ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების შესახებ.
ნონა შონია

ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში 2020-2021 სასწავლო წელს საგანმანათლებლო და კულტურულ-აღმზრდელობითი დაწესებულებების რაოდენობა არ შეცვლილა. ფუნქციონირებს:
- 30 სკოლა (28 - ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო, 2 -საჯარო);
- 9 სკოლამდელი დაწესებულება;
- 5 სახელოვნებო სკოლა (4 სამუსიკო, 1-სამხატვრო).
- მოსწავლეთა რაოდენობა სკოლებში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3803-ს, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით.
- საბავშვო ბაღებში ირიცხება 557 აღსაზრდელი, სახელოვნებო სკოლებში - 240.
- 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 960 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი. მათ შორის: მასწავლებელი - 773, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი - 187. აქედან 28 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში - 913 მასწავლებელი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; 2 საჯარო სკოლაში (აფხაზეთის N13 და N16 ნაბაკევსა და მეორე ორტობაიაში) - 40 პედაგოგი, 7 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
- 9 საბავშვო საბავშვო ბაღში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში დასაქმებულია 181 ბენეფიციარი. მათ შორის 89 პედაგოგი, 92 ტექნიკური პერსონალი.
ახალგაზრდების ხელშეწყობა
2020 წლის განმავლობაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2009 წლის N147 ბრძანებით მიღებული ,,განათლების აღიარების წესის’’ თანახმად, განათლების აღიარების კომისიის სხდომებზე აღიარებულ იქნა : 305 სრული ზოგადი განათლება, 5-საბაზო განათლება, 31 - სხვა კლასში მიღებული განათლება.
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, აფხაზეთის ა/რ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აბიტურიენტების ელექტრონულად დარეგისტრირების და გალის რესურსცენტრის მიერ მომზადებული მონაცემების გადაცემის შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით, მიმდინარე და წინა წლების 385 კურსდამთავრებული ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ,,ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ შესაბამისად (ბრძ. N77/ნ . 07.07.2020 ).
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის N101 /ნ ბრძანების ,,საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ თანახმად, მაგისტრატურაში ჩაირიცხა და ფინანსდება 25 სტუდენტი, რომელიც დარეგისტრირებული იყო ეროვნულ გამოცდებზე და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ვერ გადმოვიდა გამოცდების ჩასაბარებლად.
მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებსა და კონკურსებში
flex_ის პროგრამით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლის 8 მოსწავლე. აქედან გაიმარჯვეს: ანა კვარაცხელიამ - საბერიოს N2 საშუალო სკოლა; მარიამ ფაცურიამ - ოტობაიის N1 საშუალო სკოლა. კოვიდპანდემიის გამო მათი გამზავრება აშშ-ში გადაიდო.
,,Berta von Suttner Peace Prize/ ბერტა ფონ ზუტნერი - ,,ევროპა საქართველოში’’-ესეების კონკურსი. გამარჯვებულები: ლექსო შარია - ოტობაიის N1 სკოლა (I ადგილი და პრემია 200 ევრო); ლუკა ახალაია - ქ. გალის N2 სკოლა (III ადგილი და პრემია 100 ევრო).
2020 წლის 15 ოქტომბერს პროექტ „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ერთდღიანი სემინარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ღონისძიებას დაესწრო ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების 30 კურსდამთავრებული. ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ:
- აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ასლან აბაშიძე;
- სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი;
- სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია;
- გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.
სემინარის ბოლოს ახალგაზრდებმა მწერალ დავით ტურაშვილან ერთად დაათვალიერეს ძველი თბილისი.
ზრუნვა პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, ტრენინგები
საანგარიშო პერიოდში, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით,
- 30-ვე სკოლის პედაგოგებს ჩაუტარდა ტრენინგები ზუმის აპლიკაციით გაკვეთილების ჩატარებისა და საგანმანათლებლო აქტივობების გამოყენების მიმართულებით.
