ერთიანობა მრავალფეროვნებაში.
მიშელ მუსხელი


	

 წიგნის ავტორის ბიოგრაფია. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია წიგნსავით საინტერესო პიროვნებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ამდენად, წარმოშობით ქართველი მეცნიერი მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მისი ხედვა ძლიერი ინდივიდუალური და ეროვნული იდენტობების მქონე ფედერალური ევროპის შექმნაში მდგომარეობდა.

მიშელ მუსხელი 1903 წლის 23 ივლისს დაიბადა ქალაქ თბილისში. მას განათლება გიოტინგენში, მიუნხენში, ლიონსა და პარიზში აქვს მიღბეული. კაიროში მასწავლებლად მუშაობამ კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საფუძვლიანად გაცნობის შესაძლებლობა შესძინა. კონფერენციებისა და ლექციების კურსის ჩასატარებლად მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიაში იწვევდნენ. 1931 წელს კი მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და პროფესორად დაინიშნა პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთერთობების კვლევით ინსტიტუტში.

1940-1945 წლებში მიშელ მუსხელი ფუადის უნივერსიტეტის ლექტორია კაიროში. 1948 წლიდან ის პროფესორია სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე და ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების კვლევით ინსტიტუტში.

1953-1964 წლებში მიშელ მუსხელი მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. 1959 წელს მან საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა სტრასბურგში და ამ ცენტრის უცვლელ ხელმძღვანელადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

1950 წელს სტრასბურგში ევროპული კონფედერაცია გაიხსნა, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 300 სტუდენტი დაესწრო. სამ სხვა პროფესორთან ერთად მიშელ მუსხელმა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის გაუქმებაზე ისაუბრა და საზღვარი ევროკავშირის დროშით ჩაანაცვლა. მისი სიტყვები იყო: „ეს მხოლოდ დასაწყისია, უახლოეს მომავალში კი სტრასბურგი ევროპის გული გახდება“ (მ. მუსხელი, 1953).

მიშელ მუსხელი 1964 წლის 11 ივლისს ვალ დაოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამ საბედისწერო დღეს მთებზე შეყვარებული მიშელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტრუდენტების ექსპესიციას გაყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სღრმეზე ხევში გადაიჩეხა. ამ ფაქტში ბედის ირონიაც აისახა, რადგან მიშელ მუსხელს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მთაში უბედური შემთხვევით დაღუპვა ერჩივნა ყველა სხვა სახის სიკვდილს.

სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ალექს ვეილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა: „ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი იყო. ის იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანა და ამ იდეისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში. ჩვენ ყველას, - მათ შრის მათაც, ვინც მის იდეებს არ იზიარებდა - გვხიბლავდა მისი სიწრფელე, ელეგანტურობა და პატიოსნება“.

ეხლა კი დროა გადავიდეთ თვითონ ნაშრომზე, აქ საუბარია ფედერალიზმზე. როგორია ფედერალიზმი მიშელ მუსხელის მიხედვით? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ ვიპოვით.

 ევრო-ტრანსფორმაციის მის მიერ შემუშავებულ პროექტში მიშელ მუსხელი პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე საუბრობს. ეს პრინციპები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის იდეას ეფუძნება ფედერაციული ერთობის ფარგლებშიც და ფედერირებული სახელმწიფოების ნაირფეროვნებაშიც.

 ფედერალური მოწყობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი არსებობის ფორმაა. ის ასოცირების გაწონასწორებულ სისტემას ქმნის გადაწყვეტილებისა და აღსრულების შესაძლებლობების მქონე ძალაუფლების ცენტრის შექმნით; ნაციონალური ავტონომიების პატივისცემით; ძალაუფლების გონივრული გადანაწილების სისტემით; ფედერალური მექანიზმების მოქნილი სტრუქტურით; კონტროლის გონივრული მექანიზმების დანერგვით. მისი შემადგენელი ჯგუფები თავიანთ ინდივიდუალობას სრულად ინარჩუნებენ. ამავე დროს, ისინი უმაღლესი ძალაუფლების დაქვემდებარებაში შედიან თავიანთი თავდაცვიუნარიანობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად. ამ მიზნით ისინი თავიანთი სუვერენული უფლებების ერთ ნაწილს ცალსახად უთმობენ უმაღლეს ორგანოს.

