9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა.
ჯემალ გამახარია


	

 

უმთავრეს მოვლენას ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიაში დამოუკიდებლობის მოპოვება, მისი გამოცხადების თუ აღდგენის დღე წარმოადგენს. ასეთი დღეები და მათი შემოქმედნი ოქროს ასოებით და სამუდამოდ არიან აღბეჭდილი სახელმწიფოთა მატიანეებში. ჩვენც - ქართველებს - დამოუკიდებლობის დღისადმი გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. მოგეხსენებათ, ქართული სახელმწიფოებრიობა სათავეს შორეულ ისტორიამდელ ხანაში იღებს და სულ ცოტა 35 საუკუნეს მაინც ითვლის. განვლილი ათასწლეულების მანძილზე საქართველოს ისტორია იყო და არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების, მერე მისი დაკარგვისა და კვლავ აღდგენის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის,  სრულად ან ნაწილობრივ ისევ გაერთიანების განუწყვეტელი პროცესი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დასრულებული არ არის და დღესაც,  ჩვენს თვალწინ, ჩვენივე აქტიური მონაწილეობით გრძელდება - გრძელდება, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომაც არის ქართველებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი; ამიტომაც არის ესოდენ წმინდა 1991 წლის 9 აპრილი -  დაუნდობელი მტრის ნიჩბებით ორი წლით ადრე დაჩეხილი ახალგაზრდების უმანკო სისხლის ფონზე და 26 მაისის ისტორიული აქტის საფუძველზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. იმ დღიდან სამი ათეული წელი გავიდა. კიდევ გაივლის შემდეგი ათწლეულები, გაივლის ასწლეულები და ათასწლეულები - ჟამთა ეს უსასრულო სვლა ვერა თუ ვერ დაჩრდილავს, პირიქით, სულ უფრო და უფრო გამოკვეთავს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას, ამ დღის მთავარი შემოქმედის - ზვიად გამსახურდიას უდიდეს დამსახურებას, მისი ერთგული თანამებრძოლების ღვაწლს ქვეყნისა და ერის  წინაშე; იმავდროულად წარმოაჩენს, ძალიან რბილად თუ ვიტყვით, დანაშაულს იმ ჯგუფებისა თუ პირებისა, რომლებმაც 1991-1992 წლების მიჯნაზე  ხელი აღმართეს ახლად ფეხადგმული ქართული სახელმწიფოსა და მისი იმჟამინდელი სიმბოლოს - ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.

30 წლის იუბილე, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ, საკმარისი დროა და კარგი საბაბიც, რათა თვალი გადავავლოთ, შევაფასოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენები, ასევე გავიხსენოთ და შევაფასოთ აღნიშნული მოვლენების გავლენა აფხაზეთში განვითარებულ პროცესებზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ, პოლიტიკურმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალმა საქართველომ“, რომელიც 1990 წლის 7 მაისს ჩამოყალიბდა, წინასწარ შეიმუშავა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის განსხვავებული, ამასთანავე სავსებით რეალისტური გეგმა. იგი ითვალისწინებდა როგორც საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებას, საზოგადოების მზაობას დამოუკიდებლობის იდეის მისაღებად, ისე ტაქტიკურ საკითხებში ეროვნული მოძრაობის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას,  დასუსტებული, მაგრამ ჯერ კიდევ საშიში საბჭოთა იმპერიისგან მომდინარე საფრთხეებს,  მდგომარეობას საერთაშორისო არენაზე და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სამყაროს პოზიციას.  ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, „მრგვალმა მაგიდამ“ უარი თქვა ე. წ. კონგრესის მოწვევის, „საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის“, „ჯერ დემოკრატიის და შემდეგ თავისუფლების“ არარეალურ, პროვოკაციულ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი მიამიტურ იდეებზე; მთლიანად ეროვნული მოძრაობა უარს ამბობდა საბჭოურ არჩევნებში მონაწილეობაზეც, მან ბოიკოტი გამოუცხადა 1990 წლის 25 მარტისთვის დანიშნულ არჩევნებს და ეს ბოიკოტი განახორციელა კიდევაც. როგორც ცნობილია, ე. წ. საბჭოურმა არჩევნებმა წარმატება მოუტანა ბალტიის ქვეყნებს, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ კი მასზე უარი თქვა. მოგეხსენებათ, დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს ბალტიის ქვეყნები სსრ კავშირის შემადგენლობაში არასოდეს უღიარებია; გარდა ამისა, ადგილობრივი საბჭოურ-კომუნისტური ხელისუფლება და ეროვნული მოძრაობა საერთო პოზიციაზე იდგნენ.  აქედან გამომდინარე, ბალტიის ქვეყნებისთვის საბჭოური არჩევნებიც  წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ვინაიდან ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, „მრგვალმა მაგიდამ“ შეიმუშავა ახალი პოლიტიკური კურსი - აირჩია არასაბჭოური, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების გზა.