- ნაბაკევსა და მეორე ოტობაიაში ფუნქციონირებადი აფხაზეთის N13 და N16 საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის მასწავლებლები ზუგდიდში, მესხიას სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩავრთეთ ,,USAID - საბაზისო განათლების პროგრამა’’ - ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგებში. პროგრამა მიზნად ისახავს დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებულ მდგრადი რეფორმის განხორციელებას.
- საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2020 -ში’’ რესურსცენტრის ორგანიზებით ჩართული სკოლებიდან ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მიიღეს თაგილონის, ოტობაიის N1 და ნაბაკევში აფხაზეთის N13 საჯარო სკოლების გარემოს ნორჩ დამცველთა კლუბებმა. ქალაქ ზუგდიდში ჩატარებულ შეჯიბრში ფინალში გავიდა ოტობაიის N1 საშუალო სკოლა. დეკემბერში ჩატარებულ ტრენინგში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2021-განათლება მდგრადი განვითარებისათვის’’ დისტანციურ რეჟიმში ჩართულ იქნა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლის 28 მასწავლებელი.
მუშაობის გაგრძელება დისტანციურად
ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში პანდემიის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლის ოქტომბრიდან. მიღებული ინფორმაციით, მეცადინეობის განახლებას ვარაუდობენ თებერვლის შუა რიცხვებიდან.
გალის რაიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დღის წესრიგში დააყენა მოსწავლეებთან დისტანციური მეცადინეობის საკითხი. პედაგოგებმა, ვისაც წვდომა აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, მიიღეს გამოწვევა და შეუდგნენ მეცადინეობას ზუმის და მესენჯერის, მობილური ტელეფონების გამოყენებით. რესურსების დასადგენად, აპრილში ჩატარებულ იქნა მნიშვნელოვანი მოკვლევა როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. დადგინდა, რომ:
- გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებადი 30 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 3864 მოსწავლიდან კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ 1648 მოსწავლეს. ინტერნეტის გარეშე რჩებოდა - 2216 მოსწავლე. ინტერნეტთან წვდომის მქონე 1648 მოსწავლიდან გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტარდა მხოლოდ 873 -ს, რადგან დანარჩენი 775 მოსწავლის უმუშევარ და ეკონომიურად ღარიბ მშობლებს არა ჰქონდათ თანხის გადახდის და ინტერნეტპაკეტის ხშირად შეძენის საშუალება (შეძენილი პაკეტები მალე ეწურებოდათ) .
- სკოლებში დასაქმებული 756 პედაგოგიდან ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ 535-ს. Wi Fi ჰქონდა 268-ს. ლეპტოპით მუშაობდა 128, სმარტფონით - 325, სამაგიდო კომპიუტერით-55, პლანშეტით-27. ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ ჰქონდა 221 პედაგოგს.
- სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა, მშობლების დახმარებით უზრუნველყვეს მოსწავლეების დასწრება პირველი არხის ტელეგაკვეთილებზე, თუმცა გაირკვა ისიც, რომ ზოგიერთ სოფელში ამ არხს ვერ უყურებდნენ.
უწყვეტი ულიმიტო ინტერნეტის და ტექნიკური საშუალებების უქონლობამ, არასათანადო პირობებმა გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებს არ მისცა საშუალება , სრულად ჩართულიყვნენ საქართველოს საჯარო სკოლებისათვის შექმნილ სპეციალურ საგანმანათლებლო პლატფორმაში და განეხორციელებინათ სწავლება, ასევე, სრულფასოვნად შეეწყოთ ხელი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პროექტის ,, კლასგარეშე დისტანციური სწავლება’’ განხორციელებისათვის. გალელმა პედაგოგებმა, მშობლების დახმარებით, გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საგანგებო ვითარებაში, მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი და რთული პირობებისა, დისტანციურად შეძლეს გაკვეთილების ჩატარება. ინტერნეტისა და კომპიუტერის არმქონე მოსწავლეთათვის დაგეგმეს და დისტანციის სრული დაცვით ეცადნენ პროგრამული მასალის გადაცემას, ჩამორჩენის დაძლევას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის“ 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინსტრუქციის/ბრძანებების თანახმად, 16 -20 ნოემბერს გალის რაიონის სხვადასხვა სკოლის მაღალი საფეხურის 61 მოსწავლე დარეგისტრირდა დისტანციურად, 2020 -2021 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ( ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ონლაინ/ელექტრონულ რეჟიმში მონაწილეობის მისაღებად. პირველ ტურში მონაწილეობდა 39 მოსწავლე, მეორე ტურში გადავიდა - 7 მოსწავლე.
