ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - აფხაზეთი - უძველესი დროიდან დღემდე.
ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე განმაზოგადებელი მეცნიერული ნაშრომის მომზადება და სხვადასხვა ენებზე გამოცემა მეტისმეტად გაჭიანურდა. ასეთი ნაშრომის შექმნის აუცილებლობა კი მრავალი გარემოებით არის ნაკარნახევი. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მუდმივი მცდელობა, ჩამოაშოროს საქართველოს თავისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გახდა აფხაზეთისა და მასთან ერთად მთლიანად დასავლეთ საქართველოს ისტორიის პოლიტიზაციის, შესაბამისად, ისტორიული წარსულის უხეში ფალსიფიკაციის მიზეზი. სწორედ გაყალბებული ისტორიის საფუძველზე, ლოზუნგით „აფხაზეთი – საქართველო არ არის”, XXს. დასაწყისში აღმოცენდა თანამედროვე აფსუურ-აფხაზური პოლიტიკური სეპარატიზმი – რუსული იმპერიალიზმის ერთერთი ნაირსახეობა და მისი დასაყრდენი საქართველოში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აფხაზეთში დღეს არსებული უკანონო რეჟიმი და მისი მფარველები ოდითგანვე ქართული რეგიონის „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის” საფუძვლად „ხალხის ნებასთან” ერთად, ისტორიას, „ისტორიულ უფლებას” ასახელებენ. ამ „უფლების” დასაცავად სეპარატისტულად განწყობილმა ავტორებმა (ს.ლაკობა, ო. ბღაჟბა, ვ. ჩირიკბა, მ. გუნბა, ვ. ჰაგბა, გ. ოთირბა, ნ.აკაბა, ე. აჯინჯალი, ი. მარუხბა, თ. აჩუგბა, დ.დბარი, ს.შამბა, თ.ძაფშბა და სხვებმა) რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნეს ათობით ტენდენციური ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები. ხსენებულ ავტორთა გამოცემებს მეცნიერული ღირებულება პრაქტიკულად არ გააჩნია. სეპარატისტები თავიანთი ფანტასტიკური „დასკვნებით” უფრო ილუზორულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან, ვიდრე მეცნიერებას. ყალბი ისტორიოგრაფია სეპარატისტული ხელისუფლების განსაკუთრებული მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ იმყოფება.
ქართული ისტორიოგრაფია კი, სამწუხაროდ, ძლიერ ჩამორჩა მოვლენებს. მიუხედავად დიდი პოტენციალისა, დამოუკიდებელ საქართველოში მან ჯერ ვერ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. სათანადოდ არ არის გაცნობიერებული ისტორიოგრაფიის მნიშვნელობა ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური და იდეოლოგიური საფრთხეებისაგან ქვეყნის დაცვის, აწმყოსა და მომავლის უკეთესად გააზრების საქმეში. ამ პირობებშიც აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილმა არაერთმა საყურადღებო ნაშრომმა იხილა მზის სინათლე. თუმცა აშკარაა, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ დღემდე ვერ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა ცალკეული საკვანძო პრობლემებისადმი; ბოლომდე არ არის დაძლეული საბჭოთა ისტორიოგრაფიის ნეგატიური გავლენა ისეთ პრობლემათა კვლევისას, როგორებიცაა ანტიკური ხანის კოლხეთის//ეგრისის სამეფოს ეთნოპოლიტიკური ისტორია, ქართველი და აფხაზი ხალხების ეთნოგენეზისი და ა.შ. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა და შემდგომი პერიოდის ისტორიის გაშუქებაზეც.
ავტორთა კოლექტივის ამოცანას წარმოადგენდა აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის(და არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთის, რომლის საზღვრები ყოველთვის არ ემთხვეოდა მის ამჟამინდელ ფარგლებს) უპირატესად ეთნოპოლიტიკური ისტორიის გაშუქება, არგუმენტირებული პასუხის გაცემა სეპარატისტ-ფალსიფიკატორებისათვის. მთავარი არგუმენტი კი ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებია, რომელთა ცნობებითაც გაჯერებულია წარმოდგენილი ნაშრომი. გამოკვლევის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში გამოყენებულია როგორც ისტორიკოსებისა და არქეოლოგების, ისე ანთროპოლოგების, ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტებისა და ლინგვისტების უკანასკნელი მეცნიერული მიღწევები.
წინამდებარე ნაშრომს არანაირი კავშირი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე პოლიტიკასთან, აფხაზეთის მომავალი სტატუსის განსაზღვრასთან. ნარკვევის მიზანს წარმოადგენს არა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე ზემოქმედება მისი გაუმჯობესების, მით უმეტეს გაუარესების თვალსაზრისით, არამედ ისტორიული სინამდვილის აღდგენა. ვინაიდან ქართველ და აფხაზ ისტორიკოსთა მოსაზრებები ამ ეტაპზე სრულიად შეუთავსებელია, თანამშრომლობა მათ შორის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ავტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, მომავალში ითანამშრომლონ მეორე მხარესთან.