ეს იყო ბრძნული, შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, რომელმაც გაამართლა - 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა არასაბჭოური, მრავალპარტიული არჩევნები. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოს საბჭოურ-კომუნისტურ ხელისუფლებას პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“-ს ახალი პოლიტიკური კურსისთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ვერც გაუწევდა, ვინაიდან იყო უკიდურესად დასუსტებული და დეზორგანიზებული. არასაბჭოურ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე - 1990 წლის 9 მარტს - საქართველოს კომუნისტურმა უმაღლესმა საბჭომ ეროვნული მოძრაობის ზეწოლით მიიღო დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“. ამ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტის თანახმად, 1921 წლის 25 თებერვალი შეფასდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად და ფაქტობრივ ანექსიად, ბათილად იქნა ცნობილი 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ, ეს თვითაღიარებითი ჩვენება გახლდათ იძულებითი, ტაქტიკური ხასიათის მატარებელი, მან პოზიტიური როლი ითამაშა სსრ კავშირიდან თავის დაღწევის ურთულეს გზაზე. ცხადი გახდა, რომ მთელი ქართული საზოგადოება, მათ შორის კომპარტიის ასეულ ათასობით წევრი, მზად იყო საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის.

ყოველივე ამის შემდეგ სავსებით ბუნებრივი ჩანდა მოლოდინი იმისა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა. ასეც მოხდა.  დამარცხებულმა კომპარტიამ თითქოს მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება, თუმცა მოგვიანებით განვითარებული პროცესები საპირისპიროზე მეტყველებენ. არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ლიდერი ზვიად გამსახურდია  ხელისუფლების სათავეში მოექცა - იმ ხელისუფლების სათავეში, რომელსაც ხალხი დღემდე სიყვარულით ეროვნულ ხელისუფლებას უწოდებს.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება  პირველი დღიდანვე შეუდგა საბოლოო მიზნისკენ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მორიგი უაღრესად სწორი და წინასწარ ზუსტად გათვლილი ნაბიჯი გახლდათ არა დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ დეკლარირება, არამედ გარდამავალი პერიოდის გამოცხადება. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მომხდარიყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლების შემზადება. ამ მიზნით განხორციელდა ძირეული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, საიდანაც გაქრა სიტყვები „საბჭოთა“ და „სოციალისტური“; ამიერიდან საქართველოს სსრ საქართველოს რესპუბლიკად იწოდებოდა.  შეჩერდა იმ საკავშირო კანონების მოქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს კანონმდებლობას; ამის გამო მოსკოვსა და თბილისს შორის გაჩაღდა „კანონთა ომი“; დაიწყო დესოვეტიზაციის რთული და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესი - ცენტრში და ადგილებზე საბჭოთა ინსტიტუტების ახალი დემოკრატიული ინსტიტუტებით ჩანაცვლება, ფართო გასაქანი მიეცა კერძო მეწარმეობას; ფრთხილად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა ცალკეული ობიექტების პრივატიზაცია. 1990 წლის 20 დეკემბერს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რასაც მოჰყვა ეროვნული გვარდიის ნაწილების ჩამოყალიბება, მისი ოთხი ბატალიონი აფხაზეთში იყო დისლოცირებული; მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ 1991 წლის მარტში  ადგილობრივი არჩევნების ჩატარება.