პანდემიის პირობებში მუშაობის სირთულემ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა გალის რაიონში არსებული ურთულესი პირობები, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა ინტერნეტითა და კომპიუტერებით სკოლების, მოსწავლეების, მასწავლებლების უზრუნველყოფის, კომპიუტერული ცოდნის დონის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარების აუცილებლობის და სხვა საკითხი.
სტუდენტებისადმი გაწეული დახმარება პანდემიის პირობებში
- ზემდგომის დავალებით, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა აპრილის თვეში მოიკვლია ენგურს აქეთ, მშობლების დახმარების გარეშე დარჩენილი გაჭირვებული სტუდენტების საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონები, პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 242 სტუდენტს საქართველოს მთავრობის ადმიისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალათო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, გაეწია ფულადი დახმარება ( საქართველოს განათლების სამინისტრომ 150 ლარი უნივერსიტეტების მეშვეობით ჩაურიცხა თითოეულს), გადაეცა საკვები პროდუქტები. სოციალურად დაუცველის ოფიციალური სტატუსის მქონე 31 ახალგაზრდას, აფხაზეთის ა/რ მთავრობამ პირად ანგარიშზე გადაურიცხა 150 ლარი, ზუგდიდში მყოფ 20 სტუდენტს გადასცა საკვები პროდუქტები.
- მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზაფხულო არდადეგების პერიოდში გადასული სტუდენტების, საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით. დადგინდა თითოეულის ადგილსამყოფელი ( ქალაქი/სოფელი), საკონტაქტო ტელეფონი. ხელისუფლების დახმარებით, ორგანიზებულად, კონტროლირებად ტერიტორიაზე 651 სტუდენტიდან გადმოყვანილ იქნა 576. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირადი მიზეზით დარჩა მხოლოდ 75 სტუდენტი. გადმოყვანილ იქნა აგრეთვე საჯარო სკოლების და სკოლამდელი ასაკის 112 ბავშვი მშობლებთან ერთად. აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოსთან (უფროსი კ. ბასარია) თანამშრომლობით ანაკლიას, წყალტუბოს, განმუხურის, ბათუმის სხვადასხვა საკარანტინო სივრციდან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის დავალებით, განხორციელდა თითოეულის ტრანსპორტირება ზუგდიდისა და თბილისის მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში მათი დროულად გამოცხადებისა და ხელშეწყობის მიზნით.
გალის რესურსცენტრმა მოამზადა და სამინისტროს გადასცა შუამდგომლობის წერილი 2019 წელს ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო უგამოცდოდ, პირობითად ჩარიცხული, დაფინანსების გარეშე დარჩენილი სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით
(აღნიშნულ წელს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული 110 სტუდენტიდან დაფინანსდა მხოლოდ 61. დანარჩემა სტუდენტებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ინტერნეტის უქონლობის გამო, ვერ შეძლეს სასწავლო პროცესში ონლაინ ჩართვა და კრედიტების მოგროვება, რის გამოც შეუწყდათ დაფინანსება).
ცნობილია, რომ ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსასვლელი ერთადერთი გზა - ენგურის ხიდი ჩაკეტილია 2020 წლის 27 თებერვლიდან. ამ სასიცოცხლო გზის ჩაკეტვამ კიდევ უფრო გააუარესა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური პირობები, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა მოსწავლე ახალგაზრდობაში.