სტაჟიორის მოსაზრებები აფხაზეთის კონფლიქტზე. დეა კიკნაველიძე - საქართველოს უნივერსიტეტის , საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი , აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების , განათლების და კულტურის კომიტეტის სტაჟიორი.


	

1) ფედერალიზმი საქართველოში

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი . სწორედ ტერიტორიული მოწყობა განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დონეს. საქართველოს ტერიტორიული სტრუქტურა არ არის დადგენილი კონსტიტუციით, რაც დიდ პრობლემებს იწვევს ქვეყნისთვის. ამრიგად: „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“.  ტერიტორიული მოწყობის  დადგენას  ხელს უშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია . მას შემდეგ კი რაც აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა , შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მოწყობის დადგენა.

დღესდღეობით საქართველოს ფედერაციის იდეა საკმაოდ პოპულარული თემაა. როგორც უკვე ვთქვით , საქართველოში არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა , რომელიც გამოიხატება რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპირებით. არსებობს უამრავი მოსაზრება , რომ კონფლიქტების დაძლევის საშუალება და ზოგადად ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი ალტერნატივა არის ფედერალიზმი.

საინტერესოა თუ როგორ თავსდებიან ერთმანეთთან დემოკრატია და ფედერალიზმი. ამ საკითხშიც შეიძლება აზრი გაიყოს ორად . მაგალითად ნაწილი ფიქრობს რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიას. თუმცა ამის საპირისპიროდ არის ვარაუდი , ფედერალიზმი არღვევს დემოკრატიის პრინციპებს. ვფიქრობ , აღნიშნული მოსაზრებები გამომდინარეობს მსოფლიოში არსებული ფედერალური მოწყობის სახელმწიფოებიდან . მაგალითისთვის აშშ და რუსეთი , ორივე არის ფედერაციული მოწყობის სახელმწიფო , თუმცა აშშ არის “დემოკრატიის შუქურა” განსხვავებით ავტორიტარული რუსეთისგან. ფედერალიზმი თავისი ბუნებით არის საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანი თემა. გამომდინარე აქედან , ფედერალიზმის სწორად გამოყენება განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ფედერალიზმის პერსპექტივებზე , მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ  „საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ“  კონცეფციაზე. აღნიშნულ კონცეფციაში  (პროექტში)  მკაფიოდ ჩანს რომ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის განსასაზღვრად აუცილებელია აფხაზეთის საკითხის მოგვარება. კონფლიქტის დაძლევის საშუალებად მივყავართ ფედერალიზმამდე. ვინაიდან მოსახლეობისთვის ტერიტორიული აღდგენის საკითხი არის უპირატესი  მიზანი. ამ მიზნის მიღწევისთვის ფედერალიზაცია ერთ-ერთი ალტერნატივაა. თუმცა ვფიქრობ, რომ აღნიშნული უფრო მეტ პრობლემას  წარმოშობს . სუვერენიტეტის გადანაწილებამ შეიძლება უფრო გაამარტივოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების პროცესები.

ფედერალიზმზე საუბრისას უპირობოდ უნდა ვახსენოთ მიშელ მუსხელი , რომელიც ევროპის გადარჩენის გზად განიხილავდა ფედერალიზმს . ასევე მისთვის საკვანძო იყო ფედერალურ საწყისებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნა. წიგნში „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ნათლად იკვეთება ის უპირატესობები , რომლებსაც ფედერალიზმი შეიცავს . ესენია : პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა , ძალაუფლების სამართლებრივი გადანაწილება , ავტონომიურობის პრინციპი,  კანონის უზენაესობა,  სუბსიდიარობის პრინციპი.  საყურადღებო საკითხი არის სუვერენიტეტის გადანაწილებაც , რომელსაც ხშირად პრობლემურ თემად გამოყოფენ . სუვერენიტეტი ეს არის ხელისუფლების უზენაესობა , რომელიც  მნიშვნელოვანი  ფუნდამენტია  ქვეყნისთვის .  გამომდინარე აქედან , ბევრი პოლიტიკური მკვლევარი არ იზიარებს სუვერენიტეტის გადანაწილებას/შეზღუდვას ტერიტორიულ ერთეულებზე . ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს უწესრიგობა. ამის საპასუხოდ, სუვერენიტეტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აბათილებს მიშელ მუსხელი და ამბობს რომ სწორედ „სუვერენიტეტის გადანაწილებით მყარდება წონასწორობა“.