იმპერიული ცენტრი ყველა ღონეს და ყველანაირ ხერხს მიმართავდა სსრ კავშირის რღვევის პროცესის, დამოუკიდებლობისაკენ მოკავშირე რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს სწრაფვის შესაჩერებლად. ამ მიზანს ისახავდა 1990 წლის 3 აპრილს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ე. წ. კანონი „საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის წესის შესახებ“. საბჭოთა კავშირიდან გასვლა მოკავშირე რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ რეფერენდუმზე მოსახლეობის ორი მესამედის თანხმობით (მე-6 მუხლი).  აღნიშნული კანონის თანახმად, ავტონომიები, იქნებოდა ეს ავტონომიური რესპუბლიკა, ოლქი თუ ოკრუგი, ასევე ცალკეული ეროვნული კომპაქტური დასახლებებიც კი რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას ცალ-ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული (მუხლი 3). „კანონი“ ადგენდა ხუთ წლამდე გარდამავალ პერიოდს (მუხლი 9), რომლის გასვლის შემდეგ მოსახლეობის მეათედს შეეძლო მოეთხოვა ახალი რეფერენდუმის ჩატარება (მუხლი 19). საკავშირო ცენტრთან უნდა შეთანხმებულიყო იმ ტერიტორიის სტატუსი, რომელიც კავშირიდან გასვლის მოსურნე მოკავშირე რესპუბლიკის ნაწილს არ წარმოადგენდა სსრ კავშირის შემადგენლობაში მისი გაწევრიანებისას (მუხლი 14, პ.7). 1990 წლის 3 აპრილის კანონი ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას, რომლის მიხედვით, მოკავშირე რესპუბლიკა ინარჩუნებდა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას (72-ე მუხლი; იხ. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლი); ასევე მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიის შეცვლა არ შეიძლებოდა ამ რესპუბლიკის თანხმობის გარეშე (78-ე მუხლი; იხ. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლი). სსსრ კავშირის ეს „კანონი“ არსებითად წარმოადგენდა მოკავშირე რესპუბლიკებში სეპარატიზმის წახალისების, ახალი ავტონომიების შექმნის თავისებურ ინსტრუქციას.  წინასწარ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან რესპუბლიკების გასვლა 1990 წლის 3 აპრილის   ანტიკონსტიტუციური კანონის  შესაბამისად არ მომხდარა, რადგანაც 1991 წლის ბოლოს ე. წ. კავშირი ხუხულასავით დაიშალა და ის „კანონიც“ თან გაიყოლა. მიუხედავად ამისა, მისი ცალკეული მუხლები კრემლში დღემდე ცოცხლობენ. გავიხსენოთ 2020 წლის 21 ივნისს  - გამარჯვების აღლუმის წინა დღეებში - ტრანსლირებულ დოკუმენტურ ფილმში „რუსეთი-კრემლი-პუტინი“ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება საყვედურით იმის შესახებ, რომ ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიკებმა სსრ კავშირის დაშლის შემდეგ უკან არ დააბრუნეს მათთვის თითქოს ნაჩუქარი წმინდა რუსული ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლისას მათ არ ეკუთვნოდათ.

სანამ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშლებოდა, საკავშირო ცენტრმა  სცადა მისი  შენარჩუნება ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების იდეის, „ძლიერი ცენტრისა და ძლიერი რესპუბლიკების“ ლოზუნგის წინ წამოწევით, 1991 წლის 17 მარტისთვის დანიშნული რეფერენდუმით, ასევე სეპარატისტული მოძრაობების წაქეზებისა და მხარდაჭერის გზით. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლში. ეროვნული ხელისუფლება იძულებული გახდა 1990 წლის 11 დეკემბერს მიეღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. საქართველომ ბოიკოტი გამოუცხადა საკავშირო რეფერენდუმს და ფაქტობრივადაც განახორციელა იგი; მონაწილეობა არ მიიღო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შემუშავებაში, ე. წ. ნოვო ოგარიოვოს პროცესში, ე. წ. სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბებაში.  აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აქტურად მონაწილეობდა ნოვო ოგარიოვოს პროცესში, მანამდე საკავშირო რეფერენდუმშიც მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო უბნების ვითომ მოუმზადებლობის გამო, გალის რაიონი რეფერენდუმიდან მოხსნეს. ამის შემდეგაც რეფერენდუმის ორგანიზატორებს დასჭირდათ მასობრივი გაყალბება, მთელ რიგ უბნებზე კურიოზული ოქმების შედგენა (რეფერენდუმში მონაწილეთა და მხარდამჭერთა 110-120%-ს მითითება), რათა 50 პროცენტზე ოდნავ მეტი მომხრე დაეფიქსირებინათ. მიღებული ზომების მიუხედავად, სსრ კავშირი მაინც დაიშალა, შესაბამისად, 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმის თუნდაც ის გაყალბებული შედეგები ავტომატურად იქცა ბათილად,  იურიდიული ძალის არმქონედ.

