რუსეთმა ფაქტიურად თვითონვე ამოქოლა "ფანჯარა ევროპისკენ"!

სახელმწიფო მხოლოდ რაოდენობრივად დიდი არმიით, პოტენციურად მნიშვნელოვანი რესურსებით თუ "გამოწრთობილი" სახელმწიფო პროპაგანდით ვერ გახდება ზე-სახელმწიფო, თუ მის გეოპოლიტიკური და ნაციონალური ინტერესები არაა მსოფლიო დონეზე დაბალანსებული.
ასე ემართება რუსეთს, რომელსაც რამოდენიმე "პატარა" სახელმწიფომ შეუძლია საერთოდ დაუკარგოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
რუსეთის მრავალსაუკუნოვანი მცდელობა მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტორად გადაქცევისთვის ორ პრინციპულ საკითხზე გადიოდა: "ფანჯარა" ევროპისკენ და სახმელეთო "კორიდორი" ახლო აღმოსავლეთისკენ, ხოლო შავი ზღვის "შიდა აუზად" გადაქცევა მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გავლენის მექანიზმი უბრალოდ ვერასდროს ვერ გახდებოდა - სრუტეების(ბოსფორის, შემდეგ დარდანელი) ფლობის გარეშე ეს ფაქტი მხოლოდ "შიდა მოხმარების" საგნად დარჩებოდა.
უკრაინის ომმა რუსეთი არა რამოდენიმე ათეული წლით უკან დააბრუნა (უმთავრესად ეკონომიკაში და შემდეგ სამხედრო - პოლიტიკური გავლენის მხრივ), არამედ მისთვის უკვე წარმოიშვა ეგზისტენციალური საფრთხე დაუბრუნდეს ივანე მრისხანის მოსკოვიას პერიოდს - და არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დაშლის პერსპექტივის გამო, არამედ მისი გეოპოლიტიკური, საერთაშორისო მნიშვნელობის მოთამაშის ტიტულის ფაქტიური დაკარგვის მიზეზით - ამას უკვე ბირთვული რაკეტებით და მონღოლური ურდოს მსგავსი მრავალმილიონიანი უწესრიგო და უსისტემო , ცუდად შეიარაღებული სამხედრო ძალებითაც ვერ დაიმკვიდრებს.
ევროპის "მცირე კოალიციის" - პოლონეთის, ესტონეთის ლიეტუვას და ლატვიის გეოპოლიტიკური სიტუაციით და მათი მაღალი ნაციონალური თვითშეგნება - გამბედაობით, ერთის მხრივ, უკრაინის მებრძოლი სულით და ნაციონალური ერთიანობით, ფინეთის და შვედეთის NATO-ში თითქმის შემდგარი გაწევრიანებით
რუსეთმა ფაქტიურად თვითონვე ამოქოლა "ფანჯარა ევროპისკენ"!
"სამხრეთის კორიდორის" და ასევე, "მცირე აბრეშუმის გზის", ანუ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ინტერესების გასაღები უპირობოდ საქართველოა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% -ის ოკუპაცია ამ სურათს პრინციპულად ვერ ცვლის, რადგან აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დროებითი ფლობა, ხოლო სრულიად უსაგნო და გეოპოლიტიკურად დაუტვირთავი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" რა საერთაშორისო პრეფერენციებს აძლევს რუსეთს?
ფაქტიურად არაფერს - ქართველი კონფორმისტების ისტერიული განცხადება: "რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანანო" რა დიდი შეღავათია რუსეთისთვის (გარდა უდიდესი საერთაშორისო ზეწოლისა?) - რა, ქვეყანას, რომლის შეარაღებული ძალები მეორე (ჩვენი) ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე მეტია, და რომელთაც ასეულობით კილომეტრი საერთო საზღვარი, ასევე სუფთა სამხედრო კომპონენტის ფარგლებში უდიდესი, ფაქტიურად თითქმის შეუსაბამო უპირატესობა გააჩნია, რა , თბილისს კრიტიკულ მომენტში ისედაც ვერ დაემუქრებოდა?
აქ მთავარი ჩვენი ნაციონალური ღირსების საკითხია, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ( მდებარეობა, დასავლურ - ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია) თანხვედრის მომენტში რუსეთს საბოლოოდ, სამუდამოდ ჩაუკეტავდა ახლო აღმოსავლეთისკენ "სახმელეთო დერეფნის" გაკეთების ილუზიას!
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ჩვენზე პატარა სახელმწიფოებია - არც მათთვის ყოფილა გზა NATO- EU -სკენ ია - ვარდით მოფენილი, მაგრამ სამივე ნაცია მორალურად და მენტალურად ამისთვის მზად აღმოჩნდა - არ გამოუგონიათ რაღაც "არნახული სუვერენული დემოკრატიის" ახალი რეცეპტები, და არც "პატარა სოფლის" სახელმწიფოდ დარჩენას შეჰგუებიან - დღეს კი ეს ღირსეული ნაციები "უძლეველ და დიად რუსეთს" ლამის საკუთარ დღის წესრიგს უდგენენ!
მოკლედ - "დიდი სახელმწიფო" რომ მხოლოდ დიდი ტერიტორია, უთვალავი და ლამის შეფასებელი ბუნებრივი რესურსები, რაოდენობრივად დიდ არმია და მთლად საოცარი - ბირთვული იარაღის ფლობა არაა - ამას დღევანდელი პუტინისტური რუსეთის უღირსი, ფაშისტურ იდეოლოგიაზე დამყარებული "დიდი ტერიტორიის" საქციელი თვალნათლივ გვიჩვენებს!
მეორეს მხრივ შედარებით პატარა, ხშირად მცირე, მაგრამ ნაციონალური ღირსებით შემკული ქვეყნები სახელმწიფოებრივი მოქმედებების საოცარ სიახლეებს გვთავაზობენ - ის რაც დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად აკლია - ნაციონალური ღირსების და სიამაყის განცდა, ისტორიული მისიის შესრულება: ევროპა - აზიის დამაკავშირებელი "ახალი გზის" საკვანძო ქვეყნად ყოფნა!