ვაშინერს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!
მურმან კვარაცხელია

შენ მინდა შეგეხმიანო, აფხაზო, ჩემს ძირძველ ოდაბადეში მცხოვრებო ადამიანო. შენმა ოჯახმა მინდა გაიგოს ჩემი ტკივილი, სევდიანი ფიქრები, შეიგრძნოს ის ცრემლი, რომელიც მხოლოდ ცხადში კი არა, სიზმარშიც ნამავს ჩემს სახეს.
მე ის კაცი ვარ, რომელიც მაგ ფუძე-კერიის ბატონიც ვიყავ და პატრონიც. ჩემი ბავშვობის ტკბილ სიზმრებს მანდ ჰქონდათ სასთუმალი. თითოეული ოთახის კედელს მამაჩემის დიდი ოჯახის სურნელი აჰკვრია. ეგ არემარე, ახლა რომ ასე ახარებს თქვენს გულს, ჯერ კიდევ ჩვენი ნაფეხურებით სუნთქავს, ჩვენი გულების მარადიული ველია, მას შეუძლია მხოლოდ ჩვენთვის იყოს მშობლიური, თბილი, სიკეთისა და მადლის მომცემი. მანდ ყველაფერი ჩვენი სიყვარულით არსობდა, ცოცხლობდა, ეზოს მწვანე ბალახიც კი დედაჩემის თბილი ხელით ლაღობდა. მის ალერსიან ჩურჩულს იყო ჩვეული ბაღიც და ბოსტანიც, ფაცხაც და სახლის ჭერიც, ის დიდი მადლიანი დიასახლისი იყო.
თქვენ კი სხვისი კერიის ხვავით ხართ განებივრებულები, რადგან ჩვენი დოვლათის მფლობელნი ახლა თქვენ ხართ. სხვისი კედლები გიცავენ ცხოვრების ქარისა და ვნებისაგან, სხვისი ბუხრის ტკრციალი გათბობთ, სხვისი სახლის კარიბჭეს ამაყად აღებთ!
აფხაზო! ოდესმე დაფიქრებულხარ მე როგორ ვცხოვრობ, რა ტკივილი მტანჯავს, როგორი მონატრება სახლობს ჩემს სულში. იცი რა გახდა ჩემთვის ენგურს გამოღმა საქართველო?
სიზმარშიც კი ვეძებ იმ ნაფეხურებს, რომლებიც ჩემს ჭიშკართან მომიყვანს. ალბათ, ცრემლით დავასველებდი ყველაფერს, კარიდან დაწყებული ვაზის ბოლო ფოთლით დამთავრებული. ადამიანმა სახლი ნებსიმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეიძლება შეიძინოს, მაგრამ იმ სურნელსა და მადლს ვერასოდეს შეიგრძნობს მშობლიურ კერიას რომ გააჩნია. ჩემი სამშობლო მხოლოდ მაგ ჭიშკრიდან იწყება, ჩემი მამულის საიყვარულიც მანდ დაიბადა, მაგ მადლმა დააწყებინა სუნთქვა.
შენ არ გინახავს დედაჩემის, დედა-დევნილის, სევდაჩაგუბებული თვალები, აფხაზეთის დარდით მუდამ ცრემლით რომ ჰქონდა სავსე. წვიმის დროს მიჯდებოდა ფანჯარასთან და გაყუჩდებოდა, ჩვენ აღარ გვიყურებდა. ერთხელ ვკითხე: დედა, რას უსმენ-მეთქი? ჩვენი ოდის საწვეთურების ხმა ჩამესმისო. გესმის, აფხაზო, ის ხმაც კი წამოიყოლა დედამ, ისიც თბილად და მონატრებით შეინახა. მითხარი, ამ განცდას სად ვიყიდი, არსებობს მისი შეძენის საშუალება? აღსავლის კართან მიახლოებულმა ფიცი დამადებინა, რომ მანდ დაბრუნების შემდეგ მის ძვლებს თბილისში არ დავტოვებდი, ჩემს აფხაზეთში დამაბრუნე, მის მიწაში მომასვენეო.
ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია, რომელიც იდუმალი ხელით იწერება სახლის კედლებზე. ამიტომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ჩვენი მატიანე გიყურებს ყოველი კუთხიდან, მაგ კერიისთვის უცხო ხარ! შენი ოჯახის ისტორია იმ მადლით ვეღარ დაიწერება, არ მიგიღებს, არ შეგითვისებს, ფუძის ანგელოზი ვერ გადმოგხედავს ლოცვით. მას ყოველთვის თავისი ძირძველი პატრონი მოენატრება. ჩემი სულის გამონაჟონი მანდაა, დრო-ჟამი ვერაფერს დააკლებს, ვერც შენ მოერევი, ვერ წაშლი. ჩემი სახლის მერცხლები ვერასოდეს შეგიყვარებენ ჩემსავით, რადგან ისინი ჩემთან ერთად წამოვიდნენ სახლიდან სამუდამოდ.
აფხაზო, თავი თუ ბედნიერად არ იგრძნო, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება. რაც არ გეკუთვნოდა იმისი მფლობელი გახდი, სხვის მადლსა და წყალობას ჩაეზიარე, სხვისი სითბო მოისხი ქურქად, სხვისი სიხარული და ბედნიერება მოიპარე... შენ როგორ ფიქრობ, განა სახლი არ გრძნობს, არ ოცნებობს, არ ენატრება, არ უხარია.... ეს უნარი მას ჩვენზე მეტადაც აქვს. ისიც ოჯახის წევრია, ოღონდ უტყვი, ჩუმი, ბაგემდუმარე. შენს წესებს ვერ მიიღებს, რადგან ჩემს სულიერ ნიშანსვეტსაა ჩვეული.
მე „ბედნიერი ტანჯული“ ვარ. ბედნიერი, რადგან აფხაზეთში მეღირსა დაბადება, ამ ღვთიურმა მხარემ აღმზარდა, გამომაყოლა სამყაროს ბილიკებზე სავალი მადლი, მაზიარა ყველაფერს ამაღლებულს. ტანჯული კი იმიტომ, რომ დავდივარ ქართული ცის ქვეშ და სამშობლოში სამშობლოს ვეძებ, უსამშობლოო ადამიანის განცდა მტანჯავს.
აფხაზო, ეგ ადგილები შეიძლება შენთვის მხოლოდ ჩვეულებრივი საცხოვრისია, მაგრამ ჩემთვის საკრალური სიწმინდეა, ნაკრძალია, “ჩემი საკუთარი ემბაზია“, ადგილი, რომელმაც აღმზარდა, ფიქრისა და ოცნების უნარი მასწავლა. მამა მმოძღვრავდა მუდამ, საქართველოსთვის აზროვნებას მასწავლიდა. მას ყოველთვის მესამშობლოე კაცად ვთვლიდი. ამის ბრწყინვალე მაგალითი თვითონ მომცა. 4 წელი იბრძოდა დიდ სამამულო ომში. გერმანიაში ტყვედყოფნის ტკივილიც გაიარა და პარტიზანული განსაცდელიც. ამერიკელები მოუხიბლავს მოხერხებულობითა და გამბედაობით. ომის დამთავრების შემდეგ თან წაყვანა შეუთავაზებიათ. ყველა პირობას შეგიქმნით, დიდ წარმატებას მიაღწევო. უარი უთქვამს, ჩემი სიცოცხლის უმთავრესი პირობა აფხაზეთია, ვერ ვუღალატებო. ხშირად მარიგებდა, ამ მიწის გარეთ ბედნიერების ძებნის უფლება არა გაქვსო.
ეს მოგონებები მანდ მაქვს შენახული, აქ როგორც არ უნდა გავიხსენო, არც ფერი ექნება და არც სურნელი. მე მაგ კედლებში მწვრთნიდა მამის ავტორიტეტი. იგივე უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილების მიმართ, მაგრამ ვეღარ გადავეცი ბაბუის ხელწერა. ვეღარ შემოვისხი დიდ ბუხართან საბაასოდ, აღარ მიმიშვით, უგულოდ მომიჯარეთ კარი. ორ ათეულ წელზე მეტი ამომიგდეთ სიცოცხლის სივრციდან.
სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ჩვენი სახლ-კარის მფლობელნი არ გახდით. ძვირფასი სამარეებიც დაგვიტყვევეთ. იქნებ წუთით დაფიქრდეთ მათს ბედზე. ქართველებს მუდამ წესად გვქონდა წინაპართა განსასვენებლის პატივისცემა. თქვენ კი ამის საშუალება წაგვართვით. მამაჩემის საფლავი ნარ-ეკალს გადაუძოვია, იქიდან იმზირება მისი სევდიანი სული, თითქოს შველას მთხოვდეს, ერთი სანთლის დანთებას.