1991 წლის გაზაფხულისთვის გარდამავალი პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა. მიზნის მისაღწევად საჭირო იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორად გათვლილი გადამწყვეტი ნაბიჯის თუ ნაბიჯების გადადგმა. ეროვნული ხელისუფლების უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის  დანიშვნა და მისი ტრიუმფით ჩატარება როგორც მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით, ისე ავტონომიურ ფორმირებების, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა პასუხი გასცეს კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“. რესპუბლიკის მასშტაბით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ - 90. 79% ანუ 3 334 286 ადამიანმა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაჭრას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 99.08% ანუ 3 295 493 ადამიანმა; წინააღმდეგ წავიდა 0.51 % ანუ 16 917 ადამიანი, ბათილად იქნა ცნობილი ბიულეტენების 0.4 %.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა რეფერენდუმის ჩატარებას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც მოსკოვიდან მხარდაჭერილმა და იქიდანვე მართულმა სეპარატისტულმა მოძრაობამ იმ დროისათვის ფართო გასაქანი მიიღო. 1991 წლის მარტში ზვიად გამსახურდიამ ორჯერ - 12 და 27 მარტს - მიმართა აფხაზ ხალხსა და პირადად ვ. არძინბას. 12 მარტის მიმართვაში აფხაზი ხალხისადმი ზვიად გამსახურდია საუბრობდა აფხაზთა და ქართველთა საერთო კოლხურ წარმომავლობაზე, ჩვენი ხალხების გენეტიკურ ნათესაობაზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზთა ეროვნულ-კულტურული ინტერესების აღიარებაზე, იმპერიის ავბედით როლზე და ვერაგულ მიზნებზე, ბოლო დროს გამწვავებულ ვითარებაზე, ვ. არძინბას სეპარატისტულ ტენდენციებზე, რომელიც საფრთხეში აგდებდა მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ზვიად გამსახურდია მოუწოდებდა აფხაზეთის მოსახლეობას ბოიკოტი გამოუცხადოს 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღოს 31 მარტის რეფერენდუმში, „რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო, ნათქვამია მიმართვაში,  თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია“. 1991 წლის 14 მარტს გაკეთებულ საპასუხო განცხადებაში, ვ. არძინბა ეთანხმებოდა საქართველოს ლიდერის მიმართვის იმ ნაწილს, სადაც ის საუბრობდა აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, ეროვნული ტრადიციების სიახლოვეზე. „აბსოლუტურად მჯერა, წერდა იგი, ჩვენი ხალხები შემდგომშიც ხელიხელჩაკიდებულნი გადაწყვეტენ მათი ეროვნული განვითარების რთულ პრობლემებს. მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ვაკეთებდი და გავაკეთებ მომავალში იმისათვის, რათა აფხაზეთსა და საქართველოში მეფობდეს მშვიდობა და თანხმობა, რაც დამყარებული იქნება თანასწორუფლებიან რესპუბლიკათა მყარ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე“. სწორედ ეს „თანასწორუფლებიან რესპუბლიკათა მყარი სახელშეკრულებო ურთიერთობა“ გახლდათ ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელი; კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეიცავდა ვ. არძინბას სიტყვები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი რჩებოდა სსრ კავშირის შემადგენლობაში.

ზვიად გამსახურდიას  1991 27 მარტის მიმართვაში ვ. არძინბასადმი დაგმობილია აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციების დარღვევისკენ მიმართული ქმედებები. „თქვენი ასეთი საქციელი,-ვკითხულობთ მიმართვაში,-შეიძლება განხილულ იქნეს როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას“. ზვიად გამსახურდია მოუწოდებდა ვ. არძინბას სიფრთხილისკენ, დაფიქრებისკენ, რადგანაც „ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს“.

აღნიშნულმა მიმართვამ, რომელიც 31 მარტის რეფერენდუმამდე ოთხი დღით ადრე გაკეთდა, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოახდინა ვ. არძინბას პოზიციაზე. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ხელი არ შეეშალა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის, თუმცა თვითონ ხელისუფლება, ასევე ე.წ. ბლოკი „სოიუზი“ აფხაზური „აიდგილარას“, რუსული „სლავიანსკი დომ“-ისა და სომხური „კრუნკის“ შემადგენლობით მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. შექმნილ ვითარებაში ეს იყო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ვ. არძინბას აქტივში ჩაიწეროს. მიუხედავად ნაწილობრივი ბოიკოტისა, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. აფხაზეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 347 175 ადამიანს შეადგენდა. აქედან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61. 27%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითვას დადებითად უპასუხა რეფერენდუმში მონაწილეთა 97.73%-მა, რაც შეადგენდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59. 84%-ს; დასმულ კითხვაზე უაროფითი პასუხი გასცა 1.42%-მა, რამაც შეადგინა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.87%. აფხაზეთის ხელისუფლებისა და სეპარატისტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ბოიკოტის პირობებში მიღებული რეფერენდუმის შედეგები გახლდათ ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება და სეპარატისთა სერიოზული მარცხი აფხაზეთში.

სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო ისტორიული დოკუმენტი - აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აქტს ხელი მოაწერა მისმა უპირველესმა შემოქმედმა ზვიად გამსახურდიამ, ხელი მოაწერეს ზვიადის თანამებრძოლებმა - უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა. მინდა საგანგებოდ კიდევ ერთხელ მივესალმოთ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთ, რომლებიც ჩვენი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ. მივესალმებით და იმადროულად ბოდიშს ვუხდით  დამოუკიდებლობის აქტზე იმ ხელმომწერთ, რომელთა ამ დარბაზში მოწვევა, კორონავირუსული პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერთა შორის არის აფხაზეთის 14 მკვიდრი - ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ ლორთქიფანიძე, თეიმურაზ მჟავია, თამაზ ნადარეიშვილი, ზვიად ნადარეიშვილი, ველოდ მირცხულავა, ჯემალ საჯაია, გია სუბელიანი დიმიტრი ქებურია, მანანა ძოძუაშვილი, ჯემალ შონია, ედიშერ ჯანჯულია, ვლადიმერ ჯოლოგუა, რევაზ კემულარია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის, ალბათ, ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოში, რომლის შემადგენლობაში დღემდე აქტიურად იღწვის 1990 წლის მოწვევის უზენაესი საბჭოს ოთხი წევრი - ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ ლორთქიფანიძე, თეიმურაზ მჟავია და ჯემალ საჯაია. პირადად ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების გვერდით მუშაობა.

