სამურზაყანოელი ბულბული - მოგონებები კონსტანტინე (კოტე) ჩიკვატიაზე

ეს პატარა წიგნი ეძღვნება აქამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ, თავის კუთხეში „სამურზაყანოელ ბულბულად“ წოდებულ ნიჭიერ კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრება ისტორიული ქართველისათვის, ჩემი აზრით, ყველაზე მნისვნელოვან ღირებულებებს მიუძღვნა - მისთვის სიმღერა და ცხენზე ჯირითი ერთნაირად ძვირფასი იყო: სიმღერაში თავისი სულის სილამაზეს ავლენდა, ხოლო ჯირითში - მხედრულ სიჩაუქესა და ვაჯკაცურ ბუნებას. . .
თუმცა, როგორც მისი თანამედროვეების მონათხრობიდან ირკვევა, კოტე ჩიკვატია, უპირველეს ყოვლისა, მაინც მომღერალი იყო, თავისი კუთხისა და სრულიად საქართველოს ხალხური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე. მისთვის ძვირფასი იყო ტრადიცია და ყველაფერი ტრადიციული - ოჯახი, მეგობარი, წეს-ჩვეულებები. . . იყო დარბაისელი, ღირსეული, პატივს სცემდა ადამიანს და ასეთსავე პატივისცემას მიაგებდნენ მას ირგვლის მყოფნი.
წიგნში შეხვდებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოგონებებს - მათ შორისაა ხელოვანიცა და მეცნიერიც, საზოგადო მოღვაწე თუ უბრალოდ, ოჯახის მეგობარი და კარის მეზობელი. მათ აერთიანებთ მთავარი - ისინი ცდილობენ გულწრფელად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბატონი კოტესადმი და მკითხველის წინაშე გააცოცხლონ ჩვენი ეროვნული კულტურის ერთი უანგარო და ერთგული მსახურის სახე.
ჩიკვატიათა გვარის ისტორიიდან
ჩიკვატიათა გვარ-სახელის ეტიმოლოგია აქამდე გამოცემულ არც-ერთ მეცნიერულ (ლინგვისტურ) შრომაში არ ყოფილა საფუძვლიაანად განხილული.
სავარაუდოდ, ამ გვარს ფუძე საკუთარი სახელიდან მოუდის. „ჩიკვა“- კაცის პირსახელი ყოფილა ძველ საქართველოში. ჩიკვატიათა საგვარეულოს ერთი ნაწილი, წინაპართა მოგონებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ოდესღაც, მათ ჩიკვაიძეთა გვარსახელი უტარებიათ.
ქართულ სიგელ-გუჯრებში ჩიკვატიათა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება - 1791 წლის 3 ივლისით დათარიღებულ ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანის წყასლობის წიგნში მოხსენიებულია გრიგოლ დადიანის წყალობის წიგნში მოხსენიებულია სოფ ორსანტიას მოსახლე კავაილა ჩიკვატია მოხსენიებულია გრიგოლ დადიანის ქალიშვილის, ლევან V დადიანის დის, მანუჩარ შარვაშიძის თანამეცხედრის, ქეთევან დადიანის მიერ ცაიშის ეკლესიისათვის ბოძებული ყმა-მამულის შეწირულობის წიგნის გამრიგედ და შუამდგომელად. ეს თანამდებობა მხოლოდ ოდიშის მთავრის კართან დაახლოებული თავადაზნაურთა ფენის წარმომადგენელს თუ შეეძლო დაეკავებინა. ტუმუია ჩიკვატია, უდავოდ, სამთავრო აზნაურთა ფენას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც რგებია შესაფერისი პატივი.
ოდიშიდან აფხაზეთ-სამურზაყანოს სოფლებში სამოსახლოდ ჩიკვატიათა ნაწილი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მე-2 ნახევარში უნდა გადასულიყო. ამის დასტურია 1865 წლით დათარიღებული სამურზაყანოს მოსახლე გლეხების მებატონეთადმი არსებულ ვალდებულებათა ნუსხა, რომელიც სოფლების მიხედვითაა დალაგებული. იმ თავიდან, რომელიც სოფელ ნაბაკევს (გალის რაიონი) შეეხება, ვიგებთ:
„ . . . სოფელი ნაბაკევი. აზნაურ ჩიკვატიევთა (ჩიკვატია) გლეხები მუშაობენ ჩიკვატიევთან (ჩიკვატია), როგორც ეკლესიის წინამძღვართან - 4 დღე. . .“
1904 წელს ჩატარებული კამერალური აღწერის დავთრის მიხედვით, ორსანტიას (ზუგდიდის რაიონი) მოსახლე ჩიკვატიები აზნაურთა ფენას მიეკუთვნება. უკვე XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან მრავლადაა შემონახული სხვადასხვა ხასიათის საბუთი, რომელშიც ჩიკვატიები უმეტესწილად აზნაურის ხარისხში არიან მოხსენიებულნი და ჩანან „ვითარცა ერთგულნი და მისანდონი სამეგრელოს მთავართა, ეპისკოპოსთა, თავადთა, აზნაურთა და უაზნოთა“.
სწორედ ამ შესანიშნავი გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ბატონი კონსტანტინე (კოტე) ჩიკვატია.