აფხაზეთის ოკუპაცია - 25 წელი


	

25 წელიწადი...  ზუსტად მეოთხედი საუკუნე შესრულდა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედიიდან,  რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დატრიალდა და დღემდე გრძელდება. შესაბამის ლიტერატურაში იგი პოსტკომუნისტურ ვანდეად, ხან კიდევ მეორე ჰოლოკოსტად არის შერაცხული. კრემლში გამოზრდილ  აფხაზურ სეპარატისტულ ძალებს ამოფარებულმა  რუსეთის ფედერაციამ, გამოიყენა რა საბჭოთა კავშირის დაშლისა და სახელმწიფო გადატრიალების  შედეგად საქართველოში შექმნილი  რთული პოლიტიკური ვითარება,  თბილისსა და სოხუმს შორის შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. მისი ხასიათი და კატასტროფული შედეგები კონფლიქტში რუსული რეგულარული სამხედრო  ქვედანაყოფების, სეპარატისტული და დაქირავებული ტერორისტულ-ბანდიტური რაზმების ერთობლივმა მონაწილეობამ განაპირობა.

დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აფხაზეთში 1992-1993 წლებში წარმოებული დაუნდობელი ომი ორივე მხრიდან 20 ათასამდე ადამიანის დაღუპვით, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდით, გენოციდითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით დასრულდა.დაღუპულთა დიდ ნაწილს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა შეადგენს, რომელთა შორის ძალიან ბევრია ბავშვი, ქალი, ავადმყოფი, ხანდაზმული, ექიმი, პედაგოგი, მეცნიერი, ხელოვანი და ა. შ. ოკუპანტები მათ წამებისა და ადამიანური ღირსების შელახვის ყველაზე ველური შუასაუკუნეობრივი მეთოდების გამოყენებით მიზანმიმართულად ანადგურებდნენ.1992 წლის 1 იანვრისთვის აფხაზეთში სხვადასხვა ეროვნების 535 061 ადამიანი ცხოვრობდა, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ეს ციფრი 150 ათასამდე, ანუ 3.5-ჯერ (72%-თ) შემცირდა. დევნილებად და იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ ქართველები, ბერძნები, ესტონელები, თვით აფხაზთა ნაწილიც კი, ვინც არ ისურვა იმპერიულ და სეპარატისტულ ავანტიურაში მონაწილეობა. განსაკუთრებით დაზარალდა ქართული მოსახლეობა, რომელიც ეთნიკური ნიშნით იდევნებოდა. ოფიციალური მონაცემებით,  კონფლიქტის შედეგად ქართველთა რაოდენობა 245 ათასიდან 40-42 ათასამდე, ანუ თითქმის 6-ჯერ (84-85%-თ) შემცირდა. მიიღო რა მხედველობაში აღნიშნული გარემოება, ეუთოს სამიტმა არაერთხელ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდა: 1994 წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996 წლის 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულში. ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული ეთნიკური წმენდა, რომლის დაკანონებასაც კრემლი უკვე მეოთხედი საუკუნეა ცდილობს, აშკარად შეიცავს გენოციდის ნიშნებს.

          2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რის შედეგადაც  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის   (ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის) ოკუპაცია მოახდინა. იმავე წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აღნიშნული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა,  რითაც ის ამაოდ ცდილობს სამხედრო ოკუპაციის აშკარა ფაქტის შენიღბვას. ეს ფაქტი დადასტურებული საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ (2008 წლის 23 ოქტომბერი) და აღიარებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, ნატოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით. საერთაშორისო საზოგადოებრიობის პრინციპული პოზიციის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ამასთანავე ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს მცოცავი ანექსიის პოლიტიკასაც.  ამაზე მიუთითებენ მოსკოვსა და სოხუმს შორის 2008 წლიდან, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში გაფორმებული სრულიად უკანონო დოკუმენტები. მათ შორისაა ე. წ. ხელშეკრულებები „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ (2014 წლის 24 ნოემბერი), „რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ“ (2015 წლის 21 ნოემბერი) და ა. შ. ამ და სხვა „შეთანხმებების“ რეალიზაციის შედეგად აფხაზეთის ტერიტორია რუსეთმა საკუთარ სამხედრო ბაზად აქცია.