 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 9 აპრილის აქტით შეიქმნა მყარი სამართლებრივი ბაზა, რომელსაც დღემდე ეფუძნება და მომავალშიც დაეფუქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 31 მარტისა და 9 აპრილის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პირველი მუხლიც, რომელიც ადგენს: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

9 აპრილის აქტის დეკლარირებით დასრულდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის  პირველი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. არანაკლებ რთულ ამოცანას წარმოადგენდა დეკლარირებული დამოუკიდებლობის რეალობად ქცევა, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვება ანუ სსრ კავშირის შემადგენლობიდან გასვლა. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ამჯერადაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა მიზნისაკენ მიმავალ გზას. ამ ეკლიან გზაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელისუფლების ერთიანობას, მმართველი ორგანოების სიმტკიცეს, ეფექტიანობას და პოლიტიკურ ნებას. სავსებით ბუნებრივია, რომ იმ რთულ ვითარებაში მიზანშეწონილად ჩაითვალა ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება. 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ განახორციელა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია. საპრეზიდენტო არჩევნები კი 26 მაისს გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 594 810 ადამიანს, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 287 ადამიანმა. ხმების 86. 41% ერგო ზვიად გამსახურდიას, დანარჩენი ხმები გადანაწილდა კიდევ ხუთ კანდიდატს შორის. მიუხედავად სეპარატისტული ძალების მიერ ამჯერადაც გამოცხადებული ბოიკოტისა, საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთშიც წარმატებული აღმოჩნდა - მცირედი სხვაობით განმეორდა რეფერენდუმის შედეგები როგორც არჩევნებში მონაწილეთა, ისე ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა რაოდენობის თვალსაზრისით.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის კრახმა, 31 მარტის რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ბრწყინვალე შედეგებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს, გააძლიერეს ქართული ეროვნული მოძრაობის პოზიციები აფხაზეთში.  სეპარატისტთა ლიდერებისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ მათი მიზნების მიღწევა დემოკრატიული არჩევნებისა და რეფერენდუმების გზით შეუძლებელია. იგივე დასკვნამდე მივიდა კრემლი, რომელიც იმ პერიოდში შიდაგარჩევებით იყო დაკავებული და აფხაზეთისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდად ვერ იცლიდა. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ცდილობდა ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენებას და აფხაზებთან ურთიერთობის დალაგებას. 1991 წლის 7 ივნისს თავის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სპეციალურად შეეხო სახელმწიფო მოწყობისა და აფხაზეთის მომავალ პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს. „სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს,- განაცხადა მან,- მმართველობის და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს აფხაზების როგორც მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა... ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა ისევე, როგორც მთელი პოლიტიკური სისტემა უნდა განისაზღვროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით“.

პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვაში ჩამოყალიბებული გეგმის შესაბამისად  გადადგმული მორიგი პრაქტიკული და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ 1991 წლის ზაფხულში თბილისსა და სოხუმს შორის ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედგად მიღწეულ შეთანხმებათა მთელი პაკეტი. შეთანხმებებმა ასხვა ჰპოვეს აფხაზეთის კონსტიტუციაში და ახალ საარჩევნო კანონში. მათი დამტკიცება მოხდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებზე, რომლებიც 1991 წლის 9 ივლისს, 15 აგვისტოს და 27 აგვისტოს გაიმართა. 9 ივლისის სესიამ, რომელსაც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ესწრებოდა, მიიღო ახალი საარჩევნო კანონი, განახორციელა ცვლილებები აფხაზეთის კონსტიტუციაში. აკაკი ასათიანმა სესიას გააცნო ზვიად გამსახურდიას საკმაოდ ვრცელი მიმართვა დეპუტატებისადმი. მოვიტანთ ამონარიდებს პრეზიდენტის მიმართვიდან: „საქართველოს რესპუბლიკაში ახალ საზოგადოებას რომ ვაშენებთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ  აფხაზეთის სტატუსის განვითარების ტენდენციები, რასაც გააკეთებს კიდეც სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან შედგება... რაც შეეხება აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კომპეტენციის გაფართოებას თანამედროვე მოთხოვნათა სულიკვეთების შესაბამისად, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი. ცალმხრივი მოქმედება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან შეუწყნარებელია და შეიძლება მოჰყვეს განუჭვრეტელი შედეგები... გარკვეული ძალები ცენტრში (მოსკოვში-ჯ.გ.) უკვე დიდი ხანია ცდილობენ შეარყიონ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის შიგნიდან. კერძოდ, დაუპირისპირონ აფხაზი ხალხი ქართველ ხალხს, ამოგლიჯონ აფხაზეთი საქართველოს ცოცხალი სხეულიდან. ყოველი ამგვარი ცდა განწირულია ჩასაფუშავად, რამეთუ ცემენტი, რომელიც ადუღაბებს აფხაზეთს მთელ საქართველოსთან, იმდენად მტკიცეა, რომ მას ვერავითარი გარეშე თუ შინაგანი ძალა ვერ დაანგრევს... პოლიტიკური რეალიზმი ამავე დროს გვიკარნახებს უწინარეს ყოვლისა აფხაზებისა და ქართველების - ამ ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც არ გამორიცხავს აფხაზი ხალხის გარკვეული უფლებების ცნობას პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნისა და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურათა სრულყოფის დროს“.