ბუნებრივია, ეს ომი თქვენთვისაც სასტიკი იყო, დიდი ტკივილი დაგიტოვათ, მაგრამ საკუთარი სახლებიდან არავის აუყრიხართ, დროებით გადაადგილებულები არ დაგრქმევიათ, უარესი - „ლტოლვილით“ არ მოუმართავთ არავის. ჩვენ ორმაგად ვიტანჯებით, აღარც ფუძე-კარი გვაქვს და აღარც აფხაზეთი, საქართველოს უღვთოდ ჩამოხლეჩილი ულამაზესი ნაწილი. ამის გადატანა არცთუ ისე იოლია, ეს სამარადჟამო იარაა.
აფხაზო! თქვენც კარგად იცით ისტორია, ვისი რა არის, ესეც ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ოდითგან მშვიდად, მეგობრულად გვიცხოვრია, ერთმანეთის ქალი გვითხოვია რძლად, ვაჟი სიძედ მიგვიღია, ჭერი და ფუძე დაგვილოცავს, გვიმღერია, ქვეყანა გვიშენებია. ქართველი ის ერია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სითბოთი, სიყვარულით, სტუმრის დახვედრით, უცხოს პატივისცემით. ეს თქვენც გამოსცადეთ. ხშირად მიფიქრია, ჩვენს თავზე დატრიალებული უბედურების მიზეზი ვინაა, თქვენ, მე თუ ის მესამე, თავისი ინტერესებისთვის, ამბიციებისთვის, ჩვენ რომ შეგვაჯახა ერთმანეთს. მტრებად რომ გვაქცია, ცოდვა რომ ჩაგვადენინა. ის, რაც მოხდა, ნამდვილად არ ეკადრება არც შენი და არც ჩემი ერის კულტურას. ოც წელზე მეტია სხვას ვთხოვთ ჩვენი ჩატეხილი ხიდის გამთელებას. მსოფლიოს ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მიგვიყვანს ერთმანეთის გულებამდე.
ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ ავტორი ერი ვართ. ქართველი ქალი თავისი შვილის მკვლელის დედასთან მიდის სამძიმარზე, იქნებ „ჩემზედ მეტადა სტირისო“. სწორედ ესაა დიდი შინაგანი კულტურა, რომელიც დღესაც მზიანობს ქართველში. შენ კი იმ ერს მიეკუთვნები, რომელსაც ჰუმანურობის უდიდესი ნიჭი აქვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზმა კაცმა შვილის მკვლელი სახლში შეიფარა. ღირსეულმა მწერალმა ალექსი ლაკერბაიმ ეს შემთხვევა თავისი მოთხრობის თემადაც გამოიყენა. მიტევების ეს მადლი არ გამქრალა, ისევ სახლობს თქვენს გულებში. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ შენს ნაგრამს ქართველებზე აუგითა და უსიყვარულობით არ აღზრდი, სიძულვილს არ ჩაუნერგავ. ჩემი შვილიშვილი, დიდი ბაბუის მოსახელე, სარდიონ კვარაცხელია, ჯერ ცამეტი წლისაა და უკვე ოცნებად ექცა აფხაზეთის ნახვა.
თქვენ ამაყობთ გიორგი შერვაშიძით, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟით. მისთვის მეორე ენა ქართული იყო. თერგდალეულთა თანამოაზრე და მათ გვერდით მდგომი კარგად იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. იბრძოდა ორი მოძმე ერის, ქართველებისა და აფხაზების, ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის. გიორგი შერვაშიძე საქართველოს „ჩვენ სამშობლო ივერიას“ უწოდებდა. საყოველთაოდ ცნობილია მისი მიმართვა ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალების მიმართ: „თქვენ თქვენ უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან, მე კი - თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისთვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირსა და ლხინში“. ამას თქვენი ღირსეული შვილი და ევროპულად მოაზროვნე მოგიწოდებდათ. მის ლექსს „ვარადა“ სიმონ ჯანაშიამ „უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება უწოდა“, ხოლო ჩვენმა უკვდავმა ჰამლეტ გონაშვილმა აამღერა. აი, ურთიერთობის ასეთი კულტურა გვქონდა. განა ეს ყველაფერი უნდა გავაქროთ, გავწიროთ და შვილების თაობას არ გადავცეთ?
დიდმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა საქართველოში ყოფნისას „ვეფხისტყაოსნის“ გმირის, ტარიელის, სახის შესაქმნელად გიორგი შერვაშიძის ნატურა გამოიყენა. ამ რჩეულ აფხაზს ქართული კულტურა გამშობლიურებული ჰქონდა. სასიქადულო პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ „აფხაზურ კანტანტაში“ დიდი სიყვარულით მოგმართათ და თითქოს დაგმოძღვრათ კიდეც: „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.
შენს ტკივილს ჩემზე უკეთ ვერავინ გაიგებს, აფხაზო, რადგან ორივე „სიმცირეს მივსტიროდით მუდამ.“ პატარა ერი დიდის კალთას შეფარებული ყოველთვის თავისუფლებას იქნება მონატრებული, რადგან, სამწუხაროდ, სხვისი „საძოვარი“ ხდება. ვგონებ, ეს უკვე გამოსცადეთ. საკუთარი თავის „ჩვენად ყუდნების“ მადლი ქართველებისთვისაც კარგადაა ცნობილი და ამიტომაც მუდმივად ბრძოლის ქარცეცხლში ვიყავით. ჩვენი ბედი არც ახლაა დალხინებული.
საბედნიეროდ, მსოფლიო ისტორიას ახსოვს დიდ ქვეყნებს შორის, როგორ შეცვლილა მტრობა და სისხვლისღვრა მეგობრობით. ეს ადამიანური კულტურის უმაღლესი ფენომენია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ორივე ერმა გავიმარჯვოთ შურისძიებასა და სიძულვილზე, დავდგეთ ბოროტებაზე მაღლა, ერთმანეთს მიტევების ხელი გავუწოდოთ, რაც დაინგრა სიყვარულით ავაშენოთ. მე მზად ვარ გადმოვდგა ეს ნაბიჯი, შენც უნდა იფიქრო ამაზე. ეს ორივესთვის უფლისმიერი ვალდებულებაა, მომავალი არ გვაპატიებს სხვანაირ მოქმედებას, რადგან ჩვენ ერთი დიდი კულტურის შვილები ვართ.
აფხაზო, ჩვენ მშვიდობა გვაქვს გადასარჩენი, ორივე ერის სულიერი სიკეთე გვაქვს პატივსაცემი, დაღვრილი ცრემლი გვაქვს მოსაწმენდი, ძვირფასი ადათ-წესები გვაქვს მოსაფერებელი, ერთად გატარებული წლები გვაქვს გასახსენებელი, თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე გვაქვს საფიქრებელი, „ურაიდა“ გვაქვს ერთად სამღერი, აფხაზეთის სევდიანი ცა გვაქვს გასაღიმებელი, ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს ნუ გავიმეტებთ ომის ტბორისთვის. ახლა ორივე დამარცხებული ვართ, ვიფიქროთ გამარჯვებისთვის. ოცდამეერთე საუკუნის დაძაბულ მსოფლიოს უნდა მივცეთ ცივილიზებული მოქმედების საუკეთესო მაგალითი.
მეგრულ ენაში ერთი ასეთი სიტყვა გვაქვს - „ვაშინერს“, რომელიც ჩვეულებრივ აკრძალვას არ ნიშნავს. მას ღვთიური უარყოფის ძალა აქვს. „ვაშინერს“! - იტყვის კოლხი კაცი და მას იქით ვეღარ გადააბიჯებს, ვერ მიისაკუთრებს, ვერ მიიტაცებს, აუგიანი გრძნობით სავსე ხელს არ შეახებს. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის საქართველოში, ბევრმა იცის და მოსწონს კიდეც, რადგან თითოეული სიტყვა ხომ თავის ენერგიას დაატარებს და ამ ძალით მკვიდრდება ჩვენში.
დაფიქრდი, ერთ დროს კეთილო მეზობელო, მეგობარო, მოყვარევ, ახლა ჩემს ეზო-კარში მაცხოვრებელო, ეგ ყველაფერი ჩემი წილი და ხვედრია, ჩემი წარსული და მომავალია, ჩემი სიხარულისა და მადლის აკვანია, დიდი ბაბუის მიერ დალოცვილი ფუძეა... არა გაქვს უფლება წამართვა, მომწყვიტო, მისი მზერა და მოფერება ამიკრძალო!
ვაშინერს, ეს ჩემი ოდაბადეა, აფხაზო!