ფედერალიზმი სხვა მოწყობის მოდელებისგან  განსხვავებით გამოირჩევა უფრო მეტი დემოკრატიზაციითა და დეცენტრალიზაციით. თუ ფედერალიზმის მთავარი პრინციპია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ , უნიტარიზმის არის „ერთიანობა ერთგვაროვნებაში“ . ასევე ფედერალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა თითოეული ტერიტორიული ერთეულის განვითარება და ინტეგრაცია.  ტერიტორიული , ეთნიკური , პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე , საქართველოსთვის უფრო პერსპექტიული ფედერალური მოწყობის ფორმა იქნება. რა თქმა უნდა , ამის განხორციელებას დასჭირდება დიდი დრო , რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მიიღოს .

უარყოფით მხარედ , როგორც უკვე ავღნიშნეთ , შესაძლოა იყოს იმ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება , რომლებიც დღესდღეობით ოკუპირებულია . ფედერალიზმი თავისი ბუნებით ემიჯნება აღნიშნულ მოსაზრებას , ფედერაციის სუბიექტს არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოეყოს სახელმწიფოს . თუმცა თუ ცენტრალური ხელისუფლება/სხვა ფედერაციული სუბიექტები დაეთანხმებიან მოცემულ დებულებას შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება.

ძნელია იმის განსაზღვრა თუ როგორ აისხება ფედერალიზმი და რა გავლენებს მოახდენს საქართველოზე. მართალია , ფედერალიზმს აქვს ბევრი უპირატესობები , თუმცა მნიშვნელოვანია რამდენად პროდუქტიული შედეგები ექნება. გამომდინარე იქიდან რომ რთული მოწყობის სისტემაა , მისი რეალიზება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული . შესაძლოა რომ აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს ეკონომიკას , ამიტომაც ვფიქრობ, რომ ფედერალურ სისტემაზე გადასვლა ხანგრძლივ პროცესებთანაა დაკავშირებული , სადაც აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ შესაბამისი რისკ-ფაქტორები .

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

მიშელ მუსხელი (მიხეილ მუსხელიშვილი) , „ერთიანობა მრავლფეროვნებაში“, 2019

 

2) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ აფხაზეთში

 

კულტურული მემკვიდრეობა არის ისტორიის ანარეკლი  რომელიც შემოგვრჩა წარსულიდან და მნიშვნელოვანია ერის განვითარებისთვის . „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“ წერს ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტიკაში („ერი და ისტორია“), სადაც მკაფიოდ გამოხატავს , რომ დავიწყებას არ უნდა მიეცეს ისტორია . სწორედ ისტორიას გადმოსცემს კულტურული მემკვიდრეობა.

მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში იცავენ კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობებს. საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე აღნიშნული საკითხი ეხება -  „ICOMOS“. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს . იგი ასოცირებულია UNESCO-სთან და მისი მთავარი მიზანი არის ძეგლების , ღირსშესანიშნაობებისა და შენობათა კომპლექსების დაცვა .  გარდა ამ ორგანიზაციისა არსებობს კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები , რომლებსაც განსხვავებული მისიები აკისრიათ გლობალურ ასპარეზზე. ასეთია მაგალითად ICCROM , რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ფასეულობების დაცვასა და რესტავრაციას , ALIPH - კონფლიქტის ზონებში მემკვიდრეობის დაცვას და სხვა.

როგორც უკვე მივხვდით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის მნიშვნელვანი ფუნდამენტი ქვეყნის მაღალი სტანდარტებისთვის. საქართველოში , კონკრეტულად კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვაწყდებით საკმაოდ მწვავე პრობლემებს . არსებობს მრავალი ფაქტი , რომელთა საფუძველზე შეიძლება ცალსახად ითქვას , რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარეობს კულტურული ძეგლების დაზიანება და ასევე მათი არალეგალური გატანა/გაყიდვა. ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად რუსეთის ფედერაციის მიერ .

მიმაჩნია , რომ აღნიშნული არის ჰიბრიდული ომის ნაწილი. მოგეხსენებათ რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ანხორციელებს ჰიბრიდულ ომს . კულტურის განადგურება აფხაზეთში ემსახურება სწორედ რუსულ პოლიტიკას . სხვადასხვა კულტურული ძეგლისა და ეპიგრაფიკის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობისთვის თავიანთი ისტორიის დავიწყებას განაპირობებს . ოკუპანტების მთავარი იარაღი არის ღირსშესანიშნავი ძეგლებისა თუ ნაგებობებისთვის ავთენტური სახის დაკარგვა.

ვინაიდან და რადგანაც აფხაზეთი არის იზოლირებული ტერიტორია და არ არსებობს უსაფრთხოების დაცვის  საკითხები, პრობლემა უფრო რთულ სახეს იძენს. ხშირია  კულტურული ფასეულობების ლეგალური თუ არალეგარული გატანა. შედეგად კი კულტურის სფერო ნადგურდება. ნათლად ჩანს რომ არაეფექტურად მიმდინარეობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის , ასევე ადამნიანის უფლებების დაცვის საკითხები . აფხაზეთში ხშირია არაკანონიერი საქმიანობები , რომელთა უკან დგანან ოკუპანტები. გარდა ამისა კულტურულ ძეგლებს სხვა ზიანიც შეიძლება მიადგეს მაგალითად ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივი კატასტროფებისგან.

უპირველეს ყოვლისა , განვხილოთ თუ რა საფრთხე ექმნება კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ლეგალური თუ არალეგალური გატანით . ლეგალური გატანა გულისხმობს სარესტარვაციოდ ან გამოფენისთვის დროებით გატანას . ამ მხრივ , მნიშვნელოვანია ნივთების უსაფრთხო გადატანა , რათა  პირვანდელი სახე არ დაეკარგოს .  ხოლო არალეგალური მოიცავს ე.წ „შავ მთხრელებს“ ეს უკანასკნელი საკმაოდ აქტუალური თემაა და ბევრ პრობლემასაც ქმნის კულტურის დაცვის საკითხებში. ისინი ძარცვავენ და ანადგურებენ კულტურულ ფასეულობებს.  ნივთების უკანონოდ გადატანის შემთხვევაში კი არ არსებობს ორგანო , რომელიც კომპეტენტური იქნება და დაადგენს მის „ღირებულებას“. ასე რომ ნივთების იდენტიფიკაცია რთულ ამოცანად რჩება ქვეყნისთვის .  რაც შეეხება შავ არქეოლოგიას , იგი უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადის.  თუ არქეოლოგიის ამოცანა არის კულტურული ძეგლების კვლევა-ძიება და ანალიზი , „შავი არქეოლოგიისთვის“ უმთავრესია კულტურული ფასეულობების ძარცვა და ე.წ „შავ ბაზარზე“  გატანა.

 „შავი მთხრელების“ ქეისი არის მეტად საყურადღებო ჩვენთვის . მათი რაოდენობა დიდია და ტექნიკური თვალსაზრისითაც გამოირჩევიან , შესაბამისად საჭიროა ზომების მიღება. შავი მთხრელები ქმნიან ბიზნესს და მათი საქმიანობა ძირითადად ეხება სამუზეუმო ექსპონატებით/ისტორიული ძეგლებით ვაჭრობას. ამ საქმეში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც საერთაშორისო , ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა , ასევე საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრების დამატება , რომელებსაც ექნებათ ტექნოლოგიური მოწყობილობები.      

თანამედროვე არქეოლოგიაში მასალის მოპოვებისა და გათხრების მეთოდიკა არის საკმაოდ მრავალფეროვანი. მაგალითად ესეთებია აეროფოტოგადაღების , მაგნიტური , ელექტრონული , რადიოკარბონული მეთოდები . თითოეული მეთოდი გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი აპარატებით , რომლებიც უზრუნველყოფენ კულტურული ძეგლების აღმოჩენას. აფხაზეთში მყოფ არქეოლოგებს არ გააჩნიათ მსგავსი მოწყობილობები და სარგებლობენ ტრადიციული იარაღებით , განსხვავებით „შავი მთხრელებისგან“ , რომლებიც იყენებენ ციფრულ ხელსაწყოებს.

სამწუხაროა ის ფაქტი რომ კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში არსებულ კულტურულ ძეგლებს აღარ ენიჭება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ეს ყოველივე ცუდად ისახება ქვეყნის კულტურულ სექტორზე. გარდა ამისა ,მნიშვნელოვანია ასევე კულტურული მემკვიდრეობების აღრიცხვა , რაც ოკუპირებულ აფხაზეთში არ მოქმედებს . აღრიცხვა უნდა იყოს დეტალური , რადგან უნდა ვიყოთ ინფორმირებულნი ნებისმიერი სახის ცვლილებისა  შესახებ .  ეს არის მნიშვნელოვანი ეროვნულ , რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე . აუცილებელია მოსახელეობაში გაჩნდეს კულტურული მემკვიდრეობისადმი დაცვის ინტერესი. დამატებით საჭიროა მონიტორინგი. აღნიშნულმა კი უნდა გააკონტროლოს ისეთი დეტალები , რომლებიც საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის.

ძნელია აკონტროლო კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების დაცვის საკითხები , როდესაც არ შეგვიძლია თავისუფლად გადავაადგილდეთ კუთვნილ ტერიტორიაზე. ბუნებრივია მათი განადგურების რისკები სულ უფრო და უფრო მატულობს.  ამ პრობლემის აღმოფხვრა ვფიქრობ ადგილობრივ მოსახლეობაშია , რომლებსაც უნდა შეეძლოთ კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონომა . საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია , თუმცა ამას გარდა აუცილებელი კომპონენტია აქტიური მოლაპარაკებების წარმოება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ასევე საერთაშორისო დონეზე . მაგალითად ინტენსიური მოლაპარაკებები იუნესკოსთან „კულტურული ფასეულობების დასაცავად შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში“.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ზურაბ ჯგუბურია , „შავი არქეოლოგია“ ოკუპირებულ აფხაზეთში , 2022

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა

 

3)გენოციდის მასალები

აფხაზეთის ომი რეალურად იყო რუსეთის ჰიბრიდული ოპერაცია . სწორედ აღნიშნული კონფლიქტი ცხადყოფს რომ ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში მთავარი გამჩაღებელი იყო რუსეთი. აფხაზეთის ომი არის მეტად კომპლექსური ქეისი , რომელიც სათანადოდ არ არის შესწავლილი. ომიდან დღემდე აღნიშნული თემა არ კარგავს აქტუალობას . ვინაიდან აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი კუთხეა და ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი.

ვიდრე უშუალოდ განვიხილავდეთ ომში მომხდარ ფაქტებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ როგორ შეძლო რუსეთმა მშვიდობისმყოფელის როლის მორგება. ომის დაწყებამდე იყო პატარ-პატარა ფიზიკური დაპირისპირებები ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის . რუსეთი ფარულად აკონტროლებდა ორივე მხარეს და პარალელურად ავრცელდებდა სხვადასხვა დეზინფორმაციას . საბოლოოდ კი იქმნებოდა კონფლიქტური ფონი აფხაზებსა და ქართველებს შორის.

მოგეხსენებათ , რომ ეს მოვლენები ვითარდებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდში . საინტერესოა თუ რისთვის სჭირდებოდა რუსეთს აფხაზეთის ოკუპირება . ამის ბევრი მიზეზი არსებობს. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართული იყო დემოკრატიზაციისკენ .  იქიდან გამომდინარე  , რომ ვართ პატარა სახელმწიფო , ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხი . იმის გათვალისწინებით , რომ საქართველოს მეზობლად ჰყავს აგრესორი სახელმწიფო , რომლის მიზანია ჩვენი ტერიტორიების დარღვევა და დაკავება , ეს წარმოადგენდა დიდ საფრთხეს. რუსეთისთვის კი საფრთხეს წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოს დემოკრატიზაციისკენ სწრაფვა და დასავლეთთან ინტენსიური თანამშრომლობა.

აფხაზეთის კონფლიქტს იმ პერიოდისთვის დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია . გარდა ამისა ჰიბრიდული ომის დეფინიციაც  და მისგან თავის არიდების გზებიც არ იყო შესწავლილი და გაანალიზებული. აფხაზეთის ომი სეპარატისტულ კონფლიქტად მოაზრება. აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები უკავშირდება „ეთნიკური წმენდის პოლიტიკას“. ეს ყოველივე კი დადასტურებულია ეუთოს სამიტებზე 1994წ ბუდაპეშტის , 1996წ ლისაბონის , 1999წ სტამბულის რეზოლუციებში.

ხშირად „ეთნიკურ წმენდასა“ და გენოციდს ერთმანეთთან აიგივებენ . ამიტომაც მნიშვნელოვანია მათ შორის განსხვავებები გამოიყოს . ყველაზე საყურადღებო მათ შორის არის მიზანი . მაგალითად გენოციდის უპირველესი მიზანია  მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება , ხოლო „ეთნიკური წმენდის“ - სამიზნე ჯგუფის ძალადობრივი გამოსახლება . გარდა ამისა ,  „ეთნიკურ წმენდას“ არ  მოჰყვება სამართლებრივი შედეგები , განსხვავებით გენოციდისა , რომელიც გამოცხადებულია საერთაშორისო სამართლის დანაშაულად. შესაბამისად გენოციდის , ომში ჩადენილი დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საკითხები განიხილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC).

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ხშირად აფასებენ როგორც ეთნიკურ წმენდად და შესაბამისად არ აქვს საერთაშორისო აღიარება. თუმცა არსებული ფაქტები რაც არსებობს და რეალურია მივყავართ გენოციდის კვალზე . აღნიშნული ფაქტების ანალიზი ნათლად ჩანს წიგნში „აფხაზეთის , საქართველო, ტრაგედია: ისტორიული , პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ .  ავტორი მკაფიოდ ასახავს ქართველ ხალხთა მასობრივი განადგურების დეტალებს ( როგორც ფიზიკურ , ისე ფსიქოლოგიურ) , რაც კიდევ უფრო ცხადყოფს გენოციდის გამოვლინებებს  . გამოიკვეთა უმრავი დანაშაულებრივი ფაქტები : მკვლელობა , განადგურება , დეპორტაცია , წამება , გაუპატიურება , დევნა , არაადამიანური აქტები.  ვფიქრობ , მას შემდეგ რაც დასავლეთმა დაგმო რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინაში და აღნიშნული ომი გენოციდად აღიარა, აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიც არ უნდა დარჩეს ჩრდილქვეშ. ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანია რომ ვიმოქმედოთ გენოციდის აღიარებისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ჯემალ გამახარია ; აფხაზეთის , საქართველო , ტრაგედია , ისტორიული პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები , 2017