მრავალმხრივი შემოქმედია, ქმნის ფერწერულ, გრაფიკულ, სკულპტურულ, მჭედლურ და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრებს. წარმატებით მუშაობს სცენოგრაფიაზეც. იყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, საქართველოს სსრ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საბჭოთა დროს - ცნობილი ქართველი დისიდენტი, 2006 წელს ქ. თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იგი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარა.
1974 წელს, მოსკოვში, ცნობილ საბჭოთა ავანგარდისტებთან ერთად მონაწილეობდა გამოფენაში, რომელსაც ხელისუფლების მიერ დარბევის შემდეგ „ბულდოზერნაია“ ეწოდა. ამ ბარბაროსობას მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების უდიდესი აღშფოთება მოჰყვა.
ნუგზარ მგალობლიშვილი, საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ გამართული მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. არის ცნობილი პუბლიცისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იური შჩეკოჩიხინის მემორიალისა და მრავალი მონუმენტური თუ მჭედლური ნამუშევრის ავტორი სოხუმსა და გაგრაში, ბიჭვინთასა და ადლერში, სოჭში, მოსკოვსა და ჩიკაგოში. მისი ნაწარმოებები დაცულია საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებში, აგრეთვე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.