 ფედერალიზმი, რომელსაც ერთ ფორმულაში ჩამოსხმული სახით მოიხსენიებენ, როგორც „ერთიანობას მრავალფეროვნებაში“, ან „ თავისუფლებას წესრიგში“, გულისხმობს გარკვეული წონასწორობის დამყარებას ასოცირების კანონებსა და ფედერაციის წევრების უფლებებს შორის. მასში ასოცირებული სახელმწიფოების ავტონომიის პატივისცემა ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც თავად ასოცირების მნიშვნელობის პატივისცემა. ფედერაცია ჰარმონიულად ათანხმებს ერთმანეთთან სახელმწიფოთა და კერძო ინტერესებს.

 ფედერალიზმი ნამდვილი დემოკრატიის დამყარებასაც ითხოვს, მაშასადამე, ის მოქალაქეთა რეალურ მონაწილეობას ეფუძნება საზოგადო საქმეების მართვაში. პოლიტიკური ფედერაცია ორმაგ მიმართებას ამყარებს, ერთის მხრივ, სახელმწიფოსა და მათში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის, და მეორეს მხრივს, ასოცირების ფაქტსა და ფედერაციის ხალხებს შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფედერაციის ყოველმა წარმომადგენელმა ორმაგი ბმა უნდა აღიაროს: საკუთარი ბმა საერთო სახელმწიფოებრივ ასოციაციასთან და მისივე ბმა მოსახლეობის უფრო ვიწრო ჯგუფთან, რომლის უშუალო წარმომადგენლადაც მოიაზრებს თავს.

 ფედერაცია, ამასთანავე, კანონის უზენაესობასაც გულისხმობს, ამიტომ ის იმ ორგანოებსაც საჭიროებს, რომლებიც ამ უზენაესობას გაახმოვანებენ და განახორციელებენ. სუბსიდირების პრინციპით უფლებამოსილებების გადანაწილება და დელიკატური წონასწორობა ფედერაციასა და მის შემადგენელ სახელმწიფოთა შორის გარკვეულ წნეხს წარმოქმნის, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა კონფლიქტების წყარო გახდეს. ასეთი კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს, თუმცა, წნეხიც უნდა შენარჩუნდეს, როგორც სიცოცხლისა და განვითარების წყარო. კანონი ერთადერთი იარაღია, რომელიც ამ დაძაბულობებს გადაჭრის, თუმცა ვერ გააუქმებს, მხოლოდ ფედერალურ სახელმწიფოს შესწევს უნარი იმისა, რომ კანონს ასეთი სასარგებლო როლის შესრულების შესაძლებლობა მისცეს.

ფედერალური სახელმწიფო ავტონომიის პრინციპის გამოცხადებით იწყება: ადამიანთა ყველა დაჯგუფება, პოლიტიკური ხასიათის იქნება ის, ეკონომიკურის, სოციალურის თუ კულტურულის, სარგებლობს ავტონომიურობის სტატუსით. ეთნოსები, მუნიციპალიტეტები და რეგიონები, სამრეწველო და სოფლის სამეურნეო საწარმოები, პროფკავშირული და პროფესიული გაერთიანებები, უნივერსიტეტები და სკოლები, კულტურული და საქველმოქმედო ასოციაციები და სხვანი, წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ფედერალური კონსტიტუცია ანიჭებს ყველა იმ უფლებას, რაც მათი მიზნების განხორციელებას ესაჭიროება. ძირითადი დაჯგუფებები თავისუფალი წესით ქმნიან და მოიხმარენ საკუთარ სტატუსს. მათი სრული უფლებაა, ჰქონდეთ იურიდიული ძალაუფლება. ფედერალური კანონმდებლობის ფარგლებში არ არსებობს არც ერთი პირობა, რომელიც მათ ხელს შეუშლიდა თავიანთი ფუნდამენტური უფლებების მოხმარებაში. ამრიგად, ფედერალური მოწყობის წესი ადამიანს საშუალებას აძლევს თვითონ მართოს საკუთარი ინტერესები.