           2009 წლის 1 თებერვლიდან აფხაზეთის ოკუპაციას უშუალოდ ახორციელებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი მე-7 სამხედრო ბაზა. მისი ინფრასტრუქტურა მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. აღნიშნული ბაზა წარმოადგენს „დამოუკიდებლობის“ მეოთხედი საუკუნის მანძილზე აფხაზეთში შექმნილ ერთადერთ „ღირსშესანიშნაობას“. იგი აერთიანებს სამხედრო, სამხედრო-ადმინისტრაციულ და სამედიცინო ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე - გაგრაში, გუდაუთაში, ბომბორაში, ახალ ათონში, ეშერაში, სოხუმში, კოდორის ხეობაში, ოჩამჩირეში, ნაგვალუში, ოქუმში, გალში, საბერიოში ლეკუხონაში, ჭუბურხინჯში, თაგილონში, ნაბაკევში, მეორე ოტობაიასა და ფიჩორში. მე-7 ბაზის პირადი შემადგენლობა კარგად გაწვრთნილ და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილ 4.5 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს. იგი შეიარაღებულია Т-90А-ს ტიპის ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით (БТР-80А), თვითმავალი ჰაუბიცებით 2С3 („აკაცია“), „გრადებით“ (БМ-21), სანაპირო დაცვის სარაკეტო კატარღებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით (С-300) და ა. შ. ნატო თავის სამიტებზე და საპარლამენტო ასამბლეას სხდომებზე უკვე  ღიად გამოხატავს  შეშფოთებას აფხაზეთის მზარდი მილიტარიზაციის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას.

         “აფხაზეთის რესპუბლიკისა“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების“ შექმნის საფარქვეშ  განხორციელებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია  საქართველოს სახელმწიფოებრიობის, აგრეთვე „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დამყარებული მსოფლიო უსაფრთხოების ახალი კონსტრუქციის წინააღმდეგ მიმართული გლობალური რევანშისტული აქტია. მოსკოვში მხოლოდ სახელმწიფოებრივი  ფორმაცია და ლიდერები შეიცვალნენ, ხოლო რუსეთის ფედერაციის ნეოიმპერიული, „ველიკოდერჟავული“ მიზნები  უცვლელი დარჩა -  ადრეც და დღესაც იგი ვერ ჰგუობს სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების მატარებელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას. კრემლი სხვა პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებშიც აფერხებს დამოუკიდებელი დემოკრატიული  განვითარების პროცესს (ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები/უკრაინა, დნესტრისპირეთი/მოლდოვა, მთიანი ყარაბაღი/აზერბაიჯანი). თვით რუსეთიც აშკარად ავტორიტარული მმართველობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა თუ დარჩა, რამაც   საფუძველი დაუდო მის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში    „ჰიბრიდული ომების“ აქტივიზაციას, ან  მათ საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევებს.

