვერც იმ ფაქიზ ხასიათს მისწვდებოდენ, შენ რომ გამშვენებდა.

შენ უკუაგდე თბილი გზა რუსის მოხელის და რუსის კულტურულ-ტრეგერის, რომელსაც შენ გიმზადებდნენ და თავიდანვე აირჩიე ეკლიანი გზა ხალხთან ყოფნის, რევოლუციონერის, პატრიოტის - საქართველოში ისე, როგორც აფხაზეთში.

და როცა ერთიც და მეორეც, რუსეთის უღლიდან განთავისუფლდნენ, შენ იყავი ერთი საუკეთესო მიმრქმელი თავისუფალ აფხაზეთის თავისუფალ საქართველოს წიაღში.

ავტონომიური აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, შენ წილად გხვდა მრავალ არეულობის - ადგილობრივ შოვინისტების თუ გაბოლშევიკებული ხულიგნების, რუსების თუ ოსმალოების ინტრიგების წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დაძლევაც.

შენი ავტორიტეტი, პატივისცემა  შენი პიროვნების დიდი იყო არა მარტო აფხაზობაში, განურჩევლად მდგომარეობისა და მიმართულებისა, არამედ იქაურ მრავალტომიან საზოგადოებაში.

გვრჩება იმედი იმის, რომ ის ცხოველმყოფელი თესლი, შენ რომ უხვად დასთესე შენს სიცოცხლეში, უნაყოფოდ არ დარჩებოდა და მრავლად იქნებიან ისინი, ვინც შენს მაგალითს ცხოვრების გზად და ხიდად გაიხდიდნენ.

მე არ ვიცი, ვინ იყო შენში უფრო ძლიერი: ის კეთილშობილი დედა, რომლის მკერდზე აღიზარდე აფხაზეთში, თუ დედა ქართლისა, რომლის ყოფა-ცხოვრებას, რომლის ბედსა და უბედობას სიყრმიდანვე შენ ეზიარე?

ვისი გული უფრო მძლავრად ფეთქავდა შენში: თავისუფლების მოყვარე აფხაზის თუ თავდადებული ქართველის?

ერთისაც და მეორისაც.

როგორც საქართველოს ეროვნული მთავრობის წევრი, მისი სახელით მე თავს ვიხრი შენი ხსოვნის, შენი თავადადებული და ნაყოფიერი მოღვაწეობის წინაშე, ღრმად დარწმუნებული, რომ შენი მშობელი ერი, მთელი საქართველო, პატივით და სიყვარულით მოიგონებს მუდამ შენს სახელს, როგორც შენი სიყრმის მეგობარი და ამხანაგი, სხვა შენ მეგობრებთან ერთად, შენს კეთილმოსილ ხსოვნას საუკუნოდ გულში  ვატარებთ“ (იხ. „დამოუკიდებელი საქართველო“, პარიზი, 1939, №155, გვ. 3-4).

ხოლო ყველა სიტყვისა და მოგონების გვირგვინი შეიძლება ეწოდოს ქართველი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას წერილს, რომელიც მან არზაყან ემუხვარის შვილს მისწერა.

დიდი კონსტანტინე წერდა:

„ჩემო პატარა ემხვარო!

ჩემს ნაწარმოებში „მთვარის მოტაცებაში“ შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი. ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ...

                                                                                                         კონსტანტინე გამსახურდია

მართლაც, კლასიკოსი მწერლის სიყრმის მეგობარი და „მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირის, თარაშ ემუხვარის პროტოტიპი, არზაყან ემუხვარი ერთ-ერთი დიდსულოვანი და კეთილშობილი რაინდია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიაში.