"აბა, ომი გინდათ?"


	

"აბა, ომი გინდათ?" - რუსული "ჰიბრიდული ომის" ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რაც "თარგმანში" ნიშნავს - მაშინ ჩემთან მოგიწევთ ომი!

ამ სლოგანით აცხოვრა ევროპის შუაგულში დიქტატორმა ლუკაშკამ საკუთარი სახელმწიფო -ბელარუსი და დღეისთვის ეს მართლაც ერთ დროს შედარებით განვითარებული საბჭოთა რესპუბლიკა მისი მმართველობის 29 წელიწადში(!) რუსეთის სრულ კოლონიად აქცია, პირდაპირი გაგებით: რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ დამოკიდებულებას ამ დღეებში ზედ ეკონომიკური დამორჩილებაც დაუმატა - მისი საერთაშორისო საშუალო დონის სამრეწველო პოტენციალი მთლიანად რუსეთის სამხედრო- სამრეწველო კომპლექსს დაუმორჩილა, წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი ვალების გამო!

ამ "გზაზე" მოძრაობდა ჩვენი მეზობელი სომხეთიც, რომლის სანიმუშო განვითარება(!) მისაბაძი იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ ივანიშვილისთვის, და ალბათ ახლაც ასე ჰგონიათ - სომხეთში საქართველოს პრემიერის ბოლოდროინდელი გახშირებული ვიზიტები ამის მანიშნებელია.

რუსთა მფარველობის ქვეშ სომხეთის "განვითარების" შედეგები კი ყველამ ვიცით...

ამ გზით აგრძელებს მოძრაობას დღევანდელი ღრუზინეთი, რომლის "ეკონომიკის დუღილი" უპირატესად რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მზარდი რაოდენობით, ან უცხოური კრედიტებითაა განპირობებული, რაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური ძვრების პასუხად ერთი მოღალატეობრივი სლოგანით მთავრდება:

"აბა, ომი გინდათ"?

ომი ნამდვილად არ უნდოდათ "ბალტიის ალიანსის" ქვეყნებს, და ზუსტად ამიტომაც დღეს ისინი EU -NATO პოლიტიკური ალიანსის ღირსეული წევრები არიან!

ომი უკრაინასაც არ უნდოდა და ამიტომაც 2014 წლიდან რუსეთთან ხან "ჰიბრიდული", ხან პერმანენტულად "ცხელი ომის" სტადიაში იმყოფებოდა, სანამ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი არ წამოიწყო მის წინააღმდეგ!

"ომი გვინდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის" - ამ დევიზით გმირი უკრაინელი ხალხი მისი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით დღეს რუსეთის მოწითალო - რუხ იმპერიას საბოლოო, გაქრობის გზაზე მიერეკება!

უკრაინელთა გმირობამ და შეუპოვრობამ პროგრესული მსოფლიოს სრული მხარდაჭერა მოიპოვა და ერთ დროს რუსეთის "ძლევამოსილებით" დაბრმავებულ მრავალ ევროპულ სახელმწიფოს იმაზე მკვეთრი ნაბიჯებიც გადაადგმევნა, რასაც "მეგობარი პუტინი" ნამდვილად არ მოელოდა!

საქართველოს რუსეთთან ომი არც 1992-1993 წლებში, აფხაზეთში, და არც 2008 წელს, ცხინვალის რეგიონში ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ იმ ომებში ფიზიკურად დამარცხებულ ქვეყანას მსოფლიო პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდა - ლამის მთელი სამყაროსთვის მისაბაძი მაგალითი იყო თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და ქვეყნის ინსტიტუციონალური გარდაქმნებისთვის ნოვატორული რეფორმების ჩატარების საქმეში!

დღეს არც "ომი არ გვინდა"(ან რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება ომი უნდოდეს?), არც ევროპული ტიპის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი გვაქვს და ..."არნახული წარმატებების" გაუგონარი ზღაპრებით მსოფლიოს ვაცინებთ - თან ყელმოღერებული და ჰალსტუხწაჭერილი ბრიყვული სახეებით წარმოთქმული უაზრო თეზისებით მსოფლიოს ნამდვილად ვაოცებთ...