 თუმცა, ავტონომია არ ნიშნავს დამოუკიდებლობას. ყველა ავტონომიური დაჯგუფება ფედერალუზმის პრინციპების საფუძველზე უკავშირდება უფრო ფართო ფორმირებებს საერთო ფედერალური საზოგადოების ჩათვლით. ამ კავშირს მონაწილეობის პრინციპი მართავს: საბაზისო დაჯგუფებები მათზე მაღლა მდგომი ორგანოების მოღვაწეობაში მონაწილეობენ და მათ შემადგენლობაში შედიან. ასე ყალიბდება მრავალრიცხოვანი და კომპლექსური ფედერალური კავშირები, რომელთა მოქმედების შედეგებიც ყველა დონეზე ვლინდება, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ ჭრილში.

იმისათვის, რომ ასეთი კომპლექსური სტრუქტურის მქონე საზოგადოება იმართებოდეს ისე, რომ მისი შემადგენელი ნაწილები ავტონომიურ ცხოვრებას ეწეოდნენ და, ამავე დროს, ერთმანეთის ძალისხმევასაც იზიარებდნენ და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობდნენ, უნდა შემუშავდეს ამ სტრუქტურის მმართველი პრინციპი. ფედერალური დემოკრატია კანონის უზენაესობას ეფუძნება და მისი ბუნებრივი გარანტის - მოსამართლის ავტორიტეტს აღიარებს.

ამრიგად, ფედერალიზმი მოქნილი დიალექტიკის მატარებელი ძლიერი ფილოსოფიაა. მას საკუთარი ინსტიტუტციონალური ხერხემალი და განხორციელების ორიგინალური მექანიზმები აქვს დანერგილი. ამით ის მომავლის დიდ იმედს გვისახავს. მისი წყალობით ევროპა ადამიანთა მიწა გახდება, დასავლური ცივილიზაცია კი - ახალი ჰუმანიზმის კერა.

ფუნდამენტალური თეზისი, რომელსაც მიშელ მუსხელი ავითარებს ამ გვერდებზე არის ევროპის ფედერაციის აქტუალობა, რომელიც ვანტოტენის მანიფესტის მიერ 1941 წელს გაჭრილ კვალში თავსდება. პირველი ესსე, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ და რომელიც დაწერილია მიშელ მუსხელისა და გასტონ სტეფანის მიერ, 1949 წლით თარიღდება, იგივე თარიღით, რომლითაც ევროსაბჭოს დაბადება, ესე იგი ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბებამდე. იგი უჩვენებს, რომ ავტორები უკვე მთლიანად აცნობიერებენ, რომ ეროვნული სახელმწიფოების ეპოქა წასულია. ამავდროულად, ეს ესსეები წარმოადგენს აქტიური ნააზრევის ცოცხალ დოკუმენტებს, რომელიც მოწმობს იმის გაცნობიერებას, რომ ეროვნული სახელმწიფოები უმთავრესი დაბრკოლებაა ევროპის ფედერაციის გზაზე და რომ ეროვნული სუვერენიტეტების დაძლევა მოითხოვს ენერგიულ და ხანგრძლივ ქმედებას. ამ მიზეზების გამო მუსხელი მიხვდა, რომ საკმარისი არ იყო ევროპული საზოგადოების ევოლუციაზე დაკვირვებით შემოფარგვლა, არამედ საჭირო იყო ევროპის ფედერაციისათვის ბრძოლაში აქტიური ჩართვა. ეს ესსეები წარმოადგენს მაღალი დონის დოკუმენტაციას მებრძოლი ფედერალიზმის მიერ მიღწეული შედეგებისა.

მუსხელი ორ ფუნდამენტურ თეორიულ პრობლემას შეეხება ევროპის ფედერაციის მიზნის გასაგრძელებლად: ფედერალიზმის ცნების განმარტება და ევროპის კონსტიტუციის პროექტის შემუშავება.