ჩვენი საზოგადოებისთვის, აკადემიური და პოლიტიკური წრეებისთვის, მათ შორის დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებისთვის ცნობილია 1991 წლის ზაფხულში თბილისსა და სოხუმს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები. ვინაიდან ამ შედეგების მიმართ  1991 წელსაც და  დღესაც  რამდენადმე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და არსებობს, ნება მიბოძეთ მოკლედ შევჩერდეთ 30 წლის წინ მიღწეული ქართულ-აფხაზური შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე.

შეთანხმება, როგორც ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა 9 ივლისის მიმართვაში, პირველ რიგში, ითვალისწინებდა აფხაზი ხალხის გარკვეული უფლებების ცნობას პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნისას, ითვალისწინებდა ამ სფეროში არსებულ გარკვეულ საერთაშორისო პრაქტიკასაც. კერძოდ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იქმნებოდა ეთნიკური ნიშნით ჩამოყალიბებული 65 საარჩევნო ოლქი, რომელთა გადანაწილება ხდებოდა შემდეგნაირად: 28 ოლქი უნდა ყოფილიყო აფხაზური, სადაც მხოლოდ აფხაზს აირჩევდნენ, 26 - ქართული, სადაც მხოლოდ ქართველი იქნებოდა არჩეული, და 11 - სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, სადაც არააფხაზს და არაქართველს აირჩევდნენ.  აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და იწვევს ის გარემოება, რომ 28-26-11 არ ითვალისწინებდა შესაბამისი ეთნოსების ხვედრით წილს აფხაზეთის მოსახლეობაში - აფხაზები შეადგენდნენ მოსახლეობის 17%-ს, ქართველები - თითქმის ნახევარს, დანარჩენი ეთნოსები - 30%-ზე მეტს. აფხაზეთში ნორმალური ვითარება რომ ყოფილიყო, საერთოდ არ იქნებოდა საჭირო კვოტების დაწესება. კვოტები დაწესდა ფეთქებადსაშიში ვითარების განმუხტვის, ომისა და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით. დადგენილი კვოტები არც ერთ მხარეს არ ანიჭებდა უმრავლესობას; სხვა ეროვნების 11 დეპუტატის მიმხრობის შემთხვევაშიც ვერც ერთი მხარე ვერ აგროვებდა კვალიფიციურ უმრავლესობას - ხმათა ორ მესამედს, რომელიც იყო საჭირო აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. სტატუსის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნაც ორი მესამედით უნდა მომხდარიყო. უფრო მეტიც, მთავრობის წევრი - მინისტრიც კი ორი მესამედით ინიშნებოდა. თავისთავად ცხადია, კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა ნებისმიერ ცვლილებას კონსტიტუციაში. ერთი სიტყვით, დადგენილი კვოტები და შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში საიმედოდ უზრუნველყოფდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გამოირიცხა სამართლებრივი გზით ანუ რეფერენდუმით და უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  აფხაზეთის გასვლა საქართველოს შემადგენლობიდან. ქართველებისა და აფხაზების შეთანხმების გარეშე  შეუძლებელი იყო მთავრობის ფორმირებაც. უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ირღვეოდა, ინგრეოდა თვით უზარმაზარი იმპერიის, ზესახელმწიფოს ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, საკუთარ მოქალაქეებთან - აფხაზებთან მიღწეული გონივრული კომპრომისის ფასად მოახერხა ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებისთვის სამართლებრივი ბერკეტების შექმნა.