          მეოთხედი საუკუნე ისტორიისათვის მცირე, მაგრამ ამასთანავე სავსებით საკმარისი დროა „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების ჩამოყალიბებისთვის, სამხრეთ კავკასიაში „ახალი შვეიცარიის“ შექმნის შესახებ გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზური სეპარატიზმის ლიდერების მიერ  გაცხადებული  უტოპიური იდეის ნაწილობრივ მაინც განხორციელებისთვის. სინამდვილეში კი, გარდა რუსული ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიისა, აფხაზეთში მივიღეთ სრული ეკონომიკური კოლაფსი - ომამდე  ეკონომიკურად განვითარებული, თვითკმარი  ავტონომიური რესპუბლიკა დღეს სულს ღაფავს და მხოლოდ რუსული „დახმარების“ წყალობით არსებობს. უკანასკნელი ხუთი წლის მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ რუსული ფინანსური „დახმარება“, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, სულ უფრო და უფრო მცირდება. ასე მაგალითად,  2014 წელს რუსული „დახმარების“ წილმა აფხაზეთის ბიუჯეტში 77.4 % (139. 3 მლნ დოლარი) შეადგინა, 2015 წელს - 60% (44 მლნ დოლარი), 2016 წელს - 65. 6% (80.2 მლნ დოლარი), 2017 წელს - 64.5 % (92 მლნ დოლარი), 2018 წელს (ბიუჯეტის გეგმა) – 57.7 % (64 მლნ დოლარი).  ამრიგად, „დამოუკიდებელ“  აფხაზეთს საკუთარი ბიუჯეტიც კი არ გააჩნია.  მის სამეურნეო პოტენციალთან ერთად მოშლილია  ყოფილ სსრკ-ში და მის ფარგლებს გარეთაც განთქმული საკურორტო - ტურისტული ინფრასტრუქტურა; მიწასთანაა გასწორებული ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების სხვა დარგები.

           ღიად ახორციელებს რა აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, კრემლი ცდილობს მოხსნას ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის მას მიზნის მიღწევაში. ეს არის გალის რაიონის ქართული მოსახლეობა, რომელის ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ქართველებსა და აფხაზებს შორის.  სწორედ ამ ხიდის მოშლის მიზნით,  რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება 1993 წლიდან დღემდე ახორციელებს ადამიანის ღირსების, მისი ელემენტარული უფლებების  შემლახველ ექსპერიმენტებს გალის რაიონში დაბრუნებული და საკუთარ სახლებში მცხოვრები ათეულ ათასობით ადამიანის წინააღმდეგ. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა განიცდის  ტოტალურ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით,  იგი მოკლებულია  ყოველგვარ სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. 2015 წლის დეკემბერში სოხუმში მიღებული ე. წ. კანონისა („აფხაზეთში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“) და 2016 წლის დეკემბერში მასში შეტანილი შესწორებების მიხედვით, ადგილობრივი ძირძველი ქართული მოსახლეობა, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ კერძო სახლებში მცხოვრები ადამიანები საოკუპაციო რეჟიმის მიერ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებად“ არიან გამოცხადებული. მათ ენიჭებათ მხოლოდ ბინადრობის უფლება. შესაბამისად, ქართული მოსახლეობა მონაწილეობას ვერ იღებს ოკუპირებული ტერიტორიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დე-ფაქტო არჩევნებში, არ ინიშნებიან საჯარო ან სხვა სამსახურში (გარდა სკოლის მასწავლებლისა). „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს გალის რაიონიდან ჩამორთმეული აქვთ მამა-პაპათაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების განკარგვის, საკუთრების შეძენისა და გასხვისების უფლება. ადამიანებს წართმეული აქვთ ქორწინებისა და აგრეთვე ახალშობილთა აფხაზეთის ტერიტორიაზე რეგისტრაციის უფლებაც. ასეთი რეგისტრაცია გალის მკვიდრთ მხოლოდ აფხაზეთის ფარგლებს მიღმა შეუძლიათ. მკვიდრი მოსახლეობის მიმართ არსად დედამიწაზე არ ხორციელდება მსგავსი დისკრიმინაცია, რომელიც აშკარად გენოციდის ნიშნებს შეიცავს. ოკუპანტები უხეშად არღვევენ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების ფუნდამენტურ უფლებას. 2016-2017 წლებში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე  გამშვები პუნქტების დახურვით უკიდურესად შეიზღუდა გადაადგილების უფლებაც. ამრიგად, ოკუპანტები აგრძელებენ გალის რაიონის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გენოციდის პოლიტიკას, ცდილობენ მის ასიმილაციას ან საკუთარი სახლებიდან განდევნას და ამ გზით აფხაზეთში „ქართული საკითხის“ ერთხელ და სამუდამოდ „მოგვარებას“.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ელემენტარული უფლებების დარღვევის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთი ანგარიში მოამზადა და  იგი  საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარება მუდმივად დგას გაეროს, მისი შესაბამისი ორგანოების, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ნატოს დღის წესრიგში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ-ჯერობით ანგარიშს არ უწევს ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს. ოკუპანტის ხელში აფხაზეთი იქცა ტერიტორიად, სადაც დღეს,  ცივილიზებული  XXI  საუკუნის ათიანი წლების მიწურულს,  არსებობს რასობრივი სეგრეგაციის პრინციპებზე დაფუძნებული, „კონსტიტუციურად გამყარებული“ კვაზი სახელმწიფო თავისი „კონსტიტუციით“, მართვის „კონსტიტუციური“ ორგანოებით. სინამდვილეში აფხაზეთი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიაა,  რუსეთის ფედერაციის ერთიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია ყოველგვარი დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გარეშე; ეს არის ტერიტორია, სადაც თვით აფხაზი ეთნოსის სრულად გადაშენების კრემლისეული გეგმა მთელი ძალითაა ამოქმედებული.    