 რაც შეეხება ფედერალიზმის ცნებას, იგი ამტკიცებს, რომ მისი სურვილი არ არის ფედერალიზმის დოქტრინული ასპექტის განსაზღვრა, არამედ უფრო ტექნიკური ასპექტით, ანუ ფედერალური ინსტიტუტების ორგანიზაციული ფორმით შემოიფარგლება. ფედერალისტი ავტორები, რომლებსაც იგი ასახელებს - განსაკუთრებით პრუდონი და დე რუჟმონი - ახმოვანებს, რომ დოქტრინა, რომელსაც იგი ემხრობა არის სრული ფედერალიზი და რომ ფედერალიზმის განმარტება, რომელსაც იგი ღებულობს, შეიძლება grosso modo მოქცეული იყოს ფორმულაში „ერთობა მრავალფეროვნებაში“, რომელიც შეიძლება გამოვყოთ მეორე ესსედან, „ ევროპული კონფედერაცია თუ ფედერაცია?“, რომელიც ხელმეორედ არის აქ გამოქვეყნებული.

საუბარია ისტორიულად განუსაზღვრელ ვერსიაზე, რომელიც ვარგისია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს წარსული მიდგომაა, რომელიც ძველი კულტურული ტრადიციის ჩარჩოში ჯდება - მმართველობის საუკეთესო ფორმის ძიება - რომელიც წინ უსწრებს ისტორიზმის დასაწყისს. ისტორიზმის მიდგომის მიხედვით, ნებისმიერი პოლიტიკური პროექტი, ნებისმიერი იდეოლოგია, წარმოადგენს გარკვეული ეპოქის ისტორიულად განსაზღვრულ პრობლემებზე პასუხს.

მარიო ალბერტინიმ შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ამ სფეროში. მან გამოიყენა ისტორიული მატერიალიზმის თეორიული ობიექტივი, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა წარმოების ფორმებსა და პოლიტიკურ ინსტიტუციებს შორის. ამ თეორიის საფუძველზე, მან დაადასტურა, რომ სამრეწველო რევოლუციასა და საფრანგეთის რევოლუციას შორის ურთიერთობა არსებობს, რომელმაც განამტკიცა ერი-სახელმწიფოს მოდელი. იმ ისტორიული ფაზის განმავლობაში, რომელიც იწყება საფრანგეთის რევოლუციით და მთავრდება პირველი მსოფლიო ომით, ეროვნული სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმულას ალტერნატივა არ ჰქონდა ევროპაში. ამ პერიოდში მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ - შეერთებულმა შტატებმა, შვეიცარიამ, კანადამ და ავსტრალიამ - შეძლეს ფედერალური ინსტრუმენტების მიღება მათი ისტორიული და გეოგრაფიული მარგინალობის წყალობით. უფრო ზუსტად, ისტორიული ფაქტორები, რომლებიც ხსნის ამ სახელმწიფოებში ფედერალური ინსტიტუტების ფეხის მოკიდებას, ალბერტინის აზრით, არის ცენტრალიზებელი ბიძგის სისუსტე, რომელიც განსაზღვრულია კლასებს შორის ბრძოლითა და დიდ ძლაუფლებებს შორის პოლიტიკური და სამხედრო შოკით.

ეს არის სამრეწველო წარმოების მეორე ფაზა, რომელიც სამონტაჟო ჯაჭვით და სერიული წარმოებით, ავიაციითა და რადიოთი ასაზრდოებს ინტეგრაციის პროცესებსა და მაკრორეგიონალური დონის ბაზრებს დ ამგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეროვნული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. ფედერალიზმი, გაგებული, როგორც მსოფლიოს დიდი რეგიონების სივრცეებზე სახელმწიფოს ორგანიზებისთვის ადაპტირებული პოლიტიკური ფორმულა, ამ პერიოდში იწყებს ფეხის მოკიდებას. სწორედ ამ საჭიროებამ აიყვანა მსოფლიო ძალაუფლების იერარქიის მწვერვალზე შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი და განაპირობა ევროპელი ერების დაცემა, რომლებიც იძულებული იყვნენ ფედერაციით ეცადათ მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა.