1991 წლის ზაფხულის შეთანხმება, უმაღლეს საბჭოში ეთნიკური ნიშნით მანდატების გადანაწილებასთან ერთად ითვალისწინებდა იმავე ნიშნით წამყვანი თანამდებობების გადანაწილებასაც.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი გარანტირებულად აფხაზი უნდა ყოფილიყო, მისი პირველი მოადგილე - ქართველი. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გარანტირებულად ხდებოდა ქართველი, მისი პირველი მოადგილე - აფხაზი. ერთი სიტყვით, ისევ და ისევ გონივრული კომპრომისის წყალობით აფხაზებმა და ქართველებმა მოახერხეს ავტონომიური რესპუბლიკის მართვის ბერკეტების სრულად შენარჩუნება, ამასთანავე ძალაუფლების იმგვარად გადანაწილება, რომ სამართლებრივად ყოფილიყო დაცული გარკვეული უპირატესობები აფხაზებისთვის, რომლებიც საბჭოთა პერიოდშიც ფაქტობრივად არსებობდნენ.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო 1991 წლის 9 ივლისს განხორციელებულ ერთ-ერთ  კონსტიტუციურ ცვლილებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციამ 1990 წლის 14 ნოემბერს ძირეული ცვლილებები განიცადა, მოხდა მისი სრული, თუ ასე შეიძლება ითქვას, დესოვეტიზაცია. საქართველოს სსრ გახდა საქართველოს რესპუბლიკა, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც აღიდგინა. აფხაზეთის კონსტიტუციაში კი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობდა, შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, სეპარატისტები მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ აფხაზეთის ასსრ იყო ნაწილი საქართველოს სსრ-ის და არა დღეს არსებული საქართველოს რესპუბლიკისო. თბილისსა და სოხუმს შორის  მიღწეული შეთანხმების შედეგად აფხაზეთის კონსტიტუციაში ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. მთელ რიგ მუხლებში მოხსენიებული სიტყვები „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ შეიცვალა სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“. ცვლილება, ცხადია შეეხო აფხაზეთის კონსტიტუციის 64-ე მუხლსაც. ამ მუხლის ძველი რედაქცია ასეთი გახლდათ: „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში“. ახალი რედაქციით, აფხაზეთის ასსრ უკვე შედიოდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში - იმ რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელსაც დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული. ამრიგად, აღნიშნულ ცვლილებას არა მხოლოდ და არა იმდენად ტერმინოლოგიური, არამედ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზეთი კი რჩებოდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, მაგრამ  საკუთარი თავი მან თვითონ ცნო დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს ნაწილად, რის გაკეთებასაც ადრე არ აპირებდა. მოგახსენებთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც 1991 წლის 27 აგვისტოს განხორციელდა. აფხაზეთის კონსტიტუციის 98-ე მუხლში, რომელიც კანონების მიღების პროცედურებს არეგულირებდა, დაემატა ერთი წინადადება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული კანონებისა და სხვა აქტების მიღება უნდა მომხდარიყო კვალიფიციური უმრავლესობით. ამით მოიჭრა აფხაზეთის სტატუსის სამართლებრივი გზით შეცვლის ყველა გზა.

1991 წლის ზაფხულის შეთანხმებას ნამდვილად აქვს ისტორიული მნიშვნელობა. მან შექმნა საფუძველი არა კონფრონტაციისთვის, არამედ აქტიური თანამშრომლობისთვის. დიალოგისა და თანამშრომლობის, ორმხრივი კომპრომისების გარეშე ანუ ცალმხრივად ვერ შეიცვლებოდა აფხაზეთის კონსტიტუცია, აფხაზეთის სამართლებრივ-პოლიტიური სტატუსი, ვერ დამტკიცდებოდა მთავრობის შემადგენლობა. შეთანხმება ქმნიდა წინაპირობას იმისათვის, რომ დიალოგისა და კომპრომისების გზით მომხდარიყო იმჟამად არსებული დაძაბულობის განმუხტვა, ავტონომიურ რესპუბლიკაში საკმაოდ გამწვავებული ეროვნებათაშორისი და პოლიტიკური დაპირისპირების ქუჩიდან სახელისუფლებო დერეფნებში და კაბინეტებში გადატანა. ფორმულა 28-26-11 ეყრდნობოდა აფხაზეთში მკვიდრი (აფხაზები და ქართველები) და არამკვიდრი ერების არსებობის აღიარებას, რაც იმ კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ ეთნოპოლიტიკურ ვითარებაში წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

