ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის მკვლელ რუს ტერორისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ევროპული მას-მედია მთელი დღეა აშუქებს საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩენის, იჩქერიის გმირის ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) მკვლელი რუსი ტერორისტისთვის ბერლინის უმაღლესი სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობის მისჯის თემას.
ეს სასამართლო პროცესი იმდენად რეზონანსული და მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრადიციული რუსულ - გერმანული თანამშრომლობაც "უძლური" აღმოჩნდა საკითხის მიჩქმალისთვის: დღესვე გერმანიამ მკვლელისთვის, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვადიმ კრასიკოვისთვის გაწეული დახმარებისთვის, რფ საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა!
რუსეთის ბევრი მცდელობის მიუხედავად საქმე ვერ "ჩაიფარცხა" - თვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვამ გერმანიის ხელისუფლებისადმი ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადმოცემის შესახებ საჭირო გამოძახილი ვერ ჰპოვა და მკვლელსაც გერმანიის უმაღლესი სასჯელის ზომა - სამუდამო პატიმრობა მიესაჯა!
დღეს გერმანიაში რუსეთის საელჩომ რუსი ტერორისტისთვის გამოტანილი სამართლიანი სასჯელი გერმანიის მხრიდან "რუსეთის მიმართ გამოვლენილ არამეგობრულ აქტად" შეაფასა.
ბოლო პერიოდში ევროპაში რუსეთის ისედაც გაფუჭებულ იმიჯს ეს ფაქტიც დაემატა და გერმანიის ახალ მთავრობას რუსეთთან "მეგობრული" ურთიერთობების გადასინჯვა ნამდვილად მოუწევს.
მსოფლიოში ისედაც ცნობილი იყო რუსეთის მიერ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტერორისტული მეთოდებით განადგურების ფაქტების შესახებ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურების აგენტ - ტერორისტის ასეთი დემონსტრაციული სახით, სასამართლო წესით, დასჯის მოვლენა მაინც მსოფლიო სენსაცია გახდა!
ამ სასამართლო პროცესმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ მეტად უცნაურად და გაუგებრად გამოიყურებოდა მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში, 2019 წლის 23 ოქტომბრიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლების უცნაური მოქმედება - ხელისუფლებას არც უცდია ოფიციალურად მოეთხოვა პასუხი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისაგან მისი მოქალაქის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, არამედ საერთოდ არ დაინტერესებულა ბერლინში ხანგრძლივად მიმდინარე სასამართლო პროცესის დეტალების შესახებ!
ნორმალური ხელისუფლება ასე უსულგულოდ არ უნდა ექცეოდეს საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის გამიზნულ აქტს, არამედ საერთაშორისო დონეზე უფრო მძაფრად წარმოაჩენდეს ოკუპანტი სახელმწიფოს ნამდვილ სახეს!
ოკუპანტი არ "გავანაწყენოთ" საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად - ეს რა პოლიტიკაა?
ამას ნორმალურ ენაზე კაპიტულაცია ეწოდება...