მე-20 საუკუნის ბოლოსკენ წარმოების ფორმის ევოლუციაში ახალმა შემობრუნებამ  - სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ - რომელმაც დასაბამი ჩაუყარა გლობალიზაციას, მაკრო-რეგიონალური დონის სახელმწიფოები კრიზისში ჩააგდო და ისტორიის დღის წესრიგში ჩაწერა მსოფლიო მმართველობის პრობლემა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაერთიანებული ერების გაძლიერებისა და დემოკრატიზაციის პრობლემა.

მიშელ მუსხელის გვერდები წარმოადგენს შესანიშნავ და ჯერ კიდევ აქტუალურ წარმოდგენას ევროპის ფედერაციის მშენებლობასთან დაკავშირებული იურიდიული და პოლიტიკური საკითხებისა. ამ მიდგომის გამო ავტორი სიტყვებს ფედერალიზმი და ფედერაცია იყენებს ისე, თითქოს ისინი სინონიმები იყოს. საუბარია რედუქციულ მიდგომაზე, რადგან ფედერაცია, ან სხვა სიტყვებით, ფედერალური სტრუქტურები წარმოადგენს ფედერალიზმის ინსტიტუციონალურ ასპექტს.

 ჯერ კიდევ დღეს ეს არის ფედერალიზმის ყველაზე შესწავლილი ასპექტი. მაგრამ როგორც ალბერტინიმ აღნიშნა, ფედერალიზმი არის პოლიტიკური ფორმულა, რომელიც ვარგისია ისტორიის განსაზღვრულ ფაზაში: ფედერალიზმი მსოფლიოს დიდი რეგიონების ფარგლებში სამრეწველო რევოლუციის მეორე ფაზის ეპოქაში და მსოფლიო ფედერალიზმი სამეცნიერო და ტექნიკური რევოლუციის დროს. ასე, რომ შეიძლება მოხდეს ფედერალიზმის ისტორიულ-სოციალური ასპექტის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც სიტუაცია, რომელშიც კლასებსა და ერებს შორის დაყოფის დაძლევა შესაძლებელი გახდა.

მეორეს მხრივ, იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს შორის, შეიძლება მოხდეს კონკრეტული ურთიერთობის იდენტიფიცირება ძალაუფლების ორგანიზების სხვადასხვა ფორმებსა და იმ პოლიტიკურ მიზნებს შორის, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ. მაგალითად, თუ თავისუფლების მიზანს ავირჩევთ, საჭირო იქნება სახელმწიფოს ორგანიზება სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო და ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის) შორის ძალაუფლებების განაწილების პრინციპზე იმგვარად, რომ ძალაუფლებამ შეზღუდოს ძალაუფლება. თუ, მეორეს მხრივ, მშვიდობის მიზანს ავირჩევთ, სახელმწიფო ორგანიზებული უნდა იყოს ფედერალური პრინციპის ბაზაზე, რომელიც იძლევა საშუალებას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებიდან გამოიდევნოს ძალადობა და ამ ურთიერთობების მართვა მოხდეს სამართლით და დემოკრატიურლი პროცედურების ბაზაზე. ასე, რომ ფედერალიზმის ინსტიტუციონალური ასპექტის გვერდით, შეგვიძლია განვასხვავოთ ისტორიულ-სოციალური ასპექტი (კლასებსა და ერებს შორის დაყოფის დაძლევა) და ღირებულების ასპექტი (მშვიდობა).

 

*

რაც შეეხება ევროპის კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ჩნდება აქ გამოქვეყნებული სამი ესედან პირველის დანართში, მუსხელი და სტეფანი იძლევიან მითითებებსა და მოსაზრებებს, რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ აქტუალურია, რადგანაც ევროპის ფედერაცია კვლავ დაუსრულებელია. მუსხელის მსჯელობები ევროპული თანამეგობრობის კონფედერალურ ბუნებაზე სწორია იმ ეპოქის გათვალისწინებით, რომელშიც ისინი დაიწერა. მაგრამ ევროკავშირის უფრო ახალი ინსტიტუციონალური განვითარების ბაზაზე, ევროპის თანამეგობრობა და ევროკავშირი შეიძლებოდა განგვემარტა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის შუალედური ტიპი ფედერაციასა და კონფედერაციას შორის, რაც ამ ინსტიტუტების კონდედერალური მოდელიდან ფედერალურ მოდელზე გარდაქმნის გამოხატულებაა.

