დიდება უკრაინას!


	

გერმანულ და ფრანგულ "სამშვიდობო გეგმებზე" აგრესიის მსხვერპლ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება მართებს:

ყველა მათი წინადადება წინდაწინაა რუსულ მხარესთან -რფ საგარეო საქმეთა

სამინისტროსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეთანხმებული!

საქართველოში ამის დიდი "გამოცდილება" დაგვიგროვდა:

აფხაზეთის თემაზე- "ბოდენის გეგმა";

კონფლიქტების საერთო თემატიკაზე - "შტაინმაიერის სამშვიდობო წინადადებები";

2008 წლის რუსეთის აგრესიის პირობებში "სარკოზის სამშვიდობო წინადადება".

ყველა ეს გეგმა თუ წინადადებები ცალსახად რუსეთის მხარის სასარგებლოდ იყო შედგენილი:

აფხაზეთის "განსაკუთრებული" სტატუსი საქართველოს სახელმწიფოში - მომავალში ლეგალური გზით დამოუკიდებლობის მიღების შესაძლებლობით.

ანალოგიური იყო შემდგომი "შტაინმაიერის სამშვიდობო წინადადებები" - აქ აქცენტი უმთავრესად ე.წ.სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალზე იყო აქცენტირებული.

2008 წლის რუსეთის აგრესიის სარკოზის საშუამავლო პროექტი (ოქმი "ცეცხლის შეწყვეტის და ..."), რომელიც თავიდან სარკოზი - მედვედევის "სამშვიდობო გეგმის" სახელით იყო ცნობილი - ფაქტიურად საქართველოს უსიტყვო კაპიტულაციას ითვალისწინებდა!

არცერთი ეს მავნებლური გეგმა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებების მიერ არ იქნა მიღებული, რამაც საქართველოს ცალსახად განუმტკიცა იურიდიული საფუძველი "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების" საერთაშორისოდ აღიარების და დამკვიდრების შესახებ.

ბოდენის გეგმა კი "მიიცვალა" უსახელოდ, მაგრამ შტაინმაიერის "სამშვიდობო წინადადებები" აღმოჩნდა მეტად სიცოცხლისუნარიანი და მომავალში, 2015 წელს, მისი თეზისები ფაქტიურად საფუძვლად დაედო "ნორმანდიის ფორმატის" სამუშაო პროცესს (შტაინმაიერი დღესაც მოქმედი პოლიტიკოსია - "ბუნდესპრეზიდენტი").

ამ ფორმატის ფარგლებში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული აგრესიის მსხვერპლის - უკრაინის სასარგებლოდ, პირიქით კი - მრავალი და აშკარად ტენდენციური.

დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, "ნორმანდიული ოთხეულის" ძირითადი საერთაშორისო აქტორები - საფრანგეთი და გერმანია ისევ უშედეგო და აშკარად კონტრპროდუქციული "სამშვიდობო წინადადებებით" ქმნიან ილუზიას, რომ კიდევ არსებობს რაღაც რესურსი პუტინთან მოლაპარაკების, ომის შეჩერების და მრავალი უშინაარსო ბლა - ბლა - ბლა!

დიახ, პუტინთან მოლაპარაკების, ომის შეჩერების და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი სუვერენიტეტის აღდგენის ერთადერთი გზა მართლა არსებობს: უკრაინისთვის ქმედითი სამხედრო დახმარების - მისთვის თანამედროვე შეიარაღების, ამუნიციის და სხვა საომარი მასალების სასწრაფო მიწოდების გზა!

სხვა ყველა "სატელეფონო საუბრები, გაფრთხილებები და სოლიდარობის გამოხატვები" კრემლისთვის ლამის წაქეზების ტოლფასია.

საფრანგეთის, გერმანიის და მათი დასავლეთევროპელი, უახლოესი იდეური მოკავშირეების ქმედებას რუსულ ენაზე მოჩვენებითი "бурная деятельность" ეწოდება!

უკრაინა იბრძვის, სისხლისგან იცლება - დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში ათასებს სცილდება,მსოფლიოს ყველაზე პატიოსანი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად, მაგრამ რეალური დახმარება მხოლოდ სახელმწიფოებს -მთავრობებს შეუძლიათ და ახლა არაა "სამშვიდობო წინადადებების" ფრქვევის დრო...

დიდება უკრაინას!

გმირებს დიდება!

P.S. მოლაპარაკებები და სამშვიდობო წინადადებები აუცილებლად იქნება - ოღონდ უკრაინის რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან სრულად განთავისუფლების და პუტინის და მისი კამარილიის ჰააგაში წარდგენის შემდეგ.

ახლა აქტიური ფიზიკური მოქმედებების დროა!