           აფხაზური საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი კარგად აცნობიერებს შექმნილ კატასტროფულ ვითარებას. იგი ხმამაღლა საუბრობს ღრმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, მორალურ-ფსიქოლოგიურ კრიზისზე, სრულ უპერსპექტივობაზე, იმედგაცრუებაზე, აქედან გამომდინარე, გახშირებულ თვითმკვლელობებზე, „დამოუკიდებლობის“ დაკარგვის საფრთხეზე და ა. შ. აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი მამამთავარის სერგეი შამბას განცხადებით (2018 წლის 19 ივლისი),  მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, აფხაზეთს ელოდება ისეთი ტრაგედია, როცა შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს, „მაშინ მოგვიწევს ფორთხვით ვევედროთ ან საქართველოს, ან რუსეთს, თავის შემადგენლობაში მიგვიღონ“ („а потом станем на колени и будем просить или Грузию, или Россию принять  нас в состав, умалять будем»). აფხაზეთის მიმართ კრემლის პოლიტიკის, მათ შორის ფინანსური „დახმარების“ მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შიმშილით სიკვდილს გადარჩენისთვის აფხაზეთს დაუტოვოს ერთადერთი შანსი - „ევედროს“ რუსეთს  მის შემადგენლობაში „ნებაყოფლობით“ გაერთიანების შესახებ.

           ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკა სრულიად განსხვავებულია და მიზნად ისახავს გარედან თავსმოხვეული ომების შედეგად გამყოფი ხაზების მეორე მხარეს აღმოჩენილ ჩვენს მოქალაქეებთან შერიგებას. 2018 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. თბილისის მიზანი იყო და არის ოკუპირებულ ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებთან სავაჭრო-ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირების აღდგენა-წახალისება, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.  ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტის უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა ათასობით ადამიანმა.            

         აფხაზეთში მიმდინარე  მოვლენების არსში წვდომა, ოკუპაციის შედეგების ობიექტური შეფასება მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების მწყობრი სისტემური წარმოდგენით არის შესაძლებელი. მათი სანდოობა კი დიდად არის დამოკიდებული აღნიშნული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების წარმოშობაზე. ამიტომაც წინამდებარე კრებულში მხოლოდ  ცნობილი რუსი ბლოგერების - პუბლიცისტების, უცხოელი ფოტოგრაფების,  რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების,  აგრეთვე აფხაზეთის  დე-ფაქტო  მართვის ორგანოების  წარმომადგენლების მიერ 2011 -  2018 წლებში საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ ...

წიგნის ელ-ვერსია