პირველ რიგში, უნდა დავაფასოთ ის თუ როგორ ნათლად აკეთებს განსხვავებას კონფედერაციასა და ფედერაციას შორის და ფედერაციაში იდენტიფიცირებას უკეთებს ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, რომელიც პოლიტიკური ერთობის გარანტიას იძლევა წევრი სახელმწიოების დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან ერთად. ერთობის ფაქტორი მდგომარეობს წევრი სახელმწიფოების კომპეტენციების ფედერალურ დონეზე გადაცემაში სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში, უფრო ზუსტად კი საბაჟოების, ფულისა და საგადასახადო სფეროში. ძალაუფლების ამ გადაცემის გარეშე, ევროპული ინსტიტუტები დარჩებოდა წევრ სახელმწიფოებზე დაქვემდებარებული და დაყოფის ფაქტორი გარდაუვალად გაიმარჯვებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსხვავება პოლიტიკური პროპაგანდის 85 სტატიის კრებულთან მიდის, რომელიც ალექსანდრე ჰამილტონის, ჯონ ჯეის და ჯეიმს მედისონის დაწერილია და გამოქვეყნებულია 1787-88 წლებში ნიუ იორკის გაზეთებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მხარდასაჭერად. ამ ნაშრომის სათაურია The Federalist, რომელიც პოლიტიკური აზროვნების კლასიკად იქცა. იგი შეიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს, რომელიც დაფუძნებულია კონდეფერაციასა და ფედერაციას შორის სხვაობაზე. გასაკვირია, რომ ეს წიგნი არ არის ნახსენები მუსხელისა და სტეფანის მიერ.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ავტორები უპირატესობას ანიჭებენ კომპეტენციების განაწილების პრინციპზე დაფუძნებულ ფედერაციის მოდელს, რომელიც მკაფიოდ განსხვავდება შეერთებული შტატების ფედერალური მოდელისგან, რომელიც უფრო ორიენტირებულია ექსკლუზიური კომპეტენციების პრინციპზე. განაწილებული კომპეტენციების მოდელი უფრო ჰარმონიულად ერგება ერი-სახელმწიფოებით შემდგარი ფედერაციის მოთხოვნებს, როგორიც იქნება ევროპის ფედერაცია, რომელიც წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობის საჭიროებით იქნება ძლიერ დომინირებული.

ავტორები ამ მოდელს სამხედრო კომპეტენციასაც არგებენ. განსაკუთრებით, გვირჩევენ ავიაცია მოვაქციოთ ფედერალური მთავრობის კონტროლის ქვეშ და წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის ქვეშ დარჩეს სახმელეთო ჯარი (როგორც შვეიცარიაში) და სამხედრო საზღვაო ძალები. საგარეო პოლიტიკაც ასევე მიჩნეულია, როგორც განაწილებული კომპეტენცია, ისე, რომ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ უფლებამოსილება სხვა სახელმწიფოებთან ჰქონდეთ გამორჩეული დიპლომატიური ურთიერთობები, ხელშეკრულებები და ასევე ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 გარდა ამისა, ფედერალური სახელმწიფოები შეძლებდნენ დათანხმებოდნენ თავიანთი სუვერენიტეტის შეზღუდვებს საერთაშორისო ორგანიზაციების სასარგებლოდ, ურთიერთმიმართების პირობით, გაეროს ფედერალური მიმართულებით განვითარების პერსპექტივაში, რომელიც აჟამად კონფედერაციას წარმოადგენს. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ფედერალურ კომპეტენციებს შორის, ავტორები ენერგეტიკულ პოლიტიკას აერთიანებენ, რომელიც ევროკავშირის კომპეტენცია გახდა მხოლოდ ლისაბონის ხელშეკრულებით.

