აფხაზეთის ლაბირინთი.
ვახტანგ ყოლბაია, რაფაელ გელანტია, დავით ლაცუზბაია, თეიმურაზ ჩახრაკია

ოდესმე ჩვენი შვილები, შვილიშვილები გვკითხავენ ჩვენ, თუ რა მოხდა აფხაზეთში XX საუკუნის ბოლო ათწლეულში. პასუხი შეიძლება უბრალოც იყოს: დაპირისპირება აფხაზეთში საუკუნეთა განმავლობაში ერთად მცხოვრებ ქართველთა და აფხაზთა შორის; ომი, აურაცხელი სისხლი და ცრემლი, რომელიც სამარადჟამოდ შევა შავ ლაქად საქართველოს ისტორიაში.
მაგრამ ეს ძალზე ცოტაა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, მომავალმა თაობამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არ იცოდეს სრული სიმართლე აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, ან იცოდეს ნახევარსიმართლე, ან სიყალბე, რასაც ასე უხვად ავრცელებენ ისტორიის ფალსიფიკატორები, აგრეთვე ტენდენციური მედროვეები, რომლებიც უბრალო ადამიანთა უბედურების ხარჯზე ცდილობენ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მერკანტელური დივიდენდების მოპოვებას.
თუმცა აფხაზეთის ლაბირინთიდან გამოსვლა დღემდე გაჭიანურდა, - ეს დროც დადგება. სიმართლე, როგორიც ის არის, და სრული ჭეშმარიტება, უპირველესად, ქართველებსა და აფხაზებში უნდა გაცნობიერდეს, რათა, მომავალში აღარასოდეს განმეორდეს.
ჩვენი წიგნი, რომელსაც ოდნავაც არა აქვს კონფლიქტთან დაკავშირებით ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხის პრეტენზია, შეიქმნა საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით დროებით კომისიაში თავმოყრილი ობიექტური (ესეც შეიძლება ჩაითვალოს სუბიექტურ მოსაზრებათ) წყაროების საფუძველზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აფხაზეთის მოვლენების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი ავტორების პირად არქივებზე დაყრდნობით. მასში შეძლებისდაგვარად არის აღდგენილი აწ უკვე ისტორიის კუთვნილებად გამხდარი დღეებისა და წლების სასტიკი რეალობა, განვლილი ომის საშინელება, რომელშიც გამარჯვებული არც ქართველი და არც აფხაზი არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო.
ჩვენ, ქართველებსა და აფხაზებს, უფალმა გვარგუნა ერთად ცხოვრების ბედნიერება და უბედურებაც. ამ რეალობის ძალადობრივი შეცვლის მცდელობისათვის ღვთის სასჯელს დავიმსახურებთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, გადაგვარებითა და უცხოტომელთა უკიდეგანო ოკეანეში შთანთქმით განსრულდება.
სანამ გვიან არ არის. აფხაზეთის ლაბირინთიდან გამოსასვლელი უნდა მოინახოს: აღდგეს დარღვეული ბუნებრივ-ისტორიული და ეთნიკური არეალი; გამთლიანდეს მტრობით ჩატეხილი ხიდები; დამწვარ-განადგურებული ქალაქები და სოფლები; მშვიდობამ და თანხმობამ დაისადგუროს ჩვენს სულებსა და გულებში.
ქართველი და აფხაზი საუკუნების მანძილზე ერთად ცხოვრებამ დააახლოვა ერთმანეთს, ნათესავებად აქცია. ამიტომ მათ შორის წარმოქმნილი პრობლემის გადაწყვეტაში დიალოგს ალტერნატივა არა აქვს!
ცხოვრება გრძელდება. მზე კვლავ ამოდის და ჩადის, თუმცა, უცვლელი არაფერი დარჩა. ჩვენც შევიცვალეთ, ადრინდელზე განსხვავებულად ვაფასებთ მომხდარს და გამოსავალს ვეძებთ. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა, ამ გზაზე არა გვაქვს უფლება, დავივიწყოთ, რაც თავს დაგვატყდა 1992-1993 წლებში და დღემდე ბოლო არ უჩანს მას.
დრო და ისტორია, თაობები განსჯიან მტყუან-მართალს, მაგრამ ეს არ არის მთავარი; მთავარია, ჩიხიდან გამოვიდეთ, შედგეს დიდი შერიგება აფხაზთა და ქარველთა შორის.
ამის შემდეგ შეგვიძლია გულწრფელად მოვუთხროთ მომავალ თაობებს ის, რაც სინამდვილეში იყო, ის, რის გამოც ურთულეს ბნელ ლაბირინთში აღმოვჩნდით, სადაც მზესა და ნათელს ჭრაქით დავეძებთ ჯვარცმული აფხაზეთის ბედკრული შვილები.
თუ რამდენად შევძელით სათქმელის თქმა, დაე, მკითხველმა განსაჯოს.