ყოველივე ამის ფონზე და  განსაკუთრებით დღევანდელი გადასახედიდან ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა აფხაზეთთან მიმართებაში ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ყოველმხრივ გააზრებული, მე ვიტყოდი, იმ ვითარებაში ერთად-ერთი სწორი სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში  ისმის ლოგიკური კითხვა - რატომ ბოლომდე ვერ იმუშავა ამ ერთად-ერთმა სწორმა პოლიტიკამ, რატომ მივიღეთ ის კატასტროფული შედეგი, რომელიც გვაქვს. ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემას  ჩვენი დღევანდელი მოხსენება არ ითვალისწინებს, მაგრამ მოკლე და ზოგადი პასუხის გაცემა შესაძლებელია და აუცილებელიცაა. სამწუხაროდ, დემოკრატიის ნიღაბმორგებული ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური ძალების მეცადინეობით 1991-1992 წლების მიჯნაზე განვითარებულმა ქვეყნისათვის დამანგრეველმა პროცესებმა ხაზი გადაუსვეს ეროვნული ხელისუფლების მიღწევებს, მის პოლიტიკას, მათ შორის აფხაზეთში, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, რომელიც, სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრაზე ხელმოწერილ დოკუმენტში ყოფილ სამხრეთ ოსეთად იყო მოხსენიებული. წინამდებარე მოხსენებაში სიამაყით ითქვა, რომ 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა 99.08%-მა, წინააღმდეგი იყო სულ რაღაც 0. 51%. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ სწორედ ის სულ რაღაც 0.51% უცხო ქვეყნის დახმარებითა და არნახული ძალადობით მოვიდა საქართველოს სათავეში, თანაც მოვიდა იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც, ბევრს გეხსომებათ, მოსკოვში 17 მარტს დემონსტრაციულად ხმა მისცა სსრ კავშირის შენარჩუნებას და მერე ბოიკოტი გამოუცხადა 31 მარტის რეფერენდუმს. 1991-1992 წლებში საქართველოსთვის მიყენებული ღრმა ჭრილობა დღემდე არ არის სრულად მოშუშებული. ყველა ჩვენი უბედურების, ყველა ტრაგედიის, რაც ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს თავს გადახდა,  ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არა ეროვნული ხელისუფლება, არა მისი პოლიტიკა და ვითომ გამოუცდელობა, არამედ 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენები. დიდი ხანია საქართველოს პარლამენტმა ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მისცა.

 ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას უკიდურესად მძიმე ვითარებაში და ურთულეს პირობებში უწევდა საქმიანობა, რაც დაღს ასვამდა მის მოღვაწეობას, განაპირობებდა გარკვეულ შეცდომებსაც. 1990-1991 წლები გახლდათ პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა, მართალია დასუსტებული, მაგრამ საკმარისად ძლიერი საბჭოთა კავშირი თავისი შეიარაღებული ძალებით, სხვა ძალოვანი სტრუქტურებით, მათ შორის უშიშროების სამსახურით, მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებით, მრავალრიცხოვანი აგენტურით, მათ შორის საქართველოში; ეს იყო პერიოდი, როდესაც დასავლეთი მხარს უჭერდა მ. გორბაჩოვის ე. წ. გარდაქმნის პოლიტიკას და დიდად არ თანაუგრძნობდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობებს რესპუბლიკებში, გარდა ბალტიისპირეთისა. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ხელისუფლებამ შეუძლებელი შეძლო - ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, მოვიდა ხელისუფლების სათავეში და წინასწარ გათვლილი ზუსტი, თანმიმდევრული ნაბიჯებით, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გავლით საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დე-იურე და დე-ფაქტო აღდგენამდე მიიყვანა, თანაც მიიყვანა მშვიდობიანი გზით და, რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით. ეს ყველაფერი უმოკლეს დროში გააკეთა ვითომ გამოუცდელმა ხელისუფლებამ. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, უბრალოდ უსამართლობაა, როდესაც 1990-1991 წლებში საკავშირო ცენტრის მუდმივი და უხეში ზეწოლის ქვეშ მოქმედ ეროვნულ ხელისუფლებას მავანნი დღემდე უწუნებენ დემოკრატიის ხარისხს,  ეკონომიკურ პოლიტიკას და ა. შ. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვიყავით და ვართ მოწმენი იმისა, თუ რა ტრაგედია დატრიალდა საქართველოში ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ხელისუფლებას უკანონოდ დაუფლებული ე. წ. გამოცდილი პოლიტიკოსების ხელში, როგორი დემოკრატია და ეკონომიკური აღმავლობა მოუტანეს მათ ჩვენს ქვეყანას.

პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ვასრულებთ რა მოხსენებას, მინდა გისურვოთ თქვენ, კონფერენციის მონაწილეებს, ვუსურვო სრულიად საქართველოს ის არნახული აღმავლობა და ერთიანობა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს და 9 აპრილს სრულიად საქართველომ გამოავლინა. მხოლოდ გაერთიანებული ქართველობა იყო და მომავალშიც იქნება გარანტი საქართველოს გაერთიანებისა, ივერიის გაბრწყინებისა. ამინ!