 რაც შეეხება ფედერაციის იურიდიულ ბუნებას, ავტორები მას განმარტავენ როგორც „ერთდროულად სახელმწიფოებისა და ინდივიდების კავშირს“. ფედერალური ინსტიტუტების სირთულე გამოიხატება ორ პალატიან საკანონმდებლო სისტემით, რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისგან, რომელიც პირდაპირ მოქალაქეების მიერ არის არჩეული და სახელმწიფოთა პალატისგან, რომელშიც შედიან წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშნული წარმომადგენლები. ორივე პალატას მინიჭებული აქვს საკანონმდებლო ძალაუფლება. კანონებს კენჭი ეყრება ხმათა უმრავლესობით ორივე პალატის მიერ. ეს არის მიზანი, რომელიც ევროკავშირს ჯერ სრულად არ შეუძენია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის პარლამენტსა და საბჭოს შორის საკანონმდებლო თანაგადაწყვეტილება ეფუძნება კვალიფიციურ უმრავლესობას და არა „დამსწრე წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას“, როგორც ამას გულისხმობს ევროპის კონსტიტუციის მათი პროექტი.

აღმასრულებელი ხელისუფლების ღერძი არის ფედერაციის პრეზიდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორები გადაწყვეტილ არჩევანს არ აკეთებენ საპარლამენტო რეჟიმსა და საპრეზიდენტო რეჟიმს შორის. სისტემა, რომელიც მკვიდრდება ევროკავშირის წიაღში ახლოსაა საპარლამენტო რეჟიმთან, მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციები გარდაუვალია. მართლაც, ევროპის პარლამენტს აქვს უფლებამოსილება ნდობა გამოუცხადოს ევროპის აღმასრულებელ ორგანოს (კომისია) და პირიქით, ნდობა არ გამოუცხადოს მას და ჩააგდოს კომისია. ევროკავშირის თავმჯდომარის როლი, რომელიც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს, მინიჭებული აქვს კოლეგიალურ ორგანოს, სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურთა ევროპულ საბჭოს, რომელსაც, ლისაბონის ხელშეკრულებით, ჰყავს თავმჯდომარე ორ ნახევარი წლით და ეს ვადა შეიძლება განახლდეს საბჭოს მანდატის ამოწურვამდე. ევროპული საბჭოსთვის მინიჭებული ძალაუფლების გათვალისწინებით, კერძოდ საგარეო ურთიერთობების სფეროში, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა, რომ ევროკავშირის მთავრობა განვითარდება ისეთი ბიცეფალური აღმასრულებელი ფორმისკენ, რომელიც გარკვეულ ასპექტებში, ფრანგულ და რუსულ სისტემებს ჰგავს, სადაც აღმასრულებელი უფლებამოსილებები განაწილებულია.

ფედერაციის უფლებამოსილებათა არტიკულაცია შექმნილია ამერიკული ორ დონიანი მთავრობის მოდელის საფუძველზე, მაშინ როცა ევროკავშირი ცდილობს თავის უფლებამოსილებების ორგანიზება სამ დონეზე მოახდინოს: ევროპულ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეებზე.

 ბოლოს, რაც შეეხება ევროპის კონსტიტუციის რატიფიცირებას, პროექტი ადგენს, რომ კონსტიტუცია შეიძლება შევიდეს ძალაში, როცა მის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობა მოახდენს მის რატიფიცირებას. საუბარია ფუნდამენტურ პრინციპზე, რომელიც ფედერალურ ინსტიტუტებს არეგულირებს, რომელიც ჯერ არ მიუღია ევროკავშირს, რომელიც ჩაფლული რჩება ერთუსოვნების პრინციპში.

 

*

ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურის ყველა ეს მახასიათებელი, რომელთაგან გარკვეული ნაწილი მუსხელის და სტეფანის მიერ იყო იდენტიფიცირებული, აჩვენებს, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს შორის კავშირის შექმნის საჭიროება მოითხოვს ღრმა ინტიტუციონალურ ინოვაციებს.

