ჩვენს შესახებ

ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის თემატიკაზე, სეპარატისტთა მხრიდან მას-მედიის ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებების მეოხებით ვრცელდება აშკარად პროვოკაციული, გაყალბებული და დეზინფორმაციული ხასიათის ე.წ. ფეიკ ნიუსები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
ზემოთაღნიშნულ ქმედებებში ღიად მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები, დიპლომატიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევებში უცხოელი დაქირავებული „ექსპერტები“.
სამწუხაროა, რომ ანალოგიური შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენელთა მხრიდან, რაც უმეტესად უფრო შორსმიმავალ პოლიტიკურ შედეგებზეა გათვლილი და რომლის ღია მხარდამჭერებად გვევლინებიან ასევე რუსეთის ფედერაციის სომხური დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის უმაღლესი დიპლომატიური და საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის სფეროებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა, მეცნიერების და პრაქტიკოსი სპეციალისტების პირადი, უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უამრავი დოკუმენტური და პუბლიცისტური მასალები აფხაზეთის/საქართველო ჭეშმარიტი ისტორიის, განათლების, კულტურის, არქიტექტურის, ხელოვნების და სხვა თემებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა დარღვევების, მისი ორგანული ეკო-სოციალური სისტემის განადგურებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული ძეგლების შეგნებული ხელყოფის ფაქტებზე.
სწორედ ამიტომ, გადაუდებელ საჭიროებად მიგვაჩნია ზემოთ ნახსენები მასალების სისტემატიზაცია და მათი მრავალენოვანი, ავთენტური თარგმანების მიწოდება უპირველესად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ფართო მასებისათვის, რუსული და მსოფლიო საზოგადოებისათვის დღეისთვის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი პლატფორმის RAbkhazeti.com საიტის დაფუძნებით.