უკრაინა


	

უკრაინამ ოთხ თვეში შეუძლებელი შესძლო: ომში არც რუსეთს დაუთმო და საკუთარ თავიც მსოფლიოს ელიტაში შეიყვანა!

ჩვენმა ბედოვლათებმა საკუთარი მმართველობის ათ წელიწადში იმ "სისხლიანი ცხრა წლის" დემოკრატიული მონაპოვრებიც ვერ შეინარჩუნეს და "ომი გინდათ?" დემაგოგიით ეშაფოტისკენ მიმავალ გზას შეუდგნენ - ამათ ჩვენ კი არა, თვით "კოლექტიური დასავლეთი" არ აპატიებს ამ თავხედობას - ორიათასიანი წლების "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დემოკრატიული გარდაქმნების რეგიონალური ლიდერი პრორუსულ "პატარა სოფლად" აქციეს, თანაც სოფლურ - ვირეშმაკული მეთოდებით ევროპის დაშანტაჟება მოინდომეს.

უკრაინამ საკუთარი შუპოვრობით ევროპის კავშირი "წელში გადატეხა" - ფაქტიურად პრორუსულად განწყობილი საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის და კიდევ ზოგიერთი ევროპელი ლიდერებიც დღეს მის უპირობო მხარდამჭერებად აქცია, ხოლო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ოპონენტები კი არა, საკუთარი ისტორიული მეგობრებიც - პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთიც მოიმდურა და მხარხამჭერ ევროპარლამენტარებს "კრიმინალები" ეძახა, ხოლო მებრძოლი უკრაინის მთელი პოლიტელიტა სამუდამოდ მოიმდურა, კაპიტალურად!

გასული ათწლეულის ფაქტიურად უიმედო მოლდოვამ ერთი გონივრული გადაწყვეტილებით, უფრო სწორედ ბოლო ორი წლის ერთადერთმა გონივრულმა არჩევანმა - პროგრესულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ არსებული "შესაძლებლობების ფანჯარა" მაქსიმალურად გამოიყენა და დღეიდან მისი სახელმწიფო დროშაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით იფრიალებს!

ჩვენი "გონივრული არჩევანიც" ზუსტად რომ ბოლო ათწლეულის საქართველოს განვითარების შესაბამისი იყო - საფრანგეთის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინტენსიურად ცდილობდა პოლიტიკური პროცესების "ჩაქრობას" საკუთარი ფსევდონოვატორული საეჭვო ინიციატივებით თუ ევროპული სტანდარტების სრული იგნორირებით.

დღეს ყველა ანალიტიკოსი ერთხმად აღნიშნავდა უკრაინის დიპლომატიის უდიდეს ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში, რასაც საქართველო საერთოდ მოკლებული იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ბერკეტი ერთმა "ბრძენმა" საერთოდ უფუნქციოდ აქცია და ბოლოს ქვეყნის მთავარი დიპლომატი მხოლოდ ლოკოკინების "ცეხის" პრომოუშენით იყო დაკავებული.

მოკლედ - ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი კი არ გვითხრეს, არამედ ჩვენი დიდი მცდელობა დააკმაყოფილეს - ხელისუფლებას ექვსი თვით "პატარა სოფლის" ბოქაულად დარჩენის უფლება დაუტოვეს, გარკვეული პირობით...