 რეზიუმეს სახით წარმოგიდგენთ მათ მოკლე ჩამონათვალს:

 - საპარლამენტო რეჟიმი აადვილებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების პოლიტიკურ ხაზს და გადაწყვეტილების პროცესის პარალიზების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, რაც ახასეიათებს საპარლამენტო რეჟიმებს, როგორიცაა შეერთებული შტატები, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტი ცალ-ცალკეა არჩეული;

- ფედერაციის თავმჯდომარეობის მინიჭება კოლეგიალური ორგანოსთვის კონტინენტის ყველა ეროვნების ევროპულ დონეზე წარმოდგენილობის გარანტიას იძლევა, რაც ძალაუფლებების ცენტრალიზებას უშლის ხელს;

 - სახელმწიფოთა პალატისთვის საკანონმდებლო თანაგადაწყვეტილების (ევროპის პარლამენტთან ერთად) უფლებამოსილების მინიჭება წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს ფედერალური კანონმდებლობის ფორმულირებაში მიიღონ მონაწილეობა. მეტიც, სახელმწიფოების დამოუკიდებლობა უფრო ეფექტურად გამოიხატება სახელმწიფოების პარლამენტებისა და მთავრობების წარმომადგენლების მიერ, ვიდრე ხალხის რჩეულთა მიერ;

- ფედერალური საზოგადოებების წიაღში ეკონომიკური და სოციალური ურთიერთდამოკიდებულების განვითარებამ განაპირობა თანამშრომლობითი ფედერალიზმის განმტკიცება. მართლაც, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთი და იგივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მთავრობის ორი განცალკევებული დონის თანაარსებობა შეუძლებელი აღმოჩნდა თანამშრომლობის რაიმე ფორმის გარეშე. აქედან გამომდინარე, ექსკლუზიური კომპეტენციების რეჟიმს გაუსწრო განაწილებული კომპეტენციების რეჟიმმა, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც პრივილეგირებულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოების დამოუკიდებლობა გამოიხატება;

 - მთავრობის უფლებამოსილებების სამ დონეზე (ევროპული, ეროვნული და რეგიონალური) არტიკულირება წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფოს კრიზისის პრობლემაზე ყველაზე ეფექტურ პასუხს, რომელიც მოითხოვს უფლებამოსილების გადაცემას ევროპისა და რეგიონების და სახელმწიფოების სხვა უფრო პატარა ტერიტორიული გაერთიანებებისაკენ;

 - ევროპის ფედერაცია წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ისტორიის მანძილზე პირველად იძლევა საშუალებას მშვიდობიანად თანაარსებონ ისტორიულად კონსოლიდირებულმა ერებმა და გლობალიზაციის ეპოქაში, კაცობრიობის პოლიტიკურ გაერთიანებას ჩაუყაროს დასაბამი. ამ მიზნისა და გაერთიანებული ერების ფედერალური მნიშვნელობის რეფორმის ხელშეწყობისთვის, ევროპის კონსტიტუციამ უნდა დაამტკიცოს ევროპის ფედერაციის მზაობა თავის უფლებამოსილებების ნაწილზე უარი თქვას გაერთიანებული ერების სასარგებლოდ, პირველ რიგში თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილი მსოფლიო პოლიციის კორპუსის რიგებში ჩააყენოს;

- წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის რატიფიკაცია შეესაბამება დემოკრატიისა და ფედერალიზმის პრინციპებს და იმ წინააღმდეგობების დამარცხების საშუალებას იძლევა, რომელიც ეროვნულ ვეტოს უფლებაში იმალება.

 დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძვირფასი დოკუმენტები, მათი მსჯელობის შესანიშნავი სიცხადის გამო, რომლებიც წარმოდგენილია ამ წიგნში, მათი ავტორების, უნივერსიტეტის თავდადებული პროფესორების საპატივცემულოდ, რომელთა გატაცება იყო ევროპელი ხალხისთვის ავთენტური ბრძოლა. და იმედით, რომ ისინი კვლავ შეიტანენ წვლილს ახალი თაობების მშენებლობაში.

 

წიგნის